სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების ფარგებში, ორმხრივი „სამშვიდობო შეთანხმების“ ხელშეკრულებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, შუამდგომლობით ოთხშაბათს შედგა.
„ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ კონკრეტული პროცესის დაწყება, მოვამზადოთ შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულება და განვიხილოთ ამგვარი შეთანხმების ყველა აუცილებელი ელემენტი“, - უთხრა ჟურნალისტებს შარლ მიშელმა 6 აპრილს, გვიან საღამოს, სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მონაწილეობით წარმართული ოთხსაათიანი, სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„დარწმუნებული ვარ ამ საღამოს ჩვენ გადავდგით ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს“, - განაცხადა მიშელმა, რომელმაც შეხვედრას „შესანიშნავი და პროდუქტიული“ უწოდა.
შარლ მიშელის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანსა და ალიევს დაევალათ „სწრაფად იმოქმედონ“ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის. "ისინი თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს ასეთი ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობას დაავალებენ", - დასძენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
ბრიუსელში მოლაპარაკებების დაწყებამდე, ბაქო აცხადებდა, რომ სურდა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაფუძნებოდა ხუთ ელემენტს, მათ შორის იყო ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარების საკითხი. ფაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ერევნისთვის ეს დებულება მისაღებია, რამაც სომხეთში ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია - მათ ფაშინიანი დაადანაშაულეს მზადყოფნაში, ეღიარებინა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ერევანი აზერბაიჯანულ მხარესთან მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხს დააყენებდა. ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შესახებ სომხეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ეს საკითხი ნახსენები არ არის.
შარლ მიშელმა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ ახლა ორივე მხარეს შეთანხმების შესაძლო პარამეტრები უკეთ ესმის. თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ აპრილის ბოლომდე შექმნან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და „საზღვრის გასწვრივ და მის მახლობლად უსაფრთხოების სტაბილური სიტუაციის უზრუნველსაყოფად“ ორმხრივი კომისია.
ამგვარი კომისიის შექმნაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები 2021 წლის ნოემბერში სოჭში გამართულ მოლაპარაკებებზეც შეთანხმდნენ. შეხვედრას მაშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მასპინძლობდა. მოელოდნენ, რომ რუსეთი კომისიის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა. ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უცნობია რუსეთის პოზიცია, ჩაერთვება თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში.
ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გააქტიურდა სასაზღვრო ზონაში ვითარების გამწვავების ფონზე. ორი კვირის წინ მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა: აზერბაიჯანელი სამხედროები რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ, რამაც სომხური მხარის აღშფოთება გამოიწვია, სომხეთმა ეს არსებული ხელშეკრულების პირობების დარღვევად შეაფასა.
მოსკოვის შუამავლობით მიღწეული დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, 2020 წლის ნოემბერში დასრულდა ბრძოლები, მაგრამ 25 მარტს აზერბაიჯანის ძალებთან შეტაკების შედეგად ხუთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა.