უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა 6 აპრილს გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება, უკრაინისა და რუსეთის ჯარებს შორის მოქცეული სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის გაიხსნას 11 ჰუმანიტარული დერეფანი, მათ შორის ალყაშემორტყმული ქალაქი მარიუპოლიდან.
ვერეშჩუკმა 6 აპრილს განაცხადა, რომ მარიუპოლის დატოვება მხოლოდ კერძო ტრანსპორტით არის შესაძლებელი. საერთაშორისო მეთვალყურეთა თქმით, ქალაქში „აპოკალიფსური“ ვითარება სუფევს. ვიცე-პრემიერის თქმით, სხვა მარშრუტებისთვის ავტობუსების კოლონები იქნება გამოყენებული.
უკრაინის ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად ცდილობს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას მარიუპოლისთვის, სადაც, როგორც ვარაუდობენ, ათასობით სამოქალაქო პირი აფარებს თავს საფრებს. გააფთრებული ბრძოლების შედეგად ქალაქის უდიდესი ნაწილი მიწასთან არის გასწორებული. ჯერჯერობით დერეფნის გახსნის მცდელობები, როგორც წესი, უშედეგოდ სრულდება. მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში.