სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის (SEDE) წევრებმა. დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკას მანდლმა, რომელიც ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა ("ევროპის ხალხთა პარტია“, (EPP)/ავსტრია), არაერთხელ გააკეთა აქცენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის.
ლუკას მანდლი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მყარ და ერთსულოვან მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ევროპარლამენტარმა ილაპარაკა დღევანდელი დღის, 11 აპრილის შესახებ, რადგან საქართველოს გადაეცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი. როგორც მან აღნიშნა, ეს არის დასაწყისის დასაწყისი. მისი შეფასებით, კითხვარის შევსება საქართველოს მოქალაქეების ინტერესშია. „აშკარაა თუ რა არის საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის. არ არსებობს რეცეპტი ან რაღაც გამოკვეთილი, გამზადებული მოდელი. ჩვენ ვიცით, რომ არის ხელშეკრულებები, ევროკავშირის კანონმდებლობა, რაც არის ღერძი ევროკავშირისა, შემავსებელი იდეები, მოსაზრებები, რომელთა დამკვიდრებასაც ვცდილობთ ჩვენს საპარლამენტო მოღვაწეობაში, ევროპარლამენტში, მაქსიმალურად“, - დაამატა მან.
მანდლი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივას. „ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის ამოცანაა, მაგრამ, როგორც ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, ნამდვილი და რეალური პარლამენტის ფუნქციაა, რომ იყოს გადაწყვეტილებების და მოგვარების შემადგენელი ნაწილი“, - განმარტა ევროპარლამენტარმა. ის მოუწოდებს პარლამენტს, ყველაფერი გააკეთოს პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობისთვის.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მივაღწიოთ წარმატებას. ეს არის საქართველოს ხალხის ინტერესებში“, - თქვა მან.
ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ცალკე გამოყო საქართველოში მოქმედი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია(EUMM). ის მისიის წარმომადგენლებთან ერთად გეგმავს „ადმინისტრაციულ ხაზთან“ გამგზავრებას.
„როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მისია EUMM-ის სახით, რომელსაც წლებია წვლილი შეაქვს უსაფრთხოებაში, უპირველეს ყოვლისა, ხალხის, ოჯახების უსაფრთხოებაში, რათა მათ ჰქონდეთ ნორმალური პირობები ცხოვრებისათვის“, - აღნიშნა მანდლმა.
ევროპარლამენტის წევრმა დაამატა: „ვფიქრობ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძალიან სასიამოვნოა ჩამოსვლა მნიშვნელოვანი პერსპექტივებით, მაგრამ ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ, მაქსიმალურად შევიტანოთ წვლილი იმის უზრუნველყოფაში, რასაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, რა თქმა უნდა, ევროპულ ფასეულობებზე დაყრდნობით, რაც მიგვიყვანს ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივამდე“.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტართა დელეგაცია შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის წევრებს.
დღეს, 11 აპრილს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, გადასცა.
ასევე ნახეთ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე კითხვარი ჩაიბარა3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.