ღარიბაშვილი საწვავის ფასზე: საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თბილისი, 2022 წელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს საწვავის იმპორტიორებს და მოუწოდებს, ფასები შეამცირონ. პრემიერმა თქვა, რომ სახელმწიფო "ზედმეტად" არ ერევა ამ საკითხში, თუმცა აკვირდებიან "კეთილსინდისიერ იმპორტიორებს". მან თქვა, რომ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ისინი საწვავზე ფასებს დაწევენ.

​"მე მაქვს მოლოდინი, ჩვენო საწვავის იმპორტიორებო, გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ კორექტირებას ფასების - მე ვიცი, რომ არსებობს ამის მოლოდინი, რომ ფასები შემცირდება საწვავზე და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება", - თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე ისაუბრა იმ ლოგიკური ბმაზე, რის გამოც საქართველოში საწვავი გაძვირდა. ასევე თქვა, რომ ფასების ზრდის კუთხით საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი.

"ვინაიდან ჩვენ, საქართველო, ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და პრაქტიკულად შემოგვაქვს ყველაფერი გარედან, ჩვენ არ ვართ მწარმოებელი ნავთობპროდუქტების, ამიტომ, ბუნებრივია, ფასებმა მოიმატა ისე, როგორც მთელ მსოფლიოში - აშშ-ში, ევროპაში, მწარმოებელ ქვეყნებშიც. ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი", - თქვა მან.

"ფაქტჩეკის" ინფორმაციით, საწვავზე აქციზი 2017 წელს გაორმაგდა, რაც მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის რეფორმასთან დაკავშირებული საბიუჯეტო შემოსავლების დაბალანსებასთან იყო დაკავშირებული - 2017 წელს ტონა საწვავი 250 ლარით იბეგრებოდა, ხოლო 2017 წლიდან ტონა საწვავი 500 ლარით იბეგრება. დიზელის შემთხვევაში, აქციზი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა.

პირველად საქართველოში საწვავის ფასმა 4 ლარს მარტში გადააჭარბა. დღევანდელი მონაცემებითაც, სხვადასხვა ხარისხის საწვავის ფასი 3,8 ლარიდან 4,48 ლარამდე მერყეობს.

27 მარტს საწვავის ფასის ზრდის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოძრაობა შეფერხებული იყო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. აქციაზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 28 მარტს თქვა, რომ აქციის "უკან "ნაციონალურ მოძრაობა" იდგა".