უკრაინაში დააკავეს პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი

ვიქტორ მედვედჩუკი, 2021 წ. 12 ოქტომბერი.

უკრაინაში დააკავეს პუტინის ნათლიმამა, ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მანამდე პრორუსული ორიენტაციის მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, არის უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელსაც მჭიდრო პირადი ურთიერთობები აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

19 თებერვალს მედვედჩუკისა და მისი ცოლის, ოქსანა მარჩენკოს ქონება დააყადაღა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბჭოს მიერ შემოღებული სანქციები აუმოქმედა სახალხო დეპუტატს ფრაქციიდან „ოპოზიციური პარტია - სიცოცხლისთვის“ და მედვედჩუკის თანამებრძოლს, ტარას კოზაკს. სანქციები აუმოქმედდა ასევე რვა იურიდიულ პირს და უკრაინაში მაუწყებლობა აეკრძალა მათ კუთვნილ ტელეარხებს, „112 უკრაინას“, NewsOne-სა და ZiK-ს.

მედვედჩუკი სადღეღამისო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მაგრამ მოგვიანებით მას სასჯელის ზომა შეუცვალეს. 26 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ ნაციონალურ პოლიციას დაავალა, შეემოწმებინა, იყო თუ არა მედვედჩუკი მისამართზე, სადაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მაგრამ მედვედჩუკი ადგილზე არ აღმოჩნდა.