დილის შვიდი საათია. თევზსაჭერი სეინერი „ბეშუმი“ ბათუმის პორტს ტოვებს და თავისი ექვსკაციანი ეკიპაჟით სათევზაოდ გადის. მათთვის ნებადართულ არეალში, სადაც თევზის ჭერა აკრძალული არ არის, დაბნელებამდე უნდა იტრიალონ - წინ და უკან იარონ, თევზი ეძებონ - იმდენი მაინც უნდა დაიჭირონ, რომ მასში აღებულმა ფულმა, სულ ცოტა, გემისთვის საჭირო საწვავის ხარჯი დაფაროს. დღეში „ბეშუმს“ სამასი ლიტრი დიზელი მაინც სჭირდება. დანარჩენი უკვე ეკიპაჟის იმ დღის სარჩოა.

„ბეშუმი“ ახალგაზრდა გემია - ის 2016 წელს ააგეს. ეკიპაჟის რამდენიმე წევრი მის მშენებლობაში ჩართულიც იყო. ანზორ დოლიძეს, რომელიც გემზე მზარეულოცაა, კარგად ახსოვს 2016 წლის 12 ივნისი, როცა „ბეშუმმა“ პირველად შეცურა ღია ზღვაში - სხვა გემებისგან მას მაშინვე გამოარჩევდა მისი ნარინჯისფრად შეღებილი კორპუსი.

გემის ეკიპაჟი ექვსი ადამიანისგან შედგება. „თევზის მომთვინიერებლები“ - კაპიტანი მოგელი ფარულავა, გემის მექანიკოსი - ირაკლი ხინიკაძე, ყველაზე გამოცდილი მეთევზე - სიმონ გორდაძე, მებადური მამუკა კირცხალია, ბოცმანი („მატროსი“, როგორც თავად ამბობს), ვახო ჯინჭარაძე და შეთავსებით მზარეული და მეთევზე ანზორ დოლიძე.

ეკიპაჟი სწორედ ანზორ დოლიძემ უნდა გამოკვებოს. თუ ისეთი დარია, როგორც დღეს იყო, წვნიანიც მომზადებაც შეიძლება. დღეს ხორციანი კერძი ექნებათ - ზღვა არ ღელავს და არც ქვაბის თოკებით დამაგრება გახდება საჭირო. ისე, როგორც ეს შტორმის დროს უწევთ. თუ ზღვა „ცუდია“ - მაშინ მშრალ საჭმელზე უნდა გადაიარონ. მაგრამ დილა აუცილებლად ჭიქა ყავით იწყება. მერე კი, ბადის ჩაშვების დროც მოდის.

„ბეშუმზე“ ყველამ თავისი საქმე იცის. როცა კაპიტალი მოგელი ფარულავა ბადის ჩაშვების ან ამოღების განკარგულებას გასცემს და ეკიპაჟს საჭირო მითითებს მისცემს, წამში ყველა თავის ადგილას დგება. ეს გადანაწილება იმისთვისაა საჭირო, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ დასრულდეს.

ბადის მოვლა, მისი დაკემსვა, შეკეთება მებადურის საქმეა. მამუკა კირცხალია თევზის ამოღების დროს სწორედ ბადესთან დგას - ეს მისი ადგილია. მერე კი, სანამ უკან ჩაუშვებს, გულდასმით უნდა დაათვალიეროს, ხომ არაფერი დაზიანდა. სულ ათი მებადურიღა თუ ვიქნებითო დარჩენილი ბათუმსა და ფოთში, ჩივის.

დავაკვირდი, რომ ამ ადგილზე ვახო პირველი მიდის ხოლმე. და ელოდება როდის გაისმება ბადის ამოღების განკარგულება. წინასწარ წყალგაუმტარ იცვამს, რადგან როცა ბადე ამოდის, გემბანი მთლიანად სველდება.

პირველი თევზიც გამოჩნდა. ახლა უნდა გადაირჩეს. თევზის რჩევა ის საქმეა, რომელშიც ყველა ჩართულია. მზარეულიც, მებადურიც, მექანიკოსიც - ყველა იმიტომ, რომ ბადის ყოველი ამოღების შემდეგ გემბანი მალევე უნდა მოირეცხოს, გაიწმინდოს და მომზადდეს შემდგომი ჩაშვებისთვის. ამიტომ თევზს დროულად უნდა მოევლოს და სახეობის და ზომების მიხედვით დაბინავდეს. წვრილ „ბარაბულკას“ სხვა ფასი აქვს, უფრო მოზრდილები, ცხადია, ძვირდ ფასობს. ამიტომ შერევა არ გამოვა.

წინასწარ არასოდეს იციან რამდენ თევზს დაიჭერენ. დღევანდელ დღეს არა უშავდა - დილის შიში, რომ თევზი არ ჩანდა, გაქარწყლდა. ხარჯი დაიფარება და არც ჯიბეცარიელი დაბრუნდებიან შინ. თან დღეს რამდენიმე მოზრდილი კამბალაც დაიჭირეს, რომელსაც უკეთესი ფასი აქვს. თუმც კი თევზის ბაზარზე ყველაფერი მიტანისთანავე ორმაგ ფასში იყიდება. ეს მეთევზეებს, დამქანცველი შრომის მერე, ცოტა არ იყოს, გულს წყვეტს.

დღევანდელ დღეს თითქოსდა არ უჩანს ცუდი პირი. ამ ნიჩაბს რა არ ამოჰყოლია თევზთან ერთად, შიფერის ნატეხიდან დაწყებული, თუნუქის ფურცლით დამთავრებული.

ზღვა მედუზებით იყო სავსე. სიმონ გორდაძე ახლა სწორედ მედუზებსა და თევზებს აცალკევებს.

როცა თევზი გადარჩეული და დაბინავებულია, მერე „ბეშუმის“ ლაგება იწყება და ასე ხდება ყოველ ჯერზე, ბადის ამოღების და ჩაშვების შემდეგ - ეს პროცესი კი დღეში რამდენჯერმე მეორდება. შეიძლება ბადე ექვსჯერ- შვიდჯერ ჩაუშვან. ამ ბადეს ფსკერული ბადე ჰქვია. მერე გემბანი უნდა მოირეცხოს.

„ბეშუმს“ მუდამ ჰყვანან გამცილებელი დელფინები და თოლიები. ბადის ამოღებისას ორივე ძალიან ახლოს მოდიან - იციან, რომ თევზი მათაც შეხვდება. როცა ბადე უკვე გემზეა, ისინი „ბეშუმს“ ჭყივილით შორდებიან და უკვე შორს, მზის სხივების ფონზე გაიელვებს ხოლმე მათი ლაპლაპა ზურგები. „ბეშუმის“ ეკიპაჟს მათი ყურება არ ბეზრდება. ანზორის ტიკტოკზე დელფინების უამრავ ვიდეოს იპოვით.

დღეში რამდენჯერმე, როცა ბადე ჩაშვებულია და მთელი ეკიპაჟი თევზის მოლოდინშია, ყველა ისვენებს. ხამსის ჭერის სეზონზე ასეთი დასვენება არ გამოდის, რადგან მაშინ საქმე მეტია და თან მთელი გემი თევზითაა სავსე. ახლა კი შეუძლიათ ახალ ამბებს შეხედონ ტელევიზორში, ყავა გაიმეორონ, ოჯახს შეეხმიანონ და ტელეფონს ჩახედონ - ტელეფონი ზღვაში გასულ მეთევზეებს ძალიან ართობს.

სიმონ გორდაძე 21 წლის ბიჭი იყო როცა გემზე მივიდა. მას შემდეგ 40 წელი გავიდა და ის ისევ მეთევზეა. პროფესია არ მიუტოვებია. ზღვამ მიჩვევა იცისო ამბობს და ვეღარც ითვლის, მერამდენედ გაჰყურებს ამ დაზეპირებულ პეიზაჟს.

ირაკლი ეკიპაჟის ყველაზე მკვირცხლი წევრია - სულ ზემოთ-ქვემოთ დარბის და ხანდახან , აი, ასეც შეიძლება გამოიჭიროთ. მას, როგორც გემის მექანიკოსს აბარია „ბეშუმის“ „გულიც“.

მოშორებით, თავის პერიმეტრზე მეორე თევზსაჭერი სეინერი „ვეგა“ დაცურავს. გემის კაპიტნები დროდადრო ერთმანეთს ეხმიანებიან - აინტერესებთ მათ კვადრატში მოვიდა თუ არა თევზი. დილით ორივე იმედგაცრუებულია, თუმცა ეს სურათი შუადღისკენ სასიკეთოდ იცვლება. "ვეგაც" აღარ ჩანს უკმაყოფილო. ხანდახან ერთმანეთს ეხუმრებიან კიდეც. თუ იცი ზღვის კატას რა ჰქვია? ეკითხება „ბეშუმის“ კაპიტანი „ვეგას“ კაპიტანს რაციის დახმარებით და სიცილით თავადვე პასუხობს - კუდხანჯალა!

ღამდება.

მოგელი ფარულავა ბოლო მითითებს იძლევა. კაპიტანი ღამით გემზე რჩება. შინ, ფოთში, სადაც ოჯახი ელის, ის მხოლოდ მაშინ მიდის, როცა გემი ისვენებს და ზღვაში არ გადიან. კაპიტანი შტურვალს მხოლოდ რამდენიმე წუთით ტოვებს ხოლმე, როცა თევზს უნდა დახედოს და სპეციალურ ჟურნალში შეიტანოს ინფორმაცია.

„ბეშუმი“ ნაპირისკენ იღებს გეზს. ამ დროს, დაახლოებით 8-9 საათისკენ უკვე იციან როგორია იმ დღის ნადავლი. მეორე დღის გეგმებს სახავენ. ეკიპაჟის ნაწილი, ვინც ბათუმელი არ არის, გემზევე რჩება. „ბეშუმი“ თავის ადგილს უბრუნდება პორტში და მეორე დღემდე ისვენებს. მეორე დღე რომ წინაზე უკეთესი უნდა იყოს, ამისი მეთევზეებს სულ სჯერათ.

ხვალ ახალი დღეა.