ევროპარლამენტი რუსეთის ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოს დაწესებას ითხოვს

უკრაინის დროშა ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების დროშებთან ერთად ევროპარლამენტის შენობის წინ. სტრასბურგი, საფრანგეთი, 5 აპრილი, 2022 წ.

ევროპარლამენტი რეზოლუციით, რომელიც დღეს, 7 აპრილს, მიიღეს 513 ხმით (22 წინააღმდეგი და 19-მა თავი შეიკავა), დამატებითი სადამსჯელო ზომების მიღებას მოითხოვს რუსეთისთვის, მათ შორის „დაუყოვნებლივ სრულ ემბარგოს რუსული ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავის და გაზის იმპორტზე“.

ევროპარლამენტი აღშფოთებას გამოხატავს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებში ჩადენილი სისასტიკის გამო და ითხოვს პასუხისგებაში მიეცეს ომის ყველა დამნაშავე.

ამასთან, ევროპარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო გეგმის არსებობას და სტრატეგიის შემუშავებას სანქციების შესამსუბუქებლად იმ შემთხვევისთვის, „თუ რუსეთი გადადგამს ნაბიჯებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მთლიანად გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან“.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს, გარიცხონ რუსეთი G20-დან (დიდი ოცეულიდან) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა UNHRC-ი, ინტერპოლი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, იუნესკო და სხვები, „რაც მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას აგრესორ სახელმწიფოსთან ერთად“.

სანქციების ეფექტის გასაძლიერებლად, პარლამენტი მოუწოდებს გათიშონ რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან, რუსეთთან დაკავშირებულ ყველა გემს აეკრძალოს ევროკავშირის ტერიტორიულ წყლებში და ევროკავშირის პორტებში შესვლა, აიკრძალოს რუსული და ბელარუსული საგზაო ტვირთების ტრანსპორტირება. ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ რუსი ჩინოვნიკების ან პუტინის რეჟიმთან ასოცირებული ოლიგარქების და ბელარუსში, ლუკაშენკას რეჟიმთან დაკავშირებული პირების ქონების დაყადაღებას.

რეზოლუცია ითხოვს, რომ ბელორუსისთვის დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ტოლფასი იყოს, რათა არ დარჩეს სივრცე, რომელიც პუტინს საშუალებას მისცემს, სანქციებს აუაროს გვერდი ლუკაშენკას დახმარებით.

რეზოლუცია მოითხოვს გაგრძელდეს და გაფართოვდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ევროპარლამენტარები მოითხოვენ გაეროს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად.

ევროპარლამენტარები გმობენ რუსეთის რიტორიკას, რომელიც შეიცავს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მუქარას.

ევროკავშირმა და აშშ-მა უკრაინაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოქლაქეების მიმართ განხორციელებული სისატიკის გამო სანქციები გაამკაცრეს.