საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც.
"უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა [რუსლან] სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ასევე ნახეთ ახორციელებს თუ არა რუსეთი გენოციდს უკრაინაში?საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შალვა პაპუაშვილის სახელზე მსგავსი შინაარსის ოფიციალური მიმართვა არ შესულა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 150-ზე მეტი ბავშვია მოკლული.