ბიბილოვი და კოკოითი შერიგდნენ - ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა გაუგებარი თანამდებობა მიიღო

ანატოლი ბიბილოვი, ედუარდ კოკოითი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკიდან დაბრუნების შემდეგ, ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის შეხვდა და ის "სამხრეთ ოსეთის" სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ განმავლობაში.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ანატოლი ბიბილოვმა საზოგადოებას თავის „ტელეგრამ"-არხით ამცნო. მოგვიანებით ოსურ მედიაში მათი შეხვედრის ფოტოებიც გავრცელდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დიდი გამოცდილება დაეხმარება მას (კოკოითის) ჩვენი რესპუბლიკის ჰუმანიტარული მისიის კოორდინაციაში დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებში და ასევე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევის პრობლემების დროულად გადაჭრაში", - განაცხადა ბიბილოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილის დაბრუნების ინციდენტმა არ უნდა დაარღვიოს იმ მებრძოლების მხნეობა, რომლებიც ახლა სპეცოპერაციის ზონაში იმყოფებიან.

„ამ ნაწილში მე და ედუარდ კოკოითი განვიხილავთ საერთო გეგმებს. ჩვენ გვჭირდება ეს, ჩვენს ბიჭებს სჭირდებათ", - დასძინა ბიბილოვმა.

ეს ცნობა მოულოდნელი აღმოჩნდა დე ფაქტო ხელისუფლების ოპონენტებისთვის, რომლებმაც სოციალურ ქსელში კოკოითი ოპოზიციური ინტერესების ღალატსა და ფულის აღებაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, ოპოზიციონერებისთვის და სამოქალაქო აქტივისტებისთვის კოკოითისთვის ბოძებული თანამდებობაც გაურკვეველია. ერთმა კომენტატორმა სოციალურ ქსელში სრული სერიოზულობით იკითხა: „გამოდის, რომ კოკოითი სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლად დანიშნეს რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე“.

უკრაინიდან სამხედრო მოსამსახურეების სახლში დაბრუნება და რუსეთის გენერალიტეტის დადანაშაულება მათ გაწირვაში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. 300 ცხინვალელი ჯარისკაცის სახლში დაბრუნებას ხელი შეუწყო კოკოითისთან დაახლოებულმა ყოფილმა მებრძოლმა, ბალა ბესტაუთიმ. ცხინვალში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ, ბალამ გამოიყვანა ისინი ბრძოლის ველიდან. ეს ჯარისკაცები და მათი ოჯახები კი ვალში არიან ახლა ბალასთან და კოკოითისთან, ამიტომ ბიბილოვ-კოკოითის შერიგება, მათი ხმების მობილიზაციისთვისაც კეთდება. მანამდე ადგილობრივ ჯარისკაცებსა და ვეტერანებში ბიბილოვის მიმართ ნეგატიური განწყობა იყო.

დღესვე ცხინვალის ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ის განცხადებები, რომლებსაც კოკოითი ბიბილოვის წინააღმდეგ აკეთებდა. მაგალითად, ამონარიდი ერთ-ერთი განცხადებიდან: „მათი წყალობით, ვინც არ გატყდა და არ შეეკრა ბიბილოვის რეჟიმს, გამარჯვება გველოდება უახლოეს დღეებში. თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას არჩევანი - ოსეთის თავისუფალი მომავალი ან გარიგება სინდისთან, ჩემთვის ეს არჩევანი ნათელია. ჩვენ მივაღწევთ კონსტიტუციის უზენაესობას, აღვადგენთ კანონს და ხალხის ნების გამოხატულებას“, - ეს განცხადება კოკოითიმ 24 მარტს გააკეთა. ამიტომ ოპოზიციაში დარჩენილი კანდიდატები და მათი მომხრეები კოკოითის სწორედ სინდისს ახსენებდნენ. იმასაც აღნიშნავენ, რომ წინა არჩევნების დროსაც, 2017 წელს, ის ცხინვალში დიდი ხმაურით ჩავიდა, არ დაარეგისტრირეს და მერე უჩუმრად გაქრა. ახლაც მსგავსი რამ მოხდა, კოკოითის კენჭისყრა უნდოდა, მაგრამ მას რეგისტრაციის უფლება არ მისცეს, ამის შემდეგ იმუქრებოდა ხალხის ქუჩაში გამოყვანით, მაგრამ საბოლოოდ ისევ ბიბილოვის ნავში აღმოჩნდა. ოპოზიცია მას ფულის აღებაში ღიად ადანაშაულებს.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება. ბიბილოვის გარდა, მასში მონაწილეობას კიდევ ოთხი ე.წ კანდიდატი იღებს და მის მთავარ კონკურენტად ალან გაგლოევს მიიჩნევენ, რომელსაც მხარს უჭერს სამოქალაქო პლატფორმა. ეს პლატფორმა ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ, შექმნა და თანამოაზრეები გააერთიანა.