ვენეციის 59-ე ბიენალეზე საქართველოს მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე წარადგენენ. ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 23 აპრილს გაიხსნება და 27 ნოემბრამდე გასტანს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა ფესტივალზე ციფრულ ექსპონატს გააგზავნის. არტისტებს ვენეციაში მხოლოდ მეხსიერების ბარათში ჩატვირთული ფაილები მიაქვთ. ეს არის დაახლოებით ოცწუთიანი მოგზაურობა ადამიანებისგან დაცარიელებულ სივრცეებში, სადაც მოხვედრა ვირტუალური რეალობის სათვალეებით იქნება შესაძლებელი, დიდ ეკრანზე კი წინასწარი განსაზღვრულობის გარეშე იმოძრავებენ ობიექტები თვითგენერირებულ real-time (რეალური დრო) სიმულაციაში.
ვირტუალურ სამყაროში ადამიანები არ ჩანან, მაგრამ არსებობს ბუზებით სავსე კაფეტერია, კომპიუტერებით სავსე ოთახი დაბზარული კედლებით და სიტყვებით აშენებული კედელი, რომელიც შენ თვალწინ ინგრევა. აქვეა კორპუსი მიშენებით და სახლი უფსკრულის პირას, რომელთანაც სუნთქვა გეკვრის და ცხადად ხვდები, რას ნიშნავს, როცა ფეხქვეშ მიწა გეცლება. ვირტუალური რეალობის ერთ-ერთი სცენა გამქრალი მცენარეების ბაღია. ბაღში ბოლო 250 წლის განმავლობაში გადაშენებული მცენარეები ყვავიან. ნამუშევარი დასასრულის წინათგრძნობაზეა და გამქრალი ბაღიც, არტისტების თქმით, დასასრულის ერთ-ერთი ნიშანია.
რადიო თავისუფლება ვენეციაში წასვლის წინ მარიამ ნატროშვილს ესაუბრა.
მიუხედავად განმარტებისა, რომ ნამუშევარი ორი კომპონენტისგან შედგება, რომელთაგან ერთი ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობის გამოცდილება იქნება, მეორე კი თვითგენერირებადი ვიდეო სხვადასხვა ობიექტით და ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან კავშირშია, მაინც რთულია იმის წარმოდგენა, მაინც რას გამოფენს საქართველო ვენეციაში. ამის ახსნა უნახავად შეიძლება?
რა მედიუმშიც არ უნდა იყოს ნამუშევარი შესრულებული, ყოველთვის ჯობს მისი რეალობაში ნახვა. ვერც ფოტოთი და ვერც ვიდეოთი ნამუშევრის შესახებ წარმოდგენას ვერ შეიქმნი. ვირტუალური რეალობა იმერსიული [ჩაძირვა, ჩაყურსვა - რ.თ.] მედიუმია. მნახველი დამკვირვებელი კი არა, მონაწილეა. მისი რეალობა, მისი გარემო იცვლება. მნახველი დადის, მოძრაობს ნამუშევარში. მნახველს შეუძლია ინტერაქცია მოახდინოს, მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში დავიწყების ხიდან სიტყვები დაკრიფოს.
ეს შეგრძნება, ეს ემოციები, შეუძლებელია, რომ ფოტომ ან ვიდეომ ჩაანაცვლოს. ასეც ჰქვია - experience, გამოცდილება. ანუ, ის, რაც თვითონ უნდა გამოცადო.
„მე ვწუხვარ ბაღზე” პოეტური ნაწარმოებია. რთულია, ვინმეს ლექსი მოუყვე ან აღუწერო. პოეზია უნდა განიცადო. ვირტუალური რეალობისთვის შექმნილი ექსფერიენსიც ასეა, უნდა განიცადო.
გამოდის, რომ ამ ეტაპზე ნამუშევრის შესახებ სრული წარმოდგენის შექმნა მხოლოდ ვენეციაში მოხვედრის შემთხვევაშია შესაძლებელი?
როგორც კი ბიენალე დამთავრდება, 2023 წელს თბილისში ვაპირებთ ამ გამოფენის გაკეთებას. გვინდა, რომ რეგიონებშიც იმოგზაუროს და საერთოდ, საქართველოში რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეძლოს ამ პროექტის ნახვა და განცდა. ასევე თბილისში ვგეგმავთ პარალელურ პროგრამას - ლექციებს, შეხვედრებს, საუბრებს, რომლებიც იმ თემებს მიეძღვნება, რასაც ნამუშევარი ეხება. ეს თემებია: ეკოლოგია, პოეზია, ახალი მედიახელოვნება, ვირტუალური რეალობა, „დასასრული”.
ამ ნამუშევრის იდეა ბიენალეს კონკურსის გამოცხადებამდეც გქონდათ?
ნამუშევარი არის დასასრულის წინათგრძნობაზე. დასასრულზე ფიქრი დიდი ხანია ამეკვიატა და დიდი ხანია ვცდილობდი ამ წინათგრძნობისთვის ფორმა მიმეცა, რამენაირად მეთარგმნა, რომ მომეშორებინა. ეს ფიქრები პანდემიამდე, 2019 წელს ამედევნა.
მერე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა არის დასასრული, რაზე ვფიქრობ. რისი დასასრულია, რასაც გული მიგრძნობს. დასასრული ხომ ბევრნაირი არსებობს, ღამეც დასასრულია და ზამთარიც. ჩვენი თაობისთვის ეს გრძნობა, დასასრულის მოლოდინი ყოველდღიურობის ნაწილია. ჩვენ ბევრი დასასრული გვინახავს. საბჭოთა კავშირის დასასრული, კუპონის დასასრული, ომების დასასრული, რეალობების დასასრული. თუნდაც ახლა, შეიძლება ერთ დღეს ომი დაიწყოს და მშვიდობა დასრულდეს.
და არის კიდევ ყველასთვის საერთო და ყველასთვის ცხადი გლობალური საფრთხეები, გლობალური დათბობა ან დღეს უკვე შესაძლო ბირთვული ომი.
ჩვენს პრაქტიკაში გაქრობა, დავიწყება, დაკარგვა, არყოფნა მნიშვნელოვანი თემებია.
დაკარგული, გამქრალი ბაღი, ბაღი, როგორც მეტაფორა, დასასრულის ერთ-ერთი ნიშანია. ამ ფიქრებით გამოიკვეთა ნამუშევრის კონტურები. და აი, ამ ფიქრებით ვიყავით გართული, როდესაც 59-ე ვენეციის ბიენალეს კონცეფცია გამოქვეყნდა. კითხვები, რომელზეც სესილია ალემანი [ბიენალეს კურატორი] ყურადღებას ამახვილებდა, ძალიან ახლოს იყო იმ თემებთან, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ და რაც გვაინტერესებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა და კონკურსში მიგვეღო მონაწილეობა.
ამ პროექტს, რომ არა ბიენალე, მაინც გავაკეთებდით. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მოკრძალებული ფორმით და სხვა მასშტაბით.
„მდგომარეობებს შორის” მედიახელოვნების პლატფორმაა. გაგვიჩნდა თუ არა პროექტის იდეა, გადავწყვიტეთ, რომ ამ პლატფორმასთან გვეთანამშრომლა. ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე და გიორგი სპანდერაშვილი პლატფორმის დამფუძნებელი და კურატორები არიან. გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვემუშავა. შევიტანეთ კონკურსში და დიდი ვნებათაღელვის ფონზე გავიმარჯვეთ.
ბოლო წლებია, ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონს უცხოელი კურატორი ჰყავს, რაც საქართველოში საკურატორო სფეროს საერთოდ არაფერში არ ეხმარება. ამიტომაც კატეგორიულად გვინდოდა, რომ ჩვენი კურატორები ყოფილიყვნენ ადამიანები, ვინც იქ დაგროვებულ ცოდნას, გამოცდილებას და კონტაქტებს აქ, საქართველოში გამოიყენებდა, აქაური სახელოვნებო პროცესების განვითარებაში.
ბიენალეს შესარჩევ კონკურსში წელს პირველად მონაწილეობდით?
პირველად ვენეციის ბიენალეში მონაწილეობა 2015 წელს ვიფიქრეთ, მას შემდეგ, რაც კონკურსი დასრულდა და გაირკვა, რომ საქართველოს არტისტები კი არა, ინტერიერის დიზაინერები წარადგენდნენ. მაშინ ზურა ჯიშკარიანთან ერთად გვინდოდა წავსულიყავით და ალტერნატიული, არალეგალური პავილიონი გაგვეკეთებინა სახელად „არალეგალური კოსმონავტიკა”. ეს ზურას პროექტი იყო, რომელიც საბოლოოდ 2017 წელს, აპექსარტის ფრენჩაიზ პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ. მაშინ ვენეციაში წასვლა არ გამოვიდა. ფინანსები ვერ ვიშოვეთ, არავის მოუნდა არალეგალური პავილიონის დაფინანსება.
თუმცა, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, როგორც არტისტებმა, პირველად მონაწილეობა 2017 წელს მივიღეთ. საკურატორო პროექტი გვქონდა მე და ნატალია ვაწაძეს ლევან ჭოღოშვილის - „შეჭამე შენი ღმერთები”. მაშინ სხვა პროექტმა გაიმარჯვა. როგორც ჩანს, სწორედ წელს უნდა წავსულიყავით და „მე ვწუხვარ ბაღზე” უნდა წაგვეღო.
მე ვწუხვარ ბაღზე
ერთ ხელში დასაწყისი მიჭირავს,
მეორე ხელში დასასრული.
როგორც ბურთებს, ვათამაშებ,
ჰაერში ვაგდებ.
ციმციმებენ.
ცაზე ვარსკვლავებად იქცევიან.
ცაზე ელვარებენ.
ხელში რომ ბრუნდებიან ქვავდებიან.
ორი ქვა მაქვს.
მდინარის სიპი ქვები.
დასასრული და დასაწყისი.
ჰაერში რომ ვაგდებ,
ცასა და მიწას შორის თვალებად იქცევიან,
ჰორიზონტის თვალებად.
თვალებში მიყურებენ.
დასასრული და დასაწყისი.
ქვებს ბაღში ვმარხავ.
ქვებს ბაღში ვთესავ.
დათესილი ქვებიდან ხე ამოვა.
ორიდან ერთი.
ან დასასრული,
ან დასაწყისი.
ორი და მყავს.
დასასრული და დასაწყისი.
ცაზე ცხოვრობენ.
მზე რომ ჩადის, ერთი ამოდის,
მზე რომ ამოდის, მეორე.
მთიდან ორი მდინარე იღებს სათავეს.
ერთად იწყება ორი მდინარე -
ჩემი დები,
დასასრული და დასაწყისი.
ერთი მდინარე ადიდდება,
სახლებს წალეკავს,
გზებს გადაყლაპავს,
ყველაფერს წაშლის.
დასასრული თუ დასაწყისი?
ცაზე ორი ფრინველი დაფრინავს,
ერთი თეთრია, მეორე შავი.
ორი ჩიტი - დასასრული და დასაწყისი.
ჩიტები მზით თამაშობენ,
ერთ ჩიტს ნისკარტით მზე შორს მიაქვს,
მთებში დამალავს,
მეორე ჩიტი მთვარედ იქცევა.
მზე და მთვარე მაქვს.
დასასრული და დასაწყისი.
დღე და ღამე მაქვს.
კარტივით ვჩეხავ, ერთმანეთს ვურევ.
ვშლი და ვმკითხაობ.
რა მოხდება?
სუპერმარკეტის თაროებზე ორი სიტყვა დევს.
პატარა გოგო ჯიბეებში ჩუმად იწყობს.
სიტყვებს იპარავს.
სხვა არაფერი აღარ დარჩა.
გარეთ ომია.
რაკეტები ორ სიტყვას ისვრის.
ჩემი დები ცაზე ცეცხლით ქარგავენ სიტყვებს,
დასასრული და დასაწყისი.
ქალაქში მხოლოდ ორი სახლი დარჩა.
დასასრულია ერთი სახლი, მეორე კი დასაწყისია.
სახლს თავს ვაფარებ.
რომელია ჩემი სახლი?
დასასრული
თუ
დასაწყისი.
ნამუშევრის პირველადი კონცეფციაა მარიამ ნატროშვილის ეს ლექსი იყო. მოგვიანებით, კურატორებთან ერთად კონკურსისთვის ნამუშევრის ტექსტური კონცეფცია შეიქმნა.
უცნაურია, რომ კულტურის სამინისტრომ ვენეციის ბიენალეზე გასაგზავნად ინოვაციური პროექტი შეარჩია მაშინ, როცა ხელოვნების სფეროში მომუშავეთა არცთუ ცოტა ნაწილი თვლის, რომ სამინისტრო ახლა თავისი არსებობის ყველაზე რეტროგრადულ ეტაპზეა.
ვენეციის ბიენალეს შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულს ჟიური* არჩევს. ჟიური ხელოვნებათმცოდნეებისგან შედგება. თუ რატომ აარჩიეს ეს პროექტი სხვა პროექტებს შორის, მათ უნდა ჰკითხოთ.
თუმცა, დღესაც არსებობს მოლოდინი, რომ სწორედ არტისტი იქნება ის, ვინც ცუდ სისტემას წინააღმდეგობას გაუწევს და არსებობენ ადამიანები, ვინც თვლის, რომ სამინისტრო ცუდ სისტემას კიდევ უფრო დაამახინჯებს.
მხატვარი საკუთარ შემოქმედებას ვერ დააფუძნებს სხვა ადამიანების მოლოდინებზე.
ფაქტია, რომ საქართველოში ბევრ რამეს სჭირდება გარდაქმნა, მათ შორის სამუზეუმო სისტემასაც, სამუზეუმო გარდაქმნა, რომელმაც დისკუსიები გამოიწვია, ჯერ არ დამთავრებულა, საბოლოო შედეგი ჯერ არ არსებობს. გარდაქმნის პროცესი ხშირად მტკივნეულია. ეროვნულ გალერეას და ხელოვნების მუზეუმს წლებია დაკარგული აქვს ფუნქცია. ამ პრობლემებზე დიდი ხანია ვწერთ და ვლაპარაკობთ, ჩვენი ძველი პროექტი, მუზეუმი გამოძახებით, სწორედ მოშლილ ინსტიტუციებზე პასუხი იყო.
სისტემასთან მედგრად ბრძოლას აქტივისტებს დავუთმობთ, ჩვენ კი ვეცდებით ჩვენთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე ვიმუშაოთ და ვილაპარაკოთ, რომლის დიაპაზონიც საკმაოდ დიდია.
Your browser doesn’t support HTML5
არის განსხვავებული პასუხისმგებლობა, როცა ეროვნულ პავილიონს წარმოადგენ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე?
ზოგადად, ვენეციის ბიენალეს ეროვნული პავილიონების ნაწილი წლებია კრიტიკის საგანია და სულ ისმის კითხვა, რამდენად არსებობს თანამედროვე ხელოვნებაში ეროვნული ხელოვნება. საჭიროა კი ეროვნული პავილიონები? ჩვენ მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება, როგორც საქართველოს, გვქონოდა საკუთარი პავილიონი გასაგები ისტორიული მიზეზების გამო. შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ვენეციის ბიენალეზე დამოუკიდებელი ეროვნული პავილიონით ქვეყნის წარდგენა. შეიძლება გერმანიისთვის ან ბრიტანეთისთვის არ იდგეს ეროვნული პავილიონის საჭიროება ისე მძაფრად, როგორც ეს ჩვენ შემთხვევაშია.
ვირტუალური რეალობა, ანუ მედიუმი, რომელიც თქვენ აირჩიეთ ნამუშევრებისთვის, მთელი სამყაროსთვის სიახლეა - შეიძლება ითქვას, რომ ეს თანაბარ პირობებში აყენებს ყველა ქვეყნის არტისტებს იმისდა მიუხედავად, როგორი სახელოვნებო ინფრასტრუქტურა თუ კულტურის პოლიტიკაა იქ, სადაც მუშაობენ?
საქართველო ახალი მედიახელოვნების მიმართულებით საინტერესო ქვეყანა შეიძლება გახდეს. თბილისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ფარგლებში მედიახელოვნების ქალაქი გახდა. თუ სახელმწიფო და ბიზნესი ამ მიმართულებით ინვესტიციას გააკეთებენ, შეიძლება, რომ რეგიონში ტექნოლოგიების და ხელოვნების ცენტრი გავხდეთ.
როგორც ხელოვნების ყველა სხვა მიმართულებას, ახალ მედიახელოვნებასაც სჭირდება მხარდაჭერა და ინვესტიცია. ხშირ შემთხვევაში მედიახელოვნების პროექტებს გაცილებით მეტი რესურსი სჭირდება, ვიდრე ვთქვათ ფერწერას, რადგან აქ ერთ პროექტზე გუნდი მუშაობს - არტისტები, პროგრამისტები, ანიმატორები, დიზაინერები, მუსიკოსები.
რაც არ უნდა ახალი იყოს ვირტუალური რეალობა და თვითგენერირებადი ხელოვნება, სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში მაინც არ ვართ. რადგან სხვა, აღმოსავლეთის თუ დასავლეთის ქვეყნებში არსებობს სახელოვნებო პროცესების მხარდაჭერის მყარი სისტემა: გრანტები, სტიპენდიები, საგანმანათლებლო პროექტები, ფესტივალები, მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები. არსებობენ ინსტიტუციები, რომელიც სხვადასხვა პროგრამებით დიდ როლს ასრულებენ ახალი ხელოვნების შექმნაში. ჩვენთან ეს სისტემა არ არსებობს. ხელოვნების მუზეუმი წლებია დაკეტილია, ბოლო წლებში იქ მხოლოდ ოქროს ფონდი ფუნქციონირებდა - სადაც ანჩისხატზე, პირდაპირ ხატზე, ბრილიანტის ბროში იყო ჩამოკიდებული - „პატრიარქის საჩუქარი ხატს”. ეროვნულ გალერეაში კი კარავაჯოს ლაითბოქსებს ფენდნენ, არ ჰქონდათ არანაირი საგამოფენო პროგრამა და გამოფენის გაკეთება იქ თითქმის შეუძლებელი იყო.
ასე რომ, რთულია იყო სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში და თანამედროვე ხელოვნების რუკაზე, როდესაც ქვეყანაში ხელოვნების მუზეუმი არ გაქვს. შეუძლებელია ერთად ვიყოთ, ვთქვათ ჩვენ და ვინმე ევროპელი არტისტი, ვისაც ქვეყანაში „არს ელექტრონიკა” ** აქვს, ჩვენ კი არაფერი.
რამდენიმე დღე რჩება ვენეციის 59-ე ბიენალეს გახსნამდე. როგორი იქნება ქართული პავილიონის ინაუგურაცია?
ქართული პავილიონის ინაუგურაცია წითელ პარასკევს დაემთხვა. ნამუშევრის თემიდან გამომდინარე, ნიშანდობლივი დამთხვევა გამოვიდა, „მე ვწუხვარ ბაღზე” ხომ დასასრულზეა - დასასრულზე, რომელიც აუცილებლად გულისხმობს დასაწყისს.
ინაუგურაციაზე არტისტი და მწერალი ზურა ჯიშკარიანი და ფილოსოფოსი ფედერიკო კამპანია ისაუბრებენ. ფედერიკო კამპანია დასასრულის თემაზე მუშაობს და ერთგვარ შესავალს გაუკეთებს ნამუშევარს, ზურა ჯიშკარიანი კი დასასრულის საკუთარ გამოცდილებებზე მოგვიყვება.
* ვენეციის ბიენალეზე საქართველოდან წარსადგენი ნამუშევრის შესარჩევი 6-კაციანი ჟიური 2021 წელს ასეთი იყო:
- თამარ წულუკიძე – კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;
- თეონა ჯაყელი – კულტურის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი;
- სოსო სუთიძე – სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;
- ქეთევან ჯაფარიძე – ხელოვნების ისტორიკოსი, კურატორი, ლონდონის ქართული ფილმების ფესტივალის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ქართულ-ბრიტანული საზოგადოების ბორდის ხელმძღვანელი;
- ქეთევან შავგულიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხელოვნების ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, ლექტორი და კურატორი;
- ყარამან ქუთათელაძე – მხატვარი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის „არტ-ვილა გარიყულას” დამაარსებელი.
** Ars Electronica - 1979 წელს ავსტრიაში, ქალაქ ლინცში დაარსებული კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც აქტიურად მუშაობს ახალი მედიახელოვნების მიმართულებით.