რუსეთი კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის მსხვერპლი. 8 აპრილი, 2022 წელი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან კავშირს, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „უკრაინის ნაციონალისტური ხელისუფლების პროვოკაციას“ უწოდებს მომხდართან რუსეთის დაკავშირებას.

კიევის ნაციონალისტური რეჟიმის წარმომადგენლების ყველა განცხადება, 8 აპრილს ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ ვითომდა განხორციელებული „სარაკეტო თავდასხმის“ შესახებ, პროვოკაციაა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - წერს თავდაცვის სამინისტრო და ამატებს, რომ 8 აპრილს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქალაქ კრამატორსკში საცეცხლე მისიები დაგეგმილიც არ ჰქონია და არც განუხორციელებია.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ტოჩკა-უ“ ტაქტიკურ რაკეტებს, რომელთა ფრაგმენტები კრამატორსკის რკინიგზის სადგურთან იპოვეს და [ამსახველი მასალა] თვითმხილველებმა გამოაქვეყნეს, მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებს. 2022 წლის 14 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-19 ცალკეული სარაკეტო ბრიგადის დივიზია მსგავსი ტიპის ტოჩკა-უ რაკეტით დაესხა თავს დონეცკის ცენტრს, რის შედეგადაც 17 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ 36 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“, - წერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.

ასევე ნახეთ ათობით ადამიანი დაიღუპა დონეცკის ქალაქ კრამატორსკის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს, ინფორმაციით, დღეს, 8 აპრილს, იერიში რუსეთის კუთვნილი „ისკანდერის“ რაკეტით განახორციელა რუსეთის არმიამ, რომელიც ქალაქს უტევს. სარაკეტო იერიშის დროს რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ.

დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 30-მდე ადამიანი.

გაერო აცხადებს, რომ 3 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დადასტურებულია 1500-მდე სამოქალაქო პირის სიკვდილი, თუმცა რეალური მონაცემი, დიდი ალბათობით, ამ რიცხვს მნიშვნელოვნად აჭარბებს.