ათობით ადამიანი დაიღუპა დონეცკის ქალაქ კრამატორსკის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად

მოსახლეობის ევაკუაცია კრამატორსკის სადგურში.

ათობით ადამიანია დაღუპული დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად.

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს, ინფორმაციით, იერიში რუსეთის კუთვნილი „ისკანდერის“ რაკეტით განახორციელა რუსეთის არმიამ, რომელიც ქალაქს უტევს. სარაკეტო იერიშის დროს რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ.


დონბასელი სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ იერიში უკრაინის ჯარებმა რაკეტა „ტოჩკა-უ“- თი განახორციელეს.

დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა ზუსტდება.

გაერო აცხადებს, რომ 3 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დადასტურებულია 1500-მდე სამოქალაქო პირის სიკვდილი, თუმცა რეალური მონაცემი, დიდი ალბათობით, ამ რიცხვს მნიშვნელოვნად აჭარბებს.