სანამ იქნება ომი, აქედან ფეხს არ მოვიცვლი - ინტერვიუ ქართველ სნაიპერ დარეჯან მაისურაძესთან უკრაინიდან

დარეჯან მაისურაძე

დარეჯან მაისურაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, დასავლეთ უკრაინაში, ტერიტორიულ დაცვაში მსახურობს.

"ომის დაწყების დღესვე გავფორმდი. დავურეკე უკრაინის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსს. მიცნობენ დიდი ხანია და იცოდნენ, რომ სნაიპერი ვარ. ვუთხარი: გამომიყენეთ, რაშიც დაგჭირდეთ-მეთქი… ჯერ ასეთი საჭიროება არ არის, რომ 63 წლის ქალი პირველ ხაზზე გაგიშვათ, ტერიტორიულ დაცვაში დაგვეხმარეო, ბლოკპოსტებზე ვარ, ძირითადად", - ჰყვება დარეჯანი.

1992-1993 წლებში ის აფხაზეთის ომში იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ 4-კაციან დანაყოფში, რომელშიც მხოლოდ სნაიპერები იყვნენ.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს დარეჯან მაისურაძე ჩერნოვციში იყო, რუმინეთის საზღვართან ახლოს, დღეს დევნილებით გადავსებულ ქალაქში, სადაც თავად 2009 წლიდან ცხოვრობს.

ქალბატონო დარეჯან, პირველ რიგში, რა არის თქვენი ყოველდღიური, მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე?

ქალაქში ვპატრულირებთ და სხვადასხვა ობიექტს ვიცავთ. ხან მოხალისეებს ვეხმარებით პროდუქტებით მომარაგებაში, ხან დევნილებს ვაბინავებთ. დილის 6-ზე ვიწყებთ და ხანდახან 24 საათი ვერ შევდივართ სახლში. [ჯგუფში] სამი მოქმედი და სამი ყოფილი პოლიციელი ვართ. ამას წინათ, ადგილობრივი დივერსანტები დავაკავეთ ხიდის ქვეშ. იმ ხიდს იღებდნენ [კამერით], რომელზეც მატარებელი გადადის.

ახალგაზრდა გოგო-ბიჭი იყო და ვკითხე, რამდენს გიხდიან, სამშობლოს რამდენად ყიდით-მეთქი. მართლა მაინტერესებდა. 40 ათასი გრივნაო, 1 200 დოლარიც არ არის. ისე გავბრაზდი… ძლივს დამაკავეს ბიჭებმა.

6 თვეა, რაც ქალაქში მუშაობდნენ. ყველა ობიექტები გადაცემული ჰქონდათ. უმეტესობა რუსები იყვნენ. 12-15 კაცი აიყვანა ჩვენმა ჯგუფმა.

Your browser doesn’t support HTML5

ინტერვიუ ქართველ სნაიპერ დარეჯან მაისურაძესთან უკრაინიდან

როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას?

შეეგუენ, რა უნდა ქნან?

შვილები და შვილიშვილი თბილისში არიან და ტელეფონით ველაპარაკები.

32 წლის ეკონომისტი გოგო მყავს და 33 წლის ბიჭი, რომელიც კალათბურთელია. რძალი უკრაინელი მყავს. ჩემი ბიჭი აქ თამაშობდა კალათბურთს და აქ გაიცნეს ერთმანეთი 8 წლის წინ…

პირველად ძალიან შეეშინდათ, პანიკაში ჩავარდნენ. მერე მითხრეს, რა ვალდებულებაა შენი მანდ ყოფნაო. ვუთხარი, რომ არის ვალდებულება, იმიტომ, რომ მე პირადად ვიყავი იმ უკრაინელების გვერდით, რომლებიც საქართველოს ეხმარებოდნენ [აფხაზეთის ომში].

1992-93 წლებში ჩვენთან ბევრი უკრაინელი იბრძოდა. პირადად ვიცნობდი მფრინავებს, რომლებსაც ქართველები გამოჰყავდათ. დნეპროპეტროვსკიდან იბრძოდა სერგეი, თავის ორ ვაჟთან ერთად, გვარი აღარ მახსოვს, სამწუხაროდ, ბევრი დრო გავიდა. უმცროსი ბიჭი მოუკლეს. წავიდნენ, დაასაფლავეს და უკან დაბრუნდნენ. გავოცდი. სერგეი, ასეთი უბედურება დაგემართათ, ასეთი სიმწარე ნახეთ და უკან დაბრუნდით-მეთქი? იცი რაო? თუ ახლა მათ არ გავაჩერებთ, დნეპრთან მოგვიწევს მათი გაჩერებაო. უკრაინაში ვერ გაბედავენ-მეთქი. ცუდად იცნობთ რუსებსო, მითხრა... ეს ომი რომ დაიწყო, მაშინ ამომიტივტივდა მისი სიტყვები.

ბავშვებს ხოცავენ, აუპატიურებენ. ისეთი საზიზღრობები ხდება, საშინელებები. ჩვენთან ახლა ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ბავშვებს, რომლებსაც ამ დღეებში დედები მოუკლეს და გააუპატიურეს, თვითონაც გააუპატიურეს. ეს ბავშვები მგონი ბავშვები აღარ არიან, ერთ დღეში დაბერდნენ. სათამაშოს ხელს არ კიდებენ, აღარ თამაშობენ. ამ ბავშვებს მხოლოდ მშობლები კი არ დაუხოცეს, ბავშვობა წაართვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი ვიყავი და ვარ ამ ქვეყანაში, ყველა მეტად რამაც მე გამაოცა, ამ ერის თანადგომაა. არავინ არ ელოდა ამას, რუსებიც. მაგათ 3-4 დღეში ჰქონდათ უკრაინის აღება გათვლილი. ხალხი დგას, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან, ერთმანეთს უნაწილებენ ყველაფერს. აქ აღარ არის სხვადასხვა პარტია. ყველა პარტია ერთია - ქვეყნის დაცვის და ომის მოგების პარტია. ძალიან მინდა, რომ ოდესმე ჩემს ქვეყანაში ვიხილო ასეთი თანადგომა ერთმანეთის მიმართ.

როგორც აფხაზეთის ომის მონაწილემ, შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ 1992-93 წლების და მიმდინარე ომი უკრაინაში? რა განსხვავებაა, რა არის საერთო?

განსხვავებას ვერ ვხედავ, მასშტაბების გარდა. ყველა ის სისასტიკე, რასაც ახლა რუსები სჩადიან უკრაინაში, იყო ჩვენთან, უფრო მეტიც კი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი როგორ გახდით?

თავიდან რიგითი მილიციელი ვიყავი, მერე არასრულწლოვანთა ინსპექციის ინსპექტორი, შემდეგ უბნის ინსპექტორი, უბნის უფროსი ინსპექტორი, ვაკის რაიონის კადრების უფროსი, კადრების უფროსი დიდუბე-ჩუღურეთის, მოადგილე კადრების დარგში და ბოლოს დიდუბე-ჩუღურეთის აპარატის უფროსი. საქართველოს შსს-ში 26 წელი ვიმუშავე.

სროლა მანამდე ისწავლეთ სანამ ომში წახვიდოდით?

შეჯიბრებებზე, რომელიც ეშერაში, სოხუმში გვქონდა ხოლმე. ბოლო შეჯიბრება 1986 წელს იყო, მე რომელშიც ვმონაწილეობდი. მერე ომიც დაიწყო.

ახლა თქვენი იარაღი გაქვთ თუ უკრაინის მთავრობამ გადმოგცათ?

საქართველოში სამი იარაღი მაქვს ტარების უფლებით, მაგრამ, რაც აქ მაქვს, ეს უკრაინის მთავრობამ გადმომცა.

სნაიპერის ერთადერთი ამოცანა მოწინააღმდეგე ჯარისკაცის მოკვლაა, თუ შეიძლება კიდევ რამე სხვაც ჰქონდეს?

სნაიპერის ამოცანა მხოლოდ მოწინააღმდეგის განადგურება არაა, არამედ გვერდზე მყოფის დაცვა. ჩვენ უფრო სწრაფად ვრეაგირებთ, უფრო სხვანაირად ვხედავთ მოძრავ წერტილებს. ვინც იბრძვის ფრონტის წინა ხაზზე, მას აქვს თავისი წერტილები, საიდანაც აკონტროლებს და თავის ობიექტებს იცავს. სნაიპერს აქვს თავისი ადგილი, რომელიც მის გარდა არავინ იცის. თვითონ ირჩევს სად იჯდეს. მტერმა ვერ უნდა წარმოიდგინოს რომ იქ შეიძლება ჩასაფება იყოს.

თქვენ გარდა თუ არიან კიდევ ქალები, რომლებიც უშუალოდ საბრძოლო დავალებებს, საბრძოლო ამოცანებს ასრულებენ?

მოქმედი პოლიციელი ქალები ბევრნი არიან, მაგრამ ყოფილი მე ვარ მხოლოდ და ისიც ქართველი.

ომამდე რას საქმიანობდით?

საერთო გამაჯანსაღებელ მასაჟებს ვაკეთებ. აქ, უკრაინაში ერთმა ებრაელმა ქალმა მასწავლა.

ქალბატონო დარეჯან, 60 წელი საპენსიო ასაკია ქალისთვის საქართველოში, თქვენ 63 წლის ომში წახვედით. როგორც ჩანს, ასაკი თქვენთვის დაბრკოლება არ ყოფილა, მაგრამ, მაგალითად, სროლისას თვალი უწინდელივით გიჭრით?

მე ვკითხულობ და ვისვრი სათვალის გარეშე. ერთი სასაცილო რამ მინდა მოგიყვეთ. ჩერნოვციში ჩემი შვილიშვილი ტირში სროლაზე წავიყვანე. შევედით და განათება რატომ არ გაქვთ ნიშნულებზე-მეთქი. საკმაო განათებაა, ვინც სროლა იცისო. 20 ტყვია მომეცით-მეთქი. ავდექი და სულ ყველა წავაქციე და ვუთხარი, აარჩიეთ ახლა ყველაზე კარგი სათამაშო და ჩემს შვილიშვილს მიეცით-მეთქი. ეს კაცი გამოშტერებული მიყურებს და აი, ახლა განათება რომ მქონოდა მე იქ, ხომ გული გამისკდებოდაო.

ქალბატონო დარეჯან, იმის გამო რომ თქვენ ძალიან სფეციფიკური საქმიანობა გაქვთ, ხომ არ არის საფრთხის შემცველი ვინაობის გამჟღავნება და ჟურნალისტებთან ღიად საუბარი?

ჩემი ვინაობა აქ 2014 წლიდან იციან,საქართველოში 1982 წლიდან. ასე რომ, საფრთხეს ვერ ვხედავ.

რამდენი ხანი აპირებთ უკრაინაში ყოფნას და ბრძოლას?

სანამ იქნება ეს ომი, აქედან ფეხს არ მოვიცვლი და თუ საჭირო გახდება, წინა ხაზზეც გავალ.