30 წლის წინ, 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში, უკრაინელმა რეჟისორმა ვალენტინ სპერკაჩმა იმოგზაურა რუსეთის სამხრეთში, ყუბანის მხარეში და გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ყუბანის კაზაკები. უკვე 200 წელია...“, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვება ზაპოროჟიელი კაზაკების ყუბანში გადასახლების, უკრაინელების რუსიფიკაციისა და მკვლელობების შესახებ. ფილმის გმირები, ხანდაზმული კაცები და ქალები, იხსენებენ XX საუკუნის 20-30-იან წლებში ახალი ენერგიით განახლებულ რუსიფიკაციის პოლიტიკას, რომელიც საჯარო სივრციდან დევნიდა ყველაფერს უკრაინულს, მათ შორის, უკრაინულ ენას და უკრაინულ გვარებსაც კი.
რაც საქართველოში, ის უკრაინაში
XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან რუსეთის იმპერიაში იზღუდებოდა სიტყვა „საქართველოს“ გამოყენება. დიდწილად სწორედ ამის გამო დაიხურა ილია ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, რომელიც 1863 წელს გამოდიოდა. ასევე საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ 1885 წლის 5 ივნისს კავკასიის ცენზურის კომიტეტმა იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარიდან“ ამოიღო სიტყვა „საქართველო“ და მის ნაცვლად ჩაწერა „ტფილისის და ქუთაისის გუბერნიები“, „იმერეთი, ქართლი და კახეთი“. ასევე ცნობილია, როგორ იდევნებოდა ქართული ენა სასწავლებლებიდან და ეკლესიებიდან, როგორი წახალისებული იყო ქართული გვარების რუსულ ყაიდაზე გადაკეთება და ა.შ.
ცხადია, საქართველო რუსეთის იმპერიაში გამონაკლისი არ იყო. რუსიფიკაციის მთელი სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადეს სხვა დაპყრობილმა ხალხებმაც და მათ შორის უკრაინელებმაც, რომლებსაც დღემდე უმტკიცებენ მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებისა და სახელმწიფო პროპაგანდის წარმომადგენლები, რომ არც უკრაინა არსებობს, არც - უკრაინელი ხალხი და არც - უკრაინული ენა.
რუსიფიკაცია იყო რუსეთის იმპერიის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობდა ძალაუფლების ცენტრალიზაციას, ასევე მიზნად ისახავდა რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი ხალხებისთვის ცნობიერების შეცვლას და მათში რუსეთის, მისი წარსულისა და ტრადიციებისადმი მიკუთვნების გრძნობის გაჩენას.
ისტორიკოს ვლადიმირ ვერნადსკის თქმით, XVIII საუკუნეში რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები უკვე იქამდე იყო მისული, რომ რუსეთი თანდათანობით შთანთქავდა და ინელებდა უკრაინას როგორც განსხვავებულ პოლიტიკურ სხეულს, თანაც ამას აკეთებდა ადგილობრივი კულტურული ცხოვრების საფუძვლების - სკოლისა და წიგნების თავისუფალი ბეჭდვის პარალელური ლიკვიდაციით, 1876 წელს კი ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა უკრაინის რუსიფიკაციის სიმბოლოდ აღიარებულ საიდუმლო განკარგულებას - „Эмский указ“-ს, რომელიც კრძალავდა უკრაინულ ენაზე პუბლიკაციების როგორც ადგილზე ბეჭდვას, ასევე შეტანას საზღვარგარეთიდან. ამავე განკარგულებით იკრძალებოდა უკრაინულ ენაზე სწავლება, პიესების დადგმა და სიტყვა „უკრაინის“ გამოყენებასაც კი (მიღებული იყო „მალოროსია“).
ალექსანდრე II-ის დროს ასევე სასტიკად იდევნებოდა უკრაინელი ეთნოგრაფი, პავლო ჩუბინსკი - უკრაინის ჯერ ეროვნული, შემდეგ კი სახელმწიფო ჰიმნის („არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება“) ტექსტის ავტორი, რომელიც ვერ მოესწრო რუსეთის იმპერიის დაშლას და უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადებას 1917-1920 წლებში.
„არ არსებობს ასეთი ეროვნება!“
უკრაინის რუსიფიკაციის მორიგი მძლავრი ტალღა დაიწყო მისი ხელახალი ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში, სწორედ ამ პერიოდის შესახებ ჰყვებიან ვალენტინ სპერკაჩის დოკუმენტური ფილმის გმირები.
„პოროხია ჩემი გვარი, ივან დენისის ძე“, - ამბობს ხანშიშესული მამაკაცი, რომელსაც ფილმის ავტორი ეკითხება:
„პასპორტის მიხედვით, ვინ ხართ?“
„ნუ, პასპორტით რუსი ვარ, რა თქმა უნდა“.
„და სინამდვილეში ვინ ხართ?“
„სინამდვილეში ხოხოლები ვართ ჩვენ (იცინის)“.
შემდეგ ქალებსაც იმავე კითხვით მიმართვს ფილმის ავტორი:
„ბოლოს და ბოლოს, ვინ ხართ, რუსები თუ ხოხოლები?“
ერთი ქალი უკრაინულად უპასუხებს, არ ვიცი, მამა რუსი მყავდა, ჩვენ რუსები ვართ, მაგრამ მალევე ეთანხმება მეზობელ ქალს, რომელიც უსწორებს: „რა რუსები, კაზაკობა ვართ ჩვენ!“
ცხადია, ფილმში ჩართულია დოკუმენტური მასალებიც, თუმცა რეჟისორი ყველაზე ხშირად მიმართავს ისტორიის უშუალო მოწმეებს, ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს და გადაიტანეს რუსიფიკაციის პოლიტიკის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური კომპონენტები.
„ადრე უკრაინელები ვიყავით. ახლა ჩვენ თვითონ არ ვიცით, ვინ ვართ, - ამბობს კიდევ ერთი ასაკიანი მამაკაცი, - არ ვიცი, რატომ არის ასე. ჩვენი თაობა ხომ უკრაინელები ვიყავით? რატომ ვართ რუსებად ჩაწერილი? ამაშია საქმე. კი, პასპორტში „რუსი“ მიწერია. სკოლაში უკრაინულ ენაზე ვსწავლობდით და უკრაინულად ვლაპარაკობდით, 1933 წლიდან კი ყველაფერი თავდაყირა დადგა და ახლა არც უკრაინული ვიცი და არც რუსული, ყუბანის დიალექტზე ვლაპარაკობთ“.
ეს კაცი ასევე იხსენებს მეთოდებს, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება 30-იან წლებში უკრაინული კომპონენტის შესამცირებლად იყენებდა:
„მოდიან კომუნისტები საზიდრებში შებმული ცხენებით. ხედავენ, რომ ადამიანი თავის ბოსტანში საქმიანობს. მიაყენებენ საზიდარს და ეუბნებიან: „გაემზადე და წამოდი!“ მორჩა და გათავდა. სად მიჰყავდათ? სადგურში, მერე იქიდან ყაზახეთში... ნახევარი სტანიცა გაასახლეს. შემდეგ ლენინგრადის ოლქიდან სხვა ხალხი ჩამოიყვანეს და სტანიცასაც შეუცვალეს სახელი და დაარქვეს ლენინგრადისა. მაშინდელი სიმღერაა: „მშვიდობით, ჩემო უმანის სტანიცა, / მშვიდობით, ლამაზო მხარეო, / მშვიდობით, კაზაკის ლამაზო ქალო,/ მშვიდობით, საყვარელოო“ (უკრაინულად მღერის).
დოკუმენტური ფილმის მიხედვით, ყუბანელ ბავშვებს სკოლის პირველი კლასებიდან უნერგავდნენ იმ აზრს, რომ რუსები იყვნენ.
„მეორე კლასში ვარ, - ჰყვება ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი, 80-ს გადაცილებული პავლო, - მასწავლებელი მეკითხება: „ეროვნება?“ ვეუბნები: „კაზაკი“. ის მისწორებს: „არ არსებობს ასეთი ეროვნება. რუსი!“ ტირილით მივედი სახლში „მამა, რანაირი რუსი ვარ? კაზაკი ვარ!“ მამა მაწყნარებს, ვიყოთ რუსები, თორემ სოლოვეცკის კუნძულებზე გადაგვასახლებენო. შემდეგ სკოლაში გახსნეს კაზაკების კავალერისტული წრე. ვეხვეწები მამაჩემს, ჩავეწერები სკოლის კაზაკების წრეში-მეთქი. არ გაბედოო, მიყვირა. ტირილი დავიწყე. არ გაბედო, თორემ ყველას გადაგვასახლებენო, გამიმეორა. რომ არ გაჭრა სიტყვამ, ქამარი მომცხო. რა უნდა მექნა, აღარ ჩავეწერე წრეში. გავიდა დრო. ერთხელაც მამაჩემი მეკითხება: „აბა, პავლო, სად არიან შენი ბიჭები, რომლებიც წრეში ჩაეწერნენ?“ არცერთი მათგანი სკოლაში აღარ დადიოდა. „მიდი, აბა, გაიგე სად არიან?“ - მთხოვა მამაჩემმა. სკოლაში მითხრეს, რომ ყველა გადაასახლეს“.
ფილმის პერსონაჟები მდინარე ყუბანის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სოფლებიდან არიან. ერთ-ერთი გმირი, 80 წელს გადაცილებული კაცი (შთამბეჭდავი ჭაღარა ულვაშით) ჩამოთვლის ელიზავეტის, მარიანის, ტიტაროვის, მიშასტოვის და ა.შ. სტანიცებს, სადაც, მისი თქმით, ძირითადად ზაპოროჟიელები ცხოვრობენ.
„რატომ ვარ ჩაწერილი რუსად და არა უკრაინელად? - ფილმის ავტორის კითხვას იმეორებს ასაკიანი კაცი, - მე მყავდა მეგობარი, მისი გვარი იყო ჟოვტობრიუჰ, მაგრამ ჩაწერილი ჰყავდათ როგორც ჟოვტობრიუხოვი. ამას აკეთებდნენ იმისთვის, რათა დაემალათ, რომ ჩვენი გვარები უკრაინული, ზაპოროჟიულია. იმიტომ, რომ, ღმერთო მაპატიე, გვახრჩობდნენ! მთელი კრასნოდარის მხარე აქციეს რუსეთად. მამაჩემი ღამით წაიყვანეს. მოვიდოდნენ, „ესა და ეს აქ ცხოვრობს?“ - იკითხავდნენ. „გამოდი! წაიყვანეთ! გამოდი! წაიყვანეთ!“ და იქვე თიხნარში ანადგურებდნენ, თანაც არჩევდნენ მოსულ, ჯანმრთელ, ლამაზ ახალგაზრდებს. .. ასეც ხდებოდა: მოვიდოდნენ, დაგიძახებდნენ ქუჩიდან და როგორც კი კარს გააღებდი, ეგრევე „ბახ!“ გესროდნენ და წავიდოდნენ სიტყვის უთქმელად“.
ფილმის გმირების ნაწილს კარგად ესმის, რატომ იდევნებოდნენ ასე სასტიკად საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში და, რატომ ცდილობდა მოსკოვი ასე მიზანმიმართულად ყუბანის დემოგრაფიული სურათისა და მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნების შეცვლას. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ შექმნილმა ყუბანის დამოუკიდებლმა სახალხო რესპუბლიკამ (ქალაქებით ეკატერინოდარი, სოჭი, ნოვოროსიისკი, მაიკოპი, ანაპა), მთელი სამი წელი იარსება.
„აი, აქედან დაიწყო ჩვენი ხელახალი დევნა. 70 წელი ანგრევდნენ ჩვენს ჩვეულებებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ენას, ახლა კი ამ ყველაფრის აღსადგენად 70 კი არა, 170 წელი იქნება საჭირო“, - ამბობს ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რომელიც უკრაინელმა დოკუმენტალისტმა ვალენტინ სპერკაჩმა შორეულ 1992 წელს ჩაწერა.
„ყუბანელი კაზაკების“ გადაღებიდან ზუსტად 30 წლის თავზე რუსეთმა მორიგ ჯერზე დაიწყო უკრაინის სახელმწიფოებრიობის, უკრაინელი ხალხისა და უკრაინული ენის განადგურება, თუმცა „კაზაკთა მოდგმა“ ისევ ისე მედგრად იბრძვის თავისუფლებისთვის და ისეთ თავგანწირვასა და ერთსულოვნებას აჩვენებს მტერთან ბრძოლაში, რომ უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის შინაარსი წარმოუდგენელი სიზუსტით, ლამის დოკუმენტურად აღწერს სინამდვილეს:
„არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება!“