ევროკავშირის დიპლომატები კიევში ჩავიდნენ მას შემდეგ, რაც სარაკეტო თავდასხმა მოხდა რკინიგზის სადგურზე აღმოსავლეთ უკრაინაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ბუჩაში. 8 აპრილი, 2022 წ.

50 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, რომელიც, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, წინასწარგანზრახული თავდასხმა იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე.

უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიამ განაცხადა, რომ 8 აპრილს, ორმა რუსულმა რაკეტამ დაარტყა სადგურს კრამატორსკში, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა იმ რაიონებიდან, რომლებზეც მძიმე თავდასხმებია მოსალოდნელი, რადგან მოსკოვი თავის სამხედრო ძალისხმევას მიმართავს აღმოსავლეთისკენ, სადაც სეპარატისტები, რომლებსაც ის 2014 წლიდან უჭერს მხარს, უკრაინის სახელმწიფო ჯარს ებრძვიან.

"არა ჰყოფნით იმის ძალა და სიმამაცე, რომ ბრძოლის ველზე დაგვიდგნენ წინ, ისინი უტიფრად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას", - აღნიშნა ზელენსკიმ თავის განცხადებაში. კრამატორსკის მერმა ოლექსანდრ ჰონჩარენკომ თქვა, რომ თავდასხმის დროს სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ კრამატორსკის სადგურზე თავდასხმა "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო თავისი პასუხისმგებლობა. თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უზენაეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, ედუარდ ჰეგერს, მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინათ ზელენსკისთან კიევში. როცა მათი მატარებელი პოლონეთიდან კიევში ჩავიდა, ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე დაწერა, რომ ეს თავდასხმა კრამატორსკის სადგურზე, იყო "საზიზღარი". მოგვიანებით ევროკავშირის წარმომადგენლები ბუჩაში ჩავიდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ტვიტერით, კრამატორსკის სადგურზე თავდასხმას უწოდა "რუსეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი საშინელი ბოროტმოქმედება", დარტყმა სამოქალაქო პირებზე, რომლებიც ცდილობდნენ უსაფრთხო ადგილას გამგზავრებას.