ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ კვირას ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას. ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა.
მისი განცხადებით, ალიანსი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, "პრეზიდენტად" პირველივე ტურში ასარჩევად საჭირო ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ე.წ. არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "მოქმედი პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მა და საქართველოს სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა.
ასევე ნახეთ უკრაინა გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ "საპრეზიდენტო არჩევნებს""არჩევნებს" ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.