ევროკავშირი არ ცნობს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

კარლ ჰარცელი

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ელჩის თქმით, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას:

„ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით", - აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

10 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 76 საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ამ პოსტს 2017 წლის აპრილიდან იკავებს. მის მთავარ კონკურენტად პარტია „ნიხასის" წევრს ალან გაგლოევს განიხილავენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.