პუტინის ქალიშვილები, რუსი მილიარდერების გერები, სიდედრი, იარაღის მწარმოებელი ქარხნები - აი, ვინ დაემატა სანქცირებულთა სიას

ევროკავშირი რუსეთისთვის შემზღუდავი სანქციების მეხუთე პაკეტს აქვეყნებს და პირობას დებს, რომ ზეწოლა კიდევ გაიზრდება. ისევ გრძელდება სიაც, რომელშიც შედიან პუტინის ახლო გარემოცვის ადამიანები, მასთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენები, მათი ოჯახის წევრები, რომელთაც ეზღუდებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება, ხოლო ამავე ტერიტორიაზე არსებული მათი ანგარიშები იყინება, ქონებას კი ყადაღა ედება. ახალ სიაში მოხვდა ათობით ადამიანი, ბანკი, კომპანია თუ სამხედრო ქარხანა, რომელსაც სანქციები შეეხება.

„ეს ცოტაა“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინაში ომის შესაჩერებლად, დასავლეთისგან ისევ მოითხოვს, მაგალითად, ნავთობის სრულ ემბარგოს ან რუსული ბანკების საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან სრულად გათიშვას.

სანქცირებულთა სია ამჯერადაც მრავალფეროვანია. მასში მოხვდნენ რუსი ოლიგარქები, მედიამენეჯერები, ბიზნესმენების ახლობლები, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო მთავრობების თითქმის სრული შემადგენლობა.

ასევე ნახეთ პარლამენტარები, მინისტრები,  გენერლები, ჟურნალისტები, ბანკები, კომპანიები, ტანკერები:  იხილეთ სანქციების გრძელი სია რუსეთისთვის

ახალი "შავი სია" - ჩინოვნიკები

ალექსეი ფილატოვი: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსაზღვრე რეგიონების სამმართველოს თავმჯდომარე. ის კრემლის მაღალი რანგის ჩინოვნიკია, რომელიც პასუხისმგებელია კრემლის აგრესიულ პოლიტიკაზე უკრაინის, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ის პირდაპირ იყო ჩართული ამ რეგიონების უკრაინისგან სეპარაციის პროცესში.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიჩნევს, რომ ის და სანქცირებულთა ახალ სიაში ჩამოთვლილი ყველა ადამიანი, პასუხისმგებელია იმ ქმედებების და პოლიტიკის აქტიურ მხარდაჭერასა და, რაც მთავარია, განხორციელებაში, რაც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

იგორ მასლოვი: ის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტაჟიანი თანამშრომელია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში მუშაობის გამოცდილებით. პასუხისმგებელი კრემლის დივერსიული პოლიტიკისთვის რუსეთის მოსაზღვრე (ყოფილი საბჭოთა კავშირის) ქვეყნების მიმართ. ის ასევე ცნობილია, როგორც პუტინის მრჩეველი მოლდოვასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში.

მოსაზღვრე ქვეყნებთან რეგიონული და კულტურული კავშირების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს უფროსი ცნობილია თავისი მილოცვის განცხადებებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების მიმართ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ.

ბიზნესი

ვიაჩესლავ მოშე კანტორი: რუსი ოლიგარქი, რუსეთში სასუქის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი „Acron Group“-ის აქციონერი, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირები ვლადიმირ პუტინთან. სწორედ ეს კავშირი დაეხმარა მას თავისი სიმდიდრის შენარჩუნებაში. მხარდაჭერას პუტინისა და კრემლის პოლიტიკის მიმართ ის ყოველთვის ღიად გამოხატავს და ფინანსურადაც მხარს უჭერს რუსეთის მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და იმ მოვლენებზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

ფარხად ახმედოვი: კრემლთან დაახლოებული რუსი მილიარდერი ბიზნესმენი ენერგეტიკის სფეროში, რომელიც აქტიურად ჩართულია რუსეთის საშინაო პოლიტიკაშიც.

ის არის კომპანია „Tansley Trading“-ის დამაარსებელი, რომელიც საჭირო აღჭურვილობით ამარაგებდა რუსული გაზის მწარმოებლებს. ის ასევე არის ციმბირის ნავთობისა და გაზის კომპანია „Nortgas“-ის აქციონერი და „Bechtel Energy“-ის თავმჯდომარე.

ახმედოვი კრემლთან დაახლოებული ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენია, რომელიც ისეთ ეკონომიკურ სექტორებშია ჩართული, საიდანაც რუსეთის მთავრობა მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს.

იგორ კესაევი: რუსეთში თამბაქოს დისტრიბუტორი წამყვანი მეგაპოლის ჯგუფის, „Mercury Group“-ის მფლობელი და პრეზიდენტი, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთის ხელისუფლებასა და უსაფრთხოების ძალებთან. ის ასევე არის დეგტიარევის ქარხნის მთავარი აქციონერი. ქარხნისა, რომელიც აწარმოებს იარაღს, რომელსაც შემდგომ რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.

მედია

ალექსეი პიმანოვი: რუსი პროპაგანდისტი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში მყოფი მედიაჰოლდინგ „კრასნაია ზვეზდას“ ხელმძღვანელი. ეს პოსტი მას პირადად თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შესთავაზა. სწორედ ეს ჰოლდინგი აკონტროლებს ფედერალურ ტელეარხ „ზვეზდას“, რომელიც სხვა პროპაგანდისტული რუსული არხების მსგავსად რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.

პიმანოვს აქვს ახლო კონტაქტები კრემლის ჩინოვნიკებთან, მათ შორის, დმიტრი პესკოვთან, ალექსეი გრომოვთან.

ის არის რეჟისორი 2017 წელს, ყირიმზე გადაღებული პროპაგანდისტული ფილმისა, რომელიც ამართლებს და ადიდებს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას რუსეთის ფედერაციის მიერ.

იგორ კოროჩენკო

იგორ კოროჩენკო: ის არის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო შოუების ხშირი მონაწილე უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტის რანგში. ცნობილი თავისი აგრესიული და დამამცირებელი განცხადებებით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მისამართით. ის ხშირად იყენებს უკრაინის მიმართ ტერმინ „დენაციფიკაციას“, მხარს უჭერს უკრაინის შეერთებას რუსეთთან და აცხადებს, რომ ის არის ე.წ. რუსსკი მირის ნაწილი.

ვლადიმირ სუნგორკინი: გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი. ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას და მანიპულირებს უკრაინის თემით. „კომსომოლსკაია პრავდა“, რომელიც ცნობილია თავისი ანტიდასავლური რიტორიკით, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და, პუტინის სიტყვებით, მისი საყვარელი გამოცემაა.

ოლეგ დობროდეევი: ის არის რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უდიდესი მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი. კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო პროპაგანდისტი, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესების გამტარებელი.

დობროდეევი არის სახელმწიფო ტელეარხ „როსია-24“-ის დამფუძნებელი და ტელეარხ „როსია-1“-ის მფლობელი. ეს არის პროპაგანდისტული მედიები, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმის გაძლიერებას, ომს უკრაინაში და აგრესიულ საგარეო პოლიტიკას. ოლეგ დობროდეევი ძალიან ხშირად მონაწილეობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრებში, სადაც მას ძირითადი მედიაინსტრუქციები მიეწოდება.

პაველ გუსევი - ის რუსეთის მთავარი ტაბლოიდის, „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ მფლობელი და რედაქტორია. პროპაგანდისტი, რომელიც მხარს უჭერს კრემლის პოლიტიკას - შელახოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

მას აქვს მჭიდრო კავშირები როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, ისე პრეზიდენტ პუტინთან და ამ ერთგულებისა და 2018 წლის არჩევნებში მხარდაჭერის გამო არაერთი ჯილდოც აქვს მიღებული.

სერგეი მიხაილოვი: ყველაზე დიდი რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის გენერალური დირექტორი, რომელიც თავისი მედიით ემსახურება რუსეთის ფედერაციის მთავრობის ინტერესებს და ავრცელებს დეზინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით. ერთგული სამსახურისთვის ის პუტინისგან მეგობრობის ორდენითაც კი დაჯილდოვდა.

ალექსანდრ მალკევიჩი: კიდევ ერთი რუსი პროპაგანდისტი, სანქტ-პეტერბურგის ტელეარხის გენერალური დირექტორი და რუსეთის ფედერაციის ინფორმაციის განვითარების, მედიისა და მედიაკომუნიკაციების საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2022 წლის 25 თებერვალს მან რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო აგრესიას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. ის აქტიურად არის ჩართული შეხვედრებში, სადაც განიხილება საინფორმაციო პოლიტიკა, თუ როგორ უნდა აუხსნან რუსეთის მოსახლეობას ე.წ. სამხედრო ოპერაციის საჭიროება უკრაინის ტერიტორიაზე.

ოჯახები

ელენა ტიმჩენკო (ერმაკოვა): ის არის მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს ცოლი, ფონდ „ტიმჩენკოს“ თანაპრეზიდენტი. ეს ოჯახიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის სოლიდური ფინანსური მხარდამჭერია.

ეკატერინა ტიხონოვა: პუტინის ქალიშვილი. მოსკოვის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

მარინა ვორონცოვა (პუტინა): პრეზიდენტ პუტინის ქალიშვილი. 40 მილიარდი რუბლის ღირებულების კომპანია „ნომენკოს“ თანამფლობელი. ის სარგებელს იღებს რუსეთის მთავრობისგან და ჩართულია იმ ეკონომიკურ სქემებში, რომლითაც რუსეთის ფედერაციის მთავრობა იღებს უდიდეს შემოსავალს.

ეკატერინა ტიხონოვა და მარინა ვორონცოვა

ოლგა აიზიმანი: ის არის მიხაილ ფრიდმანის ყოფილი მეუღლე. ფრიდმანი კი არის დამფუძნებელი სააქციო საზოგადოება „ალფა ჯგუფის“, რომელიც მართავს უმსხვილეს რუსულ „ალფა ბანკს“. ფრიდმანი არის პუტინის დაახლოებული პირი. ის რჩება ექსმეუღლის მთავარ დამფინანსებლად მას მერეც, რაც ის პარიზში გადავიდა საცხოვრებლად.

მიხაილ ბაბაკოვი: ის არის რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრ ბაბაკოვის ვაჟი, რომელიც ფლობს საკმაოდ დიდი მოცულობის აქტივებს. არის საფრანგეთში მოქმედი უძრავი ქონების კომპანიის მფლობელი და მენეჯერი. მის მფლობელობაშია ასევე 11 მილიონი ევროს ღირებულების სახლი ვერსალთან ახლოს.

სოადათ ნარზიევა: კრემლთან და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის და, რომლის სახელზეც აფორმებდა უსმანოვი თავის ქონებას. მას ასობით მილიონი დოლარი ერიცხებოდა შვეიცარიულ ბანკებში, რაც შესაძლოა სწორედ მისი ძმის ქონებას უკავშირდებოდეს. მისი სახელი ასევე ფიგურირებს სავარაუდოდ უსმანოვის მფლობელობაში მყოფ ექვს ოფშორულ კომპანიასთან კავშირში.

ბორის როტენბერგი: რუსი მილიარდერი ბიზნესმენი, ასევე მილიარდერი არკადი როტენბერგის ძმა. ის არის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანია Gazprom Drilling-ის მეწილე და SGM (სტროიგაზმონტაჟგრუპის) მფლობელი. ორივე ძმა არის ასოცირებული პრეზიდენტ პუტინსა და მის გარემოცვასთან. სწორედ ამ კავშირებით აქვთ მათ მიღებული არაერთი უდიდესი სახელმწიფო კონტრაქტი.

იგორ როტენბერგი: არკადი როტენბერგის უფროსი ვაჟი, ასევე მილიარდერი რუსი ბიზნესმენი.

ეკატერინა იგნატოვა: სერგეი ჩემეზოვის ცოლი. ჩემეზოვი არის რუსული სახელმწიფო კორპორაცია Rostec-ის (განვითარების ხელშეწყობა, რუსული ტექნოლოგიების მაღალტექნოლოგიური სამრეწველო პროდუქტების წარმოება და ექსპორტი) აღმასრულებელი დირექტორი. სწორედ თავისი ცოლის სახელზე აქვს ჩემეზოვს გადაფორმებული უდიდესი აქტივები.

ანასტასია იგნატოვა: სერგეი ჩემეზოვის გერი, რომლის სახელზეც ასევე არის გაფორმებული დიდი აქტივები და მისი სახელიც ფიგურირებს ჩემეზოვის ოფშორულ კომპანიებში. ის არის მფლობელი 85-მეტრიანი იახტისა, სახელად „ვალერი“, რომლის ღირებულებაც $140 მილიონი (10 მილიარდზე მეტი რუბლი) დოლარია.

ლუდმილა რუკავიშნიკოვა: სერგეი ჩემეზოვის სიდედრი, რომლის სახელზეც ასევე არაერთი აქტივია გაფორმებული.

საიდ ქერიმოვი: მილიარდერ სულეიმან ქერიმოვის შვილი.

სულეიმან ქერიმოვი არის რუსეთში დაფუძნებული მილიარდერი ბიზნესმენი და დაღესტნის რესპუბლიკის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის საბჭოში. მას სწორედ შვილის სახელზე აქვს გადაფორმებული ქონებრივი წილები, მათ შორის, რუსეთის უმსხვილესი ოქროს მწარმოებელი კომპანია „Polyus Gold“-ი.

ტექნოლოგიები, სამხედრო აღჭურვილობა, ფლოტი

სერგეი ჩემეზოვი: რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „Rostec“-ის გენერალური დირექტორი. ეს არის რუსული ტექნოლოგიების წარმოების და განვითარების, ასევე რუსული მაღალტექნოლოგიური სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ხელშემწყობი სახელმწიფო კორპორაცია.

„Rostec“-ი არის მთავარი მოთამაშე რუსეთის თავდაცვისა და იარაღის ინდუსტრიაში, კრემლის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ამ სფეროში. „Rostec“-ი აერთიანებს 700-ზე მეტ კომპანიას და დასაქმებული ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.

იური ბორისოვი, სერგეი ჩემეზოვი და ვლადიმირ პუტინი

ჩემეზოვს აქვს მჭიდრო პირადი კავშირები პუტინთან ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ის „კგბ“-სთვის მუშაობდა აღმოსავლეთ გერმანიაში 1980-იან წლებში. ისინი ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდნენ.

ანტონ კუპრინი: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატ „ადმირალი ესენის“კაპიტანი. ამ ხომალდმა დიდი წვლილი შეიტანა რუსეთის საომარ ძალისხმევაში შავ ზღვაზე.

კირილ შამალოვი: ის არის რუსეთის უდიდესი ნავთობქიმიური კომპანიის, ჰოლდინგ „PJSC“-ის თავმჯდომარის მოადგილე. ისიც არის გამოკვეთილი მხარდამჭერი რუსეთის ფედერაციის მთავრობისა.

ალექსანდრ პეტაიკინი: ის არის მფლობელი და დირექტორი გზების სამშენებლო ფირმების, „OOO Vector”-ისა და „Trans Stroy”-ს და აბარია არაერთი საჯარო პროექტი.

ანდრეი რიუმინი: ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენი რუსეთში. ის არის რუსეთის ყველაზე დიდი ელექტროგადამცემი და სადისტრიბუციო ქსელის კომპანია „როსიისკიე სეტის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2022 წლის 24 თებერვალს, სხვა ოლიგარქებთან ერთად, ისიც ესწრებოდა პუტინთან გამართულ კრებას, სადაც განიხილავდნენ მათი მოქმედების თანმდევ სანქციებს დასავლეთის მხრიდან. ესეც მიუთითებს მის ახლო კავშირებზე პუტინთან და, ზოგადად, კრემლის პოლიტიკასთან უკრაინის მისამართით.

ალექსანდრ შულგინი: პუტინის წრესთან დაახლოებული კიდევ ერთი ბიზნესმენი, რუსეთის წამყვანი მულტიკატეგორიის ელექტრონული კომერციის პლატფორმა „ოზონის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ევგენი ზუბიცკი: ის არის ინდუსტრიულ-მეტალურგიული ჰოლდინგის (PMH) მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე და თანამფლობელი. ასევე არის „კოკს ჯგუფის“ აქციონერი. „PMH“-ის მშობელი კომპანიის, რომელიც დუმის დეპუტატის, ბორის ზუბიცკის დაფუძნებულია.

მუსა ბაზაევი: ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის უდიდესი „ალიანს ჯგუფის“ პრეზიდენტი. მის მფლობელობაშია ასევე სამრეწველო ობიექტების ნაწილი, ტელეკომუნიკაციის სექტორი. ის ასევე არის კომპანია „რუსული პლატინის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. შედის 200 ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენის სიაში და მჭიდრო კავშირები აქვს კრემლსა და პუტინთან.

გრიგორი ბერეზკინი: წამყვანი რუსი ბიზნესმენი, ESN ჯგუფის (რუსული კერძო კაპიტალი, რომელიც მოიცავს მედიას, ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურას, IT-ს, ბუნებრივ რესურსებსა და ნავთობქიმიურ სექტორს) დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი. გრიგორი ბერეზკინი ჩართულია სწორედ იმ ეკონომიკურ სექტორებში, რომლებიც რუსეთის მთავრობის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და ეხმარება სწორედ იმ მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე.

სერგეი მნდოიანცი: ის არის ვიცე-პრეზიდენტი რუსული კონგლომერატი კომპანია „AFK Sistema PAO“-სი, რომელიც მუშაობს ტელეკომუნიკაციის სფეროსა და IT სექტორში. მასვე უკავია „VLM Invest“-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. ეს არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო ორგანოებს თუ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დროს. ის ასევე არის საგარეო და თავდაცვის საბჭოს წევრი.

იური სლიუსარი: გაერთიანებული საავიაციო კორპორაცია (UAC)-ის პრეზიდენტი. ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

„UAC“-ი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საჰაერო კოსმოსური კომპანიაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააარსა.

იური სლიუსარი

ვლადიმირ ბოგდანოვი: ნავთობისა და გაზის კომპანია „Surgutneftegas“-ის დირექტორი. ეს არის რუსეთში სიდიდით მე-5 კერძო კომპანია და მე-3 ნავთობკომპანია, რომელიც რუსეთის მთლიანი ნავთობის 10%-ზე მეტს აწარმოებს და ცხადია, ის არის რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. ბოგდანოვს მჭიდრო კავშირები აქვს კრემლთან და თავად პუტინთან.

ოლეგ დერიპასკა: რუსი ოლიგარქი, მას ეკუთვნის რუსული მანქანების სამრეწველო კონგლომერატი, რომელიც მოიცავს სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიას და ფაქტობრივად ის ითვლება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიმწოდებლად.

იგორ კონაშენკოვი: რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაზე.

გერმან გრეფი: რუსეთის „სბერბანკის“ აღმასრულებელი საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი. „Sberbank“-ის აქციების უმრავლესობის მფლობელი არის რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდი, რომელსაც რუსეთის მთავრობა მართავს.

ასევე ნახეთ სანქცირებულთა სია ფართოვდება - კიდევ ვინ დასაჯა ევროკავშირმა?

დონეცკ-ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები

ვლადიმირ პავლენკო: ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო სახელმწიფო მინისტრი, რომელიც აქტიურად უთხრის ძირს უკრაინის დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ალექსანდრ ანანჩენკო: ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი.

ალექსეი დიკიი: ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი.

იგორ ანტიპოვი: ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ინფორმაციის მინისტრი.

არტემ კრამარენკო: დე ფაქტო აგროინდუსტრიის პოლიტიკის მინისტრი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში.

ვლადიმირ ანტონოვი: ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.

ტატიანა პერევერზევა: ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.

ევგენი ლავრენოვი: ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო „შემოსავლების მინისტრი“.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა კიდევ ათობით ჩინოვნიკი როგორც დონეცკის, ასევე ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან.

სანქციები შეეხება ასევე:

  • არზამასის მანქანათმშენებლობის ქარხანას, რომელიც ოლეგ დერიპასკას სამხედრო-სამრეწველო კომპანიის ნაწილია.
  • „Ruselectronics“, რუსული ელექტრონიკის ჰოლდინგს, რომელსაც ფლობს „როსტეკი“.
  • ტაქტიკური რაკეტების კორპორაციას (КТРВ), რომლის წარმოებული იარაღი გამოიყენა რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დროს 2022 წლის თებერვალში.
  • კონცერნ„კალაშნიკოვს“, რუსული არმიის დეველოპერს და სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის, პერსონალური თოფების, რაკეტებისა და მანქანების მწარმოებელს, რომელიც კონტროლდება „Rostec“-ის მხრიდან.
  • სს „UEC Klimov“-ს - სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის გაზის ტურბინის ძრავების წამყვანი დიზაინერი და მწარმოებელი კომპანია.
  • სამხედრო სამრეწველო კომპანია: არის მსხვილი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიმწოდებელი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის.
  • გემთსაშენი ქარხანა „Море“, რომელიც რუსეთის საზღვაო ძალებს სამხედრო ხომალდებს აწვდის.
  • ომსკის მანქანათმშენებელი ქარხანა (Omsktransmash), რომელიც აწარმოებს TOS-1A-ს, სარაკეტო გამშვებს, რომელიც ისვრის თერმობარულ რაკეტებს.
  • სააქციო საზოგადოება „Russian Machines“, რომელიც აერთიანებს სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიასა და არზამასის მანქანათმშენებელ ქარხანას.
  • კონცერნი „სოზვეზდიე“ - რომელიც არის მწარმოებელი რადიოკავშირის, ელექტრონული კონტრზომების სისტემებისა და აღჭურვილობის.

სანქცირებულთა სიაში ისევ არის ბანკები:

  • „Otkritie FC Bank“-ი, ადრე ცნობილი როგორც NOMOS ბანკი - ეს არის ერთ-ერთი რუსეთის 10 უმსხვილესი ბანკიდან, სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკი რუსეთის მთავრობისთვის.
  • „ნოვიკომბანკი“ - ეს არის „როსტეკის“ (რუსული ტექნოლოგიების სახელმწიფო კორპორაცია) შვილობილი კომპანია.
  • „Sovcombank-ი, ადრე ცნობილი როგორც „Buycombank“-ი.
  • ვითიბი ბანკი (ВТБ/Внешторг).

სანქციები ასევე შეეხო რუსეთის სახელმწიფო ტრანსპორტის ლიზინგის კომპანიას.