"მარიუპოლისი" (2016, ლიეტუვა-საფრანგეთი - უკრაინა-გერმანია, რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი)
2016 წელს, ბერლინის კინოფესტივალზე, თავისი ახალი ფილმის, "მარიუპოლისის" პრემიერის შემდეგ, ლიეტუველ დოკუმენტალისტს, მანტას კვედარავიჩიუსს ჰკითხეს, როგორც ხედავთ მარიუპოლის მომავალსო. მან კითხვას დაუფიქრებლად უპასუხა: "ბერძენი მკითხავი დაგვჭირდება, ამ ქალაქის მომავალი რომ იწინასწარმეტყველოს. მაგრამ მჯერა მისი მცხოვრებლების და იმედი მაქვს, რომ მიაგნებენ... უფრო სწორად, დაიცავენ ამ უნიკალურ ადგილს".
7 წლის შემდეგ, 2022 წლის 2 აპრილს, 45 წლის მანტასი კამერით ხელში დაიღუპა სწორედ მარიუპოლში, ქალაქში, რომელიც მისთვის მშობლიური გახდა, რომელსაც არა მარტო იღებდა, არამედ იცავდა კიდეც. მანამდე მანტასი რუსებს ტყვედ ჩაუვარდა. მოგვიანებით გაათავისუფლეს. მანქანას, რომლითაც დაჭრილი რეჟისორი გადაჰყავდათ, პუტინის რაკეტა მოხვდა. თუმცა მისმა მეგობრებმა განსხვავებული ინფორმაციაც გაავრცელეს - ისინი ირწმუნებიან, რომ მანტასი რუსმა ჯარისკაცებმა ტყვეობაში ყოფნის დროს აწამეს და მოკლეს.
ასე გახდა რეჟისორი და ოპერატორი თავისივე დასრულებული ფილმის გმირი. ასე გადაიქცა დოკუმენტური ფილმი რეალობის ნაწილად - ისტორიამ გააგრძელა კინო, რომელსაც როდის ექნება ფინალი, ჯერ არავინ იცის. ფილმის ავტორი მოკლეს. მაგრამ მარიუპოლელები ისევ იცავენ თავიანთ ქალაქს.
დოკუმენტური კინოს მაქსიმალური გათავისუფლება "საავტორო ჩარევისგან", მაყურებლის მანიპულაციისგან - ეს იყო მანტას კვედარავიჩიუსის მიზანი თავიდანვე, როცა 2011 წელს პირველი ფილმი, "ბარზაკი" დაასრულა, ერთ-ერთი საუკეთესო სურათი კადიროვის ჩეჩნეთზე, ამბავი ქალებზე, რომელთა ქმრები ჩეჩნეთის ხელისუფლებამ მოიტაცა და დახვრიტა. მათ ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ "კადიროვის მტრები" ცოცხლები არიან.
მოგვიანებით ათენში გადასახლდა. საბერძნეთი და ბერძნები ყოველთვის აინტერესებდა და ალბათ უფრო ამიტომ მიიპყრო მისი ყურადღება უმეტესად ეთნიკური ბერძნებით დასახლებულმა ქალაქმა აღმოსავლეთ უკრაინაში, მარიუპოლმა, რომლის ნახევარს 2015 წელს, როცა რეჟისორი იქ ჩავიდა, უკრაინელები აკონტროლებდნენ, მეორე ნახევარს კი რუსები. შესაბამისად, ფილმს, რომელსაც ასე, ნახევრად ოკუპირებულ ქალაქში თითქმის ერთი წელი იღებდა, ბერძნული სახელი "მარიუპოლისი" უწოდა.
"მარიუპოლისი" ერთგვარი ვიზუალური ჰიმნია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, შემზარავ ომამდე რამდენიმე წლით ადრე. ამავე დროს, ესაა სიცოცხლის ნების გამომხატველი დოკუმენტური კინოფრესკა. ომი კარსაა მომდგარი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მეწაღე არალეგალურად თევზაობს, ვიღაცები ჭადრაკს თამაშობენ, ვიღაცას პაემანზე ეჩქარება, ვიღაცას მაღაზიაში... აქვე, გვერდზე ჯარისკაცებს წვრთნიან. დროდადრო ქალაქს ბომბავენ და ბარიკადებისთვის მაცივრებს იყენებენ. ფილმის ცენტრალური გმირი, მეწაღის ქალიშვილი, ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცდილობს ყველაფერი გააშუქოს, რაც ქალაქში ხდება. სკოლების, საცხოვრებელი სახლების ნანგრევებიდან მიჰყავს რეპორტაჟები. თუმცა თითქმის ერთნაირი ინტონაციით ჰყვება, მაგალითად, საბავშვო ბაღში გამართულ დღესასწაულსა და მორიგ დაბომბვაზე. მეტიც, რეპორტაჟის ჩაწერის წინ თავის გარეგნობაზეც ზრუნავს. მედია ახალი ამბისგან, მათ შორის ომისგან, სანახაობას ქმნის. თუმცა თავად კვედარავიჩიუსის კამერა ემიჯნება სანახაობის ამ ვნებას. რაც გასაგებია - ფილმის ავტორი ხომ ომის და მშვიდობის რეპრეზენტაციას იკვლევს.
აგერ ქარხნის მუშებისთვის კონცერტს მართავენ. მერე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. კონცერტი, რომელიც მხოლოდ გასამხნევებლად, ანდა ყურადღების გადასატანად ეწყობა, ამ ხალხს ვერ შველის. ამიტომაც ეტირებათ.
დიახ, სიცოცხლის იმიტაცია მხოლოდ თავდაცვის საშუალებაა მათთვის. ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი უბრალოდ თავს იტყუებენ, არ უნდათ აღიარონ, რომ ხიფათი არათუ მოახლოებულია, არამედ აქვეა, მათ გვერდზე. მაგრამ, რომ აღიარონ, რა შეიცვლება? ეს მოხუცები, ქალები, ბავშვები... სად უნდა წავიდნენ? მათი სახლი აქაა.
კვედარავიჩიუსისთვის ომი არაა სანახაობა, რასაც ხშირად ელის ხოლმე მაყურებელი ომის თემაზე გადაღებული ფილმებისგან. სწორედ სანახაობისგან დისტანცირება ანიჭებს ამ არაჩვეულებრივ ფილმს არა მარტო მხატვრულ, არამედ პოლიტიკურ მნიშვნელობას. "მარიუპოლისში" თავად კინემატოგრაფიული ენა ხდება პოლიტიკური, რადგან შეუძლებელია სისასტიკის აღწერა "არაპოლიტიკური ენით", იმის მტკიცებით, რომ "ხელოვნება სხვაა და პოლიტიკა სხვა", ანდა "დოკუმენტალისტმა მხოლოდ უნდა აღწეროს სინამდვილე".
ამ ენას ფილმში პირველ რიგში კამერა ქმნის, კვედარავიჩიუსის მიდრეკილება ახლო და ძალიან ახლო ხედებისკენ. პარადოქსი ისაა, რომ რამდენადაც პოლიტიკურად მწვავეა მხატვრული ენა, იმდენად თითქმის სრულიად დაცლილია შინაარსი პოლიტიკისა და მანიპულაციისგან. არსებითად "მარიუპოლისში" მხოლოდ ერთი პოლიტიკური სცენაა - 9 მაისის აღნიშვნა, როცა რუსეთის მხარდამჭერები პირისპირ რჩებიან უკრაინის მხარდამჭერებთან. ჩხუბობენ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ომი. მარიუპოლი ალყაში 7 წლის შემდეგ მოექცევა.
ამის ცოდნა ახლა უკვე ახალ სიცოცხლეს ანიჭებს მანტას კვედარავიჩიუსის ფილმს. ეს ხალხი გავიცანით, შევიყვარეთ. ახლა სად არიან ნეტა? ყველა დაიღუპა? სადღაც სარდაფში იმალებიან? იქნებ გამოიყვანეს? კარგად შეხედეთ ამ ადამიანებს, სიცოცხლეს რომ ებღაუჭებიან და ხანდახან უხარიათ: "დაგვპირდნენ, რომ დღეს არ დაგვბომბავენ!.." მაშ, რატომ არ ვიქეიფოთ ქორწილში? უნდა მოვასწროთ, უნდა ავუხსნათ ერთმანეთს სიყვარული, სანამ ცოცხლები ვართ.
ფილმი შეგიძლიათ ნახოთ აქ: