რუსეთის შეჭრას უკრაინაში აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პოლიტიკური კლასი ერთსულოვანი მხარდაჭერით შეხვდა. ომის დაწყების პირველივე დღეებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღიარა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. აფხაზეთის მცხოვრებთა ნაწილი მოხალისედ ჩაეწერა რუსეთის არმიის რიგებში, ნაწილი კი, როგორც რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მოსამსახურე, ისე გაიწვიეს ომში.
11 მარტს სოხუმში გაიმართა რუსეთისა და რუსული არმიის სოლიდარობის აქცია, კრემლის მოქმედებას მხარი დაუჭირა თითქმის ყველა აფხაზმა პოლიტიკოსმა. მსგავსი ვითარება იყო მთლიანად აფხაზურ საზოგადოებაშიც, თუმცა ამ საყოველთაო ერთსულოვნებაში ერთგვარი დისონანსი შეიტანა ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულმა პაციფისტურმა მოწოდებამ, რომელიც მწერალმა და ჟურნალისტმა ნადეჟდა ვენედიქტოვამ გაავრცელა და, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 20-ზე მეტი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი აწერს ხელს.
„ჩვენ, აფხაზეთის მცხოვრებლებმა, 30 წლის წინ გადავიტანეთ ომი, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სისხლისღვრა უკრაინაში. ორივე მხრიდან ადამიანების სიკვდილი მხოლოდ აღრმავებს არსებულ წინააღმდეგობებს, რომელთა გადაწყვეტაც მშვიდობიანი გზითაა აუცილებელი. გლობალურმა წინააღმდეგობამ, რომელიც ყოველდღიურად მატულობს, უკვე გააუარესა ცხოვრების ხარისხი თითქმის მთელ პლანეტაზე. ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს ბირთვული ომი, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება ყველა ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ცოცხალი და ძალიან დაუცველი არსებები! თუ დავივიწყებთ ჩვენს ადამიანურ ერთობას, შეიძლება გავანადგუროთ ყოველივე ცოცხალი. გონიერებისა და პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შეუძლია შეაჩეროს სისხლისღვრა და თავიდან აიცილოს ჭეშმარიტად მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა!“
მიმართვის ხელმომწერთა შორის არიან: ნადეჟდა ვენედიქტოვა, საიდა ალანია, რუსუდან კობიაკოვა, დიანა კერსელიანი, ნაალა კარტოზია, აიდა ლადარია, ლიუდმილა საღარია, მადიანა გარცკია, ასიდა ბუტბა, ელონა ტურავა, საიდ გაზედრავა, ინდირა აგრბა, ლიანა კვარჩალია, აზამატ ბაღატერია, ასიდა ლამია, ციალა ცკუა და ელიტა კოკოსკერია.
მოგვიანებით წერილს ბევრი სხვა ხელმომწერიც შეუერთდა, მაგრამ ბევრად მეტი აღმოჩნდა კრიტიკოსთა რაოდენობა, რომლებმაც აგრესიულად იკითხეს:
- რატომ იყავით ჩუმად მთელი რვა წელი, როცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს დონბასი და დახოცეს მისი მოსახლეობა?
- რატომ ლაპარაკობთ აფხაზეთის ყველა მცხოვრებლის სახელით?
პასუხად, ითქვა, რომ წერილის ხელმომწერებმა თავის დროზე ასევე გააპროტესტეს დონეცკისა და ლუგანსკის დაბომბვა, გაიხსენეს უკრაინელი დედებისადმი მიმართვა, რომლებიც იმ წლებში შეადგინა მოძრაობამ „აფხაზეთის დედები მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისთვის“. ნადეჟდა ვენედიქტოვამ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში იმაზეც ილაპარაკა, რომ მიმართვის ავტორებსა და ხელმომწერებს მოქმედებისკენ ბირთვული ომის საფრთხემ უბიძგათ:
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ვინც ერთხმად ეცით ჩვენს მიმართვას! გთხოვთ, ისწავლოთ ტექსტის ბოლომდე წაკითხვა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბირთვული ომის შესაძლო გაჩაღებით, რომელიც პლანეტას რადიოაქტიურ ჯოჯოხეთად გადააქცევს. დედამიწაზე დაგროვილი ბირთვული იარაღი საკმარისზე მეტია... ჩემი ცხოვრების განმავლობაში მინახავს ბევრი კონფლიქტი, რომლებმაც გარკვეული ეტაპის შემდეგ დამოუკიდებლად დაიწყეს ცხოვრება და ადამიანებისთვის თავიანთი პირობების კარნახი. ღმერთმა დაგვიფაროს, ვიცხოვროთ ისე, რომ ბირთვულმა იარაღმა დაგვიწყოს თავისი ლოგიკის კარნახი!“
მაგრამ ამ განმარტებამ არათუ განმუხტა ვითარება, პირიქით, უფრო დაძაბა. გამოითქვა ბევრი წინააღმდეგობრივი აზრი:
- „გმადლობ და, როგორც ჩვენი ომის ვეტერანი, მხარს ვუჭერ ომის შეჩერების მოწოდებას!“
- „ჩვენ, აფხაზი ხალხი, ჩვენი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ვიდექით რუსეთის მხარდასაჭერ აქციაზე, რუსეთის სადიდებლად. ვინ მოგცათ ჩვენი ხალხის აფორიაქების უფლება? წადი უკრაინაში და იქ შეაჩერე ომი!“
- „არანაირი შემწყნარებლობა... მოქალაქეობის ჩამორთმევა და ყველას დეპორტაცია უკრაინაში! თქვენღა გვაკლდით აქ“.
- „მათ გასაგონად, ვინც გამარჯვებამდე ბრძოლას უჭერს მხარს! დარწმუნებული ხართ, რომ ამჯერად რუსულ არმიას ისევე გამოუვა, როგორც გამოუვიდა 2008 წელს, როცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შველოდა? ახლა მის წინააღმდეგ დგას არა აგრესორი და ჰალსტუხისჭამია სააკაშვილი, არამედ მისი თანაზომიერი არმია, რომელსაც დასავლეთის უდიდესი ქვეყნები ამარაგებენ იარაღით. რაც დრო გადის, ასეთი ომიდან მით უფრო ძნელია გამოსვლა და კომპრომისზე წასვლა, საბოლოო ჯამში კი მხოლოდ გვამების მთები გაიზრდება“.
- „მე ომის წინააღმდეგი ვარ! მაგრამ ეს ომი ფაშიზმის წინააღმდეგაა! თუ მათ არ გაანადგურებენ, ხვალ ისინი აქ იქნებიან“.
განცხადება გაავრცელა აფხაზეთის რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო გაერთიანებამაც, რომელმაც პაციფისტური მოწოდების ავტორებსა და ხელმომწერებს შეახსენა ყველა ის კლიშე, რომელიც რუსეთის ოფიციალური პროპაგანდით დამკვიდრდა „უკრაინელი ნაცისტების შესახებ“ („15 ათასი მოკლული ეთნიკური რუსი“, „ოდესაში დამწვარი რუსი პენსიონერები“) და, რომ მშვიდობისკენ მოწოდებამ, მათი თქმით, სულ ცოტა, რვა წლით დაიგვიანა.
„ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, გვსურს სისხლისღვრის დასრულება მოძმე ქვეყანაში, სადაც ფაშისტები მძვინვარებენ. ჩვენ მშვიდობის მხარეს და სისხლისღვრის წინააღმდეგ ვართ, მაგრამ მხარს ვუჭერთ რუსეთის არმიის ქმედებებს დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის, რადგან გვესმის, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის შურისძიება, თავისი ბუნებით, გარდაუვალია“, - ნათქვამია აფხაზეთის რუს თანამემამულეთა გაერთიანების განცხადებაში.
უფრო ხისტი იყო აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი შტაბის პრესსამსახურის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „აფხაზეთის რუსული თემი“, „აფხაზეთის შავი ზღვის კაზაკთა არმია“, „აფხაზეთის კაზაკთა კავშირი და საომარ მოქმედებათა კაზაკი-ვეტერანები“, ბატალიონ „მთიელის“ ფონდი, საზოგადოებრივი მოძრაობა „აიაიირა“ და აფხაზეთის კაზაკთა საზოგადოება მკაცრად გმობენ აფხაზეთის მოქალაქეთა ნაწილის საჯარო განცხადებას, უკრაინაში სისხლისღვრის დაუყოვნებლივი შეჩერების შესახებ.
„აფხაზეთში ბევრი პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა ჯურის ლიბერალები არიან, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ გმობდნენ უკრაინის ფაშისტურ დანაშაულებს დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სწორედ ახლა გააქტიურდნენ თავიანთი დასავლელი კურატორების ბრძანებით, რათა მოახდინონ რესპუბლიკაში დასავლური ღირებულებების მხარდამჭერების კონსოლიდაცია და თავს მოახვიონ აფხაზეთის საზოგადოებას ანტირუსული პოლიტიკური დღის წესრიგი. ვფიქრობთ, რომ უადგილოა რუსეთის სპეცოპერაციისა და ნატოსთან დაპირისპირების ნებისმიერი განხილვა აფხაზეთში. მოვუწოდებთ აფხაზეთის მოქალაქეებსა და თანამემამულეებს, იყვნენ კონსოლიდირებულები და დარაზმულები უკრაინაში რუსეთის ქმედებების საკითხსა და ნატოს მტრულ რეჟიმთან ბრძოლის საქმეში და ძირი არ გამოუთხარონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას აფხაზეთში“, - ვკითხულობთ აფხაზეთში პუტინის მხარდამჭერი საზოგადოებრივი შტაბის პრესსამსახურის განცხადებაში, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პაციფისტური მოწოდების გამო დაწყებული დაპირისპირება, მხოლოდ განცხადებებისა და კომენტარების გავრცელებით არ შემოიფარგლა. 7 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პაციფისტურ განცხადებაზე ერთ-ერთი ხელმომწერი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურში დაიბარეს ახსნა-განმარტების მისაცემად. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის წარმომადგენელმა ლიანა კვარჩელიამ დაწერა:
„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ აფხაზეთში, რომლის მოსახლეობამ უზარმაზარი მსხვერპლის ფასად გადაიტანა საქართველოს მიერ თავსმოხვეული საშინელი ომი, მშვიდობისკენ მოწოდებამ შეიძლება ვინმე ისე გააღიზიანოს, რომ ისტერიამდეც კი მივიდეს... დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გამოიძახა მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი - კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, საუბარია მიმართვაზე, რომელიც ომისკენ კი არა, მშვიდობისკენ მოუწოდებს! დანარჩენების გამოძახებასაც აპირებენ. ხელმომწერთა სიაში სამამულო ომში დაღუპული აფხაზი ხალხის დედაც არის! იქნებ რამე გამომრჩა, იქნებ უკვე გადავწერეთ კონსტიტუცია და გავაუქმეთ სიტყვის თავისუფლება?! და ბოლოს, მინდა ვკითხო ჩემს თანამოქალაქეებს: რატომ დაუდგით რეპრესიების მსხვერპლთ ძეგლი სანაპიროზე? რისთვის?“
ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში - განახლებადი ინფორმაცია