შეეძლო თუ არა უკრაინას რუსეთის თავდასხმის არიდება?

ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში. 2002 წლის 3 აპრილი.

"ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეს ომი არ შემდგარიყო", - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამგვარი განცხადებები საქართველოში მოქმედი პრორუსული, ანტიდასავლური ძალებისა და არა მარტო მათი მხრიდან, სულ უფრო ხშირად ისმის. 

ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს ომის თავიდან არიდება შეეძლო და კრემლთან დიალოგის შემთხვევაში უკრაინა არც დამატებით ტერიტორიებს დაკარგავდა.

მრავალი ფაქტისა და მოვლენის ანალიზის საფუძველზე, ასეთ დაშვებას აბსურდულად მიიჩნევენ ანალიტიკოსები და ამაზე თავად რუსეთის მიერ გამჟღავნებული გეგმებიც მეტყველებს.

  • იყო თუ არა შესაძლებელი უკრაინაში რუსეთის შეჭრის თავიდან არიდება?
  • რის ფასად შეეძლო მშვიდობის შენარჩუნება უკრაინას?

უშედეგო მცდელობები

პრორუსული ძალები ხშირად იმეორებენ, რომ ომის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან შეხვედრასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს დიდხანს გაურბოდა.

უკვე დავავალე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას დაუკავშირდეს და იპოვონ დრო და ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ შეხვედრას“, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის აპრილში გააკეთა.

ეს ის დროა, როცა უკვე შეიმჩნევა რუსეთის არმიის კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან და დასავლელი პარტნიორების აქტიური ძალისხმევაც უპასუხოდ რჩება.

ასევე ნახეთ ზელენსკი ვარაუდობს, რომ პუტინთან მისი პირადი შეხვედრა „შეიძლება არც შედგეს“

ზელენსკიმ პუტინს შეხვედრისკენ 2022 წლის თებერვალშიც, ომამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწოდა, როცა ის სწორედ რუსეთის, უკვე გარდაუვალი, თავდასხმის პრევენციის ბოლო იმედით, დასავლელ ლიდერებთან შესახვედრად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავიდა. პუტინთან შეხვედრის თანხმობა მან მისცა თურქეთის პრეზიდენტ ერდოანსაც, უფრო ადრე, თებერვლის დასაწყისში, კიევში მისი სტუმრობის დროს.

მაგრამ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა 2019 წლის დეკემბრის შემდეგ [„ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში] ვეღარ შედგა. ეს იყო ზელენსკისა და პუტინის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შეხვედრა.

მოსკოვი კიევს ხშირად მიუთითებდა, რომ შეხვედრა, პირველ რიგში, ოკუპირებული დონბასის სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან უნდა გაემართა.

შესაძლებელი იყო თუ არა რუსეთის შეჩერება?

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ზაზა შენგელია გვეუბნება, რომ პუტინმა ომი უკრაინას 8 წლის წინ (2014 წელს), ჯერ კიდევ ზელენსკის გაპრეზიდენტებამდე (2019 წელი) გამოუცხადა და ასევე ხანგრძლივად ემზადებოდა მასშტაბური, ღია თავდასხმისთვის.

„ეს იყო ამოქოქილი მექანიზმი, რომლის შეჩერებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ამაზე მიანიშნებს ის არათანმიმდევრული და აბსურდული მოთხოვნები, რომლებიც რუსეთმა [ომის წინ], ერთი მხრივ, შეერთებულ შტატებს და, მეორე მხრივ - უკრაინას წაუყენა... მაგალითად, ჰქონდა ერთი ასეთი მოთხოვნა, რომ ნატო უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის საზღვრებს [როცა მის შემადგენლობაში არ იყო პოლონეთი თუ ბალტიის ზღვის ქვეყნები], რაც მსოფლიო დონის გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გულისხმობდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზაზა შენგელია.

დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის ნათელია, რომ რუსეთს არ სურდა შეთანხმების მიღწევა არც უკრაინასა და არც დასავლეთთან; ამის გამო, „მინსკის შეთანხმებებსაც“ სათავისოდ განმარტავდა და უკრაინისგან, ფაქტობრივად, „ოკუპაციასთან შეგუებას მოითხოვდა“. შემდეგ კი, ამ შეთანხმებების დარღვევა მოსკოვმა თავად უკრაინას დააბრალა.

„ომის შეჩერება უკრაინას შეეძლო - ეს არის წმინდა რუსული ნარატივი. მაშინ გამოდის, რომ ზელენსკის უნდა დაეშალა უკრაინის სახელმწიფო და რუსეთისთვის უნდა ჩაებარებინა. ასე წარმოუდგენიათ რუსეთში მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა - თუ ჩვენთან არ იქნებით, ველურებივით შემოგესევით და დავაქცევთ ყველაფერს. ასე მოხდა 2022 წელს უკრაინაში, როგორც 2014 წელს, და მანამდე, 2008 წელს საქართველოში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი.

ასევე ნახეთ პუტინიზმის თვითლუსტრაცია და მანიფესტი

უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს, როცა ოკუპირებული დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა, პუტინმა გარკვევით თქვა, რომ უკრაინა (მისთვის) არის არა სახელმწიფო, არამედ ლენინის დახმარებით შექმნილი გაურკვეველი წარმონაქმნი.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ვებსაიტზე 3 აპრილს გამოქვეყნებული სტატია-მანიფესტი კი უფრო ცხადს ხდის რუსეთის გეგმებს და ზუსტად ხსნის რუსი დამპყრობლების უკრაინაში მოქმედებების სისასტიკესაც. ამ, ბევრის შეფასებით, ფაშისტური ტექსტის მიხედვით:

  • სახელწოდება „უკრაინა“ არ შეიძლება შენარჩუნდეს
  • დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას სახალხო რესპუბლიკები
  • არანაირი „ნეიტრალიტეტი“, იდეოლოგიური და პრაქტიკული გაგებით, არ შეიძლება არსებობდეს: შეუძლებელია, ამ ტერიტორიაზე რამე ორგანიზაცია არ ეყრდნობოდეს რუსეთის ძალისმიერ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას
  • დენაციფიკაცია გარდაუვალად ნიშნავს დეუკრაინიზაციას და დეევროპეიზაციას
  • საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, უკრაინა შეუძლებელია შედგეს ეროვნულ სახელმწიფოდ
  • უკრაინიზმი ხელოვნური ანტირუსული კონსტრუქციაა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ცივილიზაციური შინაარსი

ყველასათვის ცხადია, რომ ეს სტატია შემთხვევით ვერ მოხვდებოდა რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ უწყებაში.

Новороссия

დანაწევრებული უკრაინის ხელში ჩაგდების თადარიგის დაჭერა რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როცა მისი სამხედრო მხარდაჭერით დონბასელმა სეპარატისტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე ორი ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

შემდეგ მათ, მალევე, 2014 წლის მაისში, დააფუძნეს კონფედერაციული „სახელმწიფო“, რომელსაც, რუსული წყაროების მიხედვით, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მე-18 საუკუნეში არსებული გუბერნიის სახელი - „ნოვოროსია“ (Новороссия) დაარქვეს. ამ „სახელმწიფოს“ ტერიტორია სცდება დონბასის საზღვრებს.

ნოვოროსიის“ დედაქალაქებად, რუსული ისტორიული წყაროებით, სახელდება ამჟამინდელი უკრაინული ქალაქები - კრემენჩუგი (პოლტავის ოლქში) და დნეპრი (უკრაინულად დნიპრო - დნეპროპეტროვსკის ოლქი). სეპარატისტების მიერ შექმნილი კონფედერაციის საკითხი 2015 წელს თითქოსდა „მინსკის შეთანხმებების“ გამო შეჩერდა.

ასევე ნახეთ „ტყუილი და ღალატი!“ - რა აშფოთებთ კრემლის მომხრეებს და რას მოელიან კიევში

კრემლის მომხრე პოლიტიკოსებთან ერთად რუსეთში სასულიერო პირებიც იმეორებენ, რომ უკრაინა იგივე რუსეთია და ის „თავის წიაღში“ უნდა დაბრუნდეს.

უფრო ფართოდ კი, რუსეთში ხშირად ლაპარაკობენ იმპერიის აღორძინებაზე, რაც სახელმწიფოთა ახლებური „საბჭოთა კავშირის“ შექმნასთან იგივდება. უკრაინის მსგავსად, მისთვის საქართველოს სახელმწიფოს არსებობაც რომ საეჭვოა, ამის შესახებ რუს ჟურნალისტებს 2019 წელს უთხრა - „გავრილოვის ღამის“ შემდეგ გაბრაზებულმა პუტინმა.

ამ დროს, საქართველოში

პრორუსული ძალები მოსკოვისკენ მიზიდულობას სამშვიდობო დიალოგის სასწრაფოდ დაწყების აუცილებლობით ხსნიან.

„პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ჩასული ლიდერები თვლიან, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს არ ეხება, მაგრამ მშვიდობა თუ უნდა, თბილისმა ნატოზე უნდა თქვას უარი.

ასევე ნახეთ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში შეხვედრა გამართეს 
ასევე ნახეთ "მიზიდულობის ცენტრი" - რას სთხოვენ რუსეთს ქართული პრორუსული ძალები 

ასე იყო უკრაინაში

  • 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირების შემდეგ, 2010 წლიდან, როცა უკრაინის სათავეში პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი მივიდა, უკრაინის შიდაპოლიტიკური პრიორიტეტად ისევ უბლოკო სტატუსი აქცია.
  • ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვა უკრაინის კონსტიტუციაში მხოლოდ 2019 წელს აისახა (პრეზიდენტ პოროშენკოს დროს), თუმცა რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს, დონბასში ორი სეპარატისტული „რესპუბლიკის“ შექმნის გარდა, ყირიმის ანექსიაც მოახდინა.
  • 2022 წელს, ომის დაწყების წინ, უკრაინას ნატოში ინტეგრაციის გზაზე გარდამტეხი წინსვლისთვის არ მიუღწევია.

ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ რუსეთის გეგმები საერთაშორისო პარტნიორებმა, მთლიანობაში, 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააცნობიერეს და სწორედ ამიტომ იქცა უკრაინა, მისი პრეზიდენტი თუ ქვეყნის დროშა თავისუფლების სიმბოლოებად მსოფლიოში.

ასევე ნახეთ სტოლტენბერგი: ნატო გააღრმავებს უკრაინის იარაღით მხარდაჭერას, საქართველოს და ბოსნიას დაეხმარება თავდაცვის უნარის გაძლიერებაში

„საქართველოში რატომღაც ფეხი მოიკიდა ხრიკმა, რაც გულისხმობს მშვიდობისა და თავისუფლების დაპირისპირებას. ეს არის ყალბი და ფსევდო არჩევანი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, მაგრამ საკმაოდ ეფექტური და საშიშია“, - გვეუბნება ზაზა შენგელია და დასძენს, რომ, ისტორიულად, ასეთ მიდგომას ჯერ არსად გაუმართლებია.

და სხვა რუსული მესიჯები

სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, საქართველოში აქტიურად მსჯელობენ რუსეთის ინტერესების შესაბამისი კიდევ რამდენიმე მესიჯის გარშემო.

მესიჯი #1 - უკრაინაში იბრძვის მხოლოდ დასავლეთის მიერ ხელდასმული ადამიანების მცირე ჯგუფი, რომლებსაც პირადი კეთილდღეობის, ძალაუფლების ინტერესები ამოძრავებთ.

კონტრარგუმენტები:

მაშინ როგორ მოახერხა ადამიანების მცირე ჯგუფმა რუსეთის მინიმუმ 200-ათასიანი არმიისთვის ასეთი ძლიერი წინააღმდეგობის გაწევა? უკვე რუსი პროპაგანდისტებიც კი აღიარებენ, რომ „ბლიცკრიგით“ კიევის აღების გეგმა სწორედ უკრაინელი ხალხის ერთიანობის ძალით ჩავარდა. კიევს მუდმივად უწევს იმის ახსნა, რომ კომისარიატებთან რიგებში მდგომი ადამიანების ომში წაყვანას შეიარაღების ნაკლებობა აბრკოლებს. მათ შორის კრემლისტი ექსპერტებიც აღიარებენ, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, უკრაინა სწრაფადვე მოახერხებს მილიონი მებრძოლის შეკრებას.

მესიჯი #2 ზელენსკის ხელისუფლებას ხალხი არ უჭერს მხარს - ამის დასტურად, მაგალითად, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ოდესის მკვიდრის (სახელი და გვარი უცნობია) ვიდეომიმართვა რუსეთის არმიისადმი - ხალხი თქვენს მხარეს არის, გაგვათავისუფლეთ, პუტინის სტრატეგია მისასალმებელიაო.

კონტრარგუმენტები:

თავად კრემლის პროპაგანდისტებიც აღიარებენ, რომ „ყვავილებით დახვედრის“ ილუზია მალევე გაქრა და უკრაინელი ხალხი რუსეთს ერთ მუშტად დაუპირისპირდა. არ გამართლდა რუსეთის იმედი, რომ მათ შეჭრას მიესალმებოდა, მაგალითად, უპირატესად რუსულენოვანი ქალაქი ხარკოვი. უპასუხოდ დარჩა თავად პრეზიდენტ პუტინის მიმართვა უკრაინელებისადმი, რომ ადგილებზე აეღოთ ძალაუფლება ხელში და რუსეთი მათ გაურიგდებოდა. ყველა იმ დაბასა თუ ქალაქში, სადაც რუსები შედიან, ხალხი მიტინგებს აწყობს და ეს ქალაქ ხერსონის მაგალითზეც კარგად ჩანს. „ტერობორონის“ (ტერიტორიული თავდაცვის) ძალები სწორედ სამოქალაქო პირებით არის დაკომპლექტებული და ისინი სხვადასხვა პარტიზანული მეთოდით უპირისპირდენიან რუსეთის არმიას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 43 დღე გავიდა და, მისი სისასტიკის მიუხედავად, სულ უფრო საეჭვო ხდება, რომ კრემლი მიზნების მიაღწევას შეძლებს.

დამოუკიდებელი ექსპერტები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ რუსეთმა ვერ გათვალა მთავარი - უკრაინელი ხალხის წყურვილი თავისუფლებისკენ.