საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში დამარცხებული კანდიდატების ნაწილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, მეორე ტურში ხმა არ მისცენ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს.
10 აპრილს ჩატარებულ პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. შედეგების 99%-ის შეჯამების მიხედვით, 27.6%-ით პირველ ადგილზეა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ლიბერალი ემანუელ მაკრონი და მეორეზე - 23.4%-ით, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი. მათი მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.
ხმების 22%-ით მესამე ადგილზე გასულმა, მემარცხენე ჟან-ლიუკ მელანშონმა მხარდამჭერებს მიმართა, რომ მეორე ტურში მარინ ლე პენმა ვერცერთი ხმა ვერ უნდა მიიღოს. მომხრეებს ასეთივე მოწოდებით მიმართა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, თითქმის 5%-ით მეხუთე ადგილზე გასულმა ვალერი პეკრესმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა ლე პენის „ისტორიულ სიახლოვეს“ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.
საკუთარ მომხრეებს მეორე ტურში ემანუელ მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს სხვა კანდიდატებმაც - პარიზის მერმა ანნ იდალგომ, კომუნისტმა ფაბიენ რუსელმა და „მწვანეების“ კანდიდატმა იანიკ ჟადომ.
ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს მხარდაჭერა გამოუცხადა, პირველ ტურში ხმების 7%-ით მეოთხე ადგილზე გასულმა, მემარჯვენე ერიკ ზემურმა.
ასევე ნახეთ რას უნდა ველოდოთ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზელიბერალი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდნენ წინა, 2017 წლის არჩევნების დროსაც. მეორე ტურში მაკრონმა ხმების 66% მიიღო, ხოლო ლე პენმა - 33%.