უკრაინის პროკურატურა: კიევის ოლქში 1200-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, კიევის ოლქის იმ ქალაქებში, საიდანაც რუსული შეიარაღებული ძალები გავიდნენ, უკვე ნაპოვნია 1200-ზე მეტი ცხედარი.

ამის შესახებ მან Sky New-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„10 აპრილის დილის მონაცემებით, კიევის ოლქის ოკუპაციის პერიოდში დახოცილი 1222 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ. და ეს მხოლოდ კიევის ოლქში“.

ერთი დღით ადრე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონსტირსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ ქალაქ ბუჩაში დახოცილი ადამიანების რაოდენობის დაზუსტებას, კვირები დასჭირდება.

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, 10 აპრილის მონაცემებით, გამოძიება მიმდინარეობს ომის სავარაუდო დანაშაულის 5600 საქმეზე:

„ჩვენ ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს ვხედავთ უკრაინის ყველა რეგიონში“, - აღნიშნა ირინა ვენედიქტოვამ.

ამ დრომდე რუსეთის ფედერაცია უარყოფს უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის ფაქტებს.

კიევის ოლქის რამდენიმე გათავისუფლებული ქალაქიდან, ბოლო დღეებია შემაძრწუნებელი ინფორმაცია და კადრები ვრცელდება. მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვისა და წამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, Human Rights Watch და Amnesty International.