9 აპრილს ვიდექი აქ!

უკვე 33 წელია, ყოველ 9 აპრილს, ღამის 4 საათზე რუსთაველის გამზირზე ხალხი იკრიბება. ეს ის დროა, როდესაც რუსულმა ჯარმა მიტინგის დარბევა დაიწყო. იმ ხალხიდან, რომელიც მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით თბილისის ცენტრში იდგა, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ბავშვები.

ანზორ როსტიაშვილი: „სადღაც ორის ნახევრამდე ვიდექი ჩემს შვილებთან ერთად. მერე სახლში წავედით და დავიძინეთ, დილით გავიგე, რაც მოხდა. აი, გავიდა მას შემდეგ 33 წელი და ისევ აქ ვართ. კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ რუსეთმა თავი დაგვანებოს?!“

ანზორ როსტიაშვილი ისევ იმ ადგილას დგას, რა ადგილასაც 1989 წლის 9 აპრილს იდგა.

მემორიალთან ყოველ წელს მოდის ქეთი აბდალაძე. წელს თან შინდისფერი დროშა მოიტანა, ეს დროშა 1991 წელს, თბილისის ომის დროს კარავში გვქონდაო.

ქეთი აბდალაძე: „ამ დროშამ ლაპარაკი რომ იცოდეს, ალბათ უკეთესი ისტორია არ დაიწერებოდა. 9 აპრილი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა დაღუპულების სულების უკვდავსაყოფად დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა და ის უფრო საზეიმოდ უნდა აღინიშნებოდეს“.

უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ეთერ ყაველაშვილი იხსენებს, რომ 1989 წლის 9 აპრილს კიბეების თავზე, მონუმენტის ქვეშ იჯდა. ამბობს, ხალხს არსად წასვლა არ უფიქრია, სანამ ძალით არ გარეკეს, ადგილზე რჩებოდნენო. შემდეგ ახლომახლო შენობებს შეაფარეს თავი.

ეთერ ყაველაშვილი: „რვა საათისთვის წყლის ხმა მოისმა, როგორც ჩანს, უკვე სისხლს რეცხავდნენ... იმ დღეს მოვიწამლე. ვერ მივხვდი, რომ ის ტანსაცმელი, რაც მაშინ მეცვა, უნდა გადამეყარა. სახლში რომ შევდიოდი, ცუდად ვხდებოდი“.

ეთერ ყაველშვილის ადგილი 9 აპრილს ეს კვარცხლბეკი იყო.

ფატი ფულარიანი შეკრებილებს შორის ყველაზე უფროსია, 86 წლის. 9 აპრილი მისთვის პირველი დარბევა არ იყო, მან 1956 წლის 9 მარტიც საკუთარ თავზე იწვნია.

ფატი ფულარიანი: „9 მარტს ჯერ შენობები და ტროლეიბუსები დაცხრილეს რუსთაველზე. მერე სანაპიროზე სტალინის ძეგლთან წამოვიდნენ ხიშტებით. იმ დღეს მეც ძეგლთან ვიყავი. პირდაპირ წუმპეში ვიდექი. მამაჩემი მოვიდა და გამათრია, სად დგახარ, გამოიცვალე, საჭმელი ჭამე და მერე ჩადიო. წამიყვანა და მაშინ იყო, ხიშტებით და ტყვიებით რომ შემოუტიეს. უნივერსიტეტის ბავშვები დაფეთდნენ, საით წასულიყვნენ არ იცოდნენ. ზოგი მტკვარში ცვიოდა, ზოგი ხიდიდან ვარდებოდა. მეორე დილით გამოვედი, რა ხდება-მეთქი. ამ დროს ჯარმა დამიძახა, „ნი შაგუ, ატო, ბუდიმ სტრილიატ“. გამოვბრუნდი უკან.

ფატი ფულარიანს ფობიის გამო, ბევრ ხალხში ყოფნა არ შეუძლია.1989 წლის 9 აპრილსაც ქუჩის მეორე მხარეს იდგა, კიბეებზე.

თეატრალურზე ვსწავლობდი, ერთი გამყრელიძე გვყავდა ჯგუფში, ის დაგვაკლდა და პროზექტურებში დავუწყეთ ძებნა. ყველგან ცხედრები ელაგა. 43 კაცის გულზე გადავიარეთ და მხოლოდ ერთი იყო ასაკოვანი, დანარჩენი სულ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები. ერთი სვანი გოგონა ესვენა, გრძელი ნაწნავებით, ბროლის სხეულით, ხიშტზე იყო წამოგებული. ეტყობა, ექიმებს შეეცოდათ, ტიტველი არ დააგდეს და შალი ჰქონდა ტანზე გადაკრული.

1978 წელს ქართული ენის დასაცავად რომ გამოვედით, მაშინაც ველოდით, რომ გვესროდნენ. აკაკი ბაქრაძემ, ნათელში იყოს მისი სული, ესენი ისეთი უნამუსოები არიან, ბავშვებს დახოცავენო და რუსთაველის თეატრის კარები გააღებინა წინიდან და უკნიდანაც. ასე გადაგვიშვა თაბუკაშვილზე.

9 აპრილს 56 წლის ვიყავი. „გამოფენის“ კიბეებზე ვიდექი და ვხედავდი, „ალექსანდროვის ბაღი“ სავსე იყო ჯარისკაცებით. ნიჩბები ისე ჰქონდათ გალესილი, ღამეში ელავდა. ჯერ დაკეცილები ეჭირათ, მერე გახსნეს და შემოუტიეს ბავშვებს.

მერე გაზი გაუშვეს. მეორე დღეს ყვავილებმაც შეიწოვა საწამლავი. ვინც კი ეს ყვავილები გულში ჩაიკრა და სიონში ჩაიტანა, ყველა მოიწამლა“.

ბესარიონ ფაცაცია, რომელიც მაშინდელი მიტინგების ერთ-ერთი მონაწილეა, ამბობს, რომ 9 აპრილს ზუსტად იგივე მოხდა, რაც ახლა უკრაინაში ხდება - მშვიდობიან ხალხს გადაუარეს!

ბესარიონ ფაცაცია: „რუსეთი არ იცვლება. რაც იყო, იგივე დარჩა. ახლა ისევ თავისუფლებისთვის გვიწევს ბრძოლა“.

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილები აღნიშნავდნენ, რომ წელს იმაზე ცოტა ხალხი მოვიდა, ვიდრე წინა წლებში მოდიოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს დღე, დროსთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ლევან გოგუაძე

ლევან გოგუაძე: „განცდა იმისა, რომ აი, ამ დღეს, ამ გოგო-ბიჭებმა იმპერიის ნგრევას დაუდეს სათავე, არ განელებულა. მაშინ დაწყებული ბრძოლა ახლა უკრაინაში გრძელდება. აუცილებლად გაიმარჯვებს უკრაინა, იქ დასამარდება იმპერია. ის ტანჯვა, რასაც დღეს უკრაინა გადის, ჩვენც ხომ გავიარეთ აქ თბილისში, სამეგრელოში, აფხაზეთში, განსაკუთრებული სისასტიკით - ჩეჩნეთში. მანამდე თითქოს მალავდა, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიოს წინაშე გამოჩნდა ამ ბოროტების სახე. სამართალი ურმით დადის, მაგრამ დადის!“