კომპანია Maxar Technologies -ი აქვეყნებს 8 აპრილს გადაღებულ სატელიტურ სურათებს, რომლებზეც ასახულია უკრაინის სამხრეთისკენ, დონბასისკენ მიმავალი 12 კილომეტრის სიგრძის რუსული სამხედრო კოლონა. გავრცელებული ვარაუდით, ეს გადაადგილება ნაწილია კრემლის საბრძოლო სტრატეგიის ცვლილებისა.
კოლონა, შესაძლოა, მიემართებოდეს უკრაინის ხარკოვის რეგიონში მდებარე ქალაქ იზიუმისკენ, რომელსაც რუსეთის ძალები აკონტროლებენ. იზიუმი მდებარეობს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვართან. მას შემდეგ, რაც ქვეყნის სხვა ადგილებში დანაკარგები იწვნია, რუსეთს აქცენტი გადააქვს სამხედრო თავდასხმაზე დონბასზე, რომელიც მოიცავს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ ომი, რომლისთვისაც რუსეთი დონბასში ემზადება, იქნება მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის მსგავსი, ათასობით ტანკის, დაჯავშნილი მანქანის, თვითმფრინავის და არტილერიის მონაწილეობით.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა პირველ ეტაპზე თავისი ძალები გაფანტა - ის შეტევებს აწარმოებდა ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან, რასაც დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა. ამჟამად პუტინი, შესაძლოა, ცდილობდეს ძალთა კონცენტრაციას საიმისოდ, რომ დონბასზე დაამყაროს კონტროლი მაისის დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის, 9 მაისის აღნიშვნის წინ - ამბობენ აშშ-ის ოფიციალური პირები.