ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსების წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია "ოსკარი"

ევროპოლის შტაბ-ბინა ჰააგაში. 2020 წელი.

ევროკავშირის საპოლიციო სამსახურმა, ევროპოლმა დაიწყო ოპერაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქცირებული რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გამოვლენის და გაყინვის მიზნით.

ევროპოლის ოფიციალურ ვებსაიტზე 11 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოპერაცია, სახელწოდებით „ოსკარი“, სულ მცირე ერთ წელს გაგრძელდება.

ოპერაციის კიდევ ერთი მიზანია, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაეხმაროს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციებისთვის გვერდის ავლის სავარაუდო შემთხვევების გამოძიებაში.

ოპერაციის მსვლელობისას ევროპოლი ითანამშრომლებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის და იუსტიციის სააგენტოებთან.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა უპრეცედენტო ფინანსური, ეკონომიკური და პერსონალური სანქციები აამოქმედა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენების და მათი ოჯახების წევრების და რუსეთის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ პუტინთან დაახლოებული წრის ტყვეები

სანქციების სიაში მოხვედრილი პირების არაერთი ქონება უკვე დაბლოკილია, თუმცა, ბევრ მათგანს ფარული აქტივებიც აქვს.