ევროკავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელმა, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ევროკავშირს სამი მიზანი ამოძრავებს: რუსეთის იზოლირება, საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანება და ის, რომ უკრაინაში ომი არ გადაიზარდოს "ცივ ომში".
„ჩვენ გვსურს რუსეთის იზოლირება, გვსურს საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანება და მსოფლიოს დაყოფის თავიდან აცილება... ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და უკრაინელი ხალხის დახმარებას თავდაცვაში“, - განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვებით გამოსვლისას.
მისი სიტყვებით, მიმდინარე კრიზისმა აჩვენა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ნაკლოვანებები: „ჩვენ გვჭირდება მეტი საშუალება ჩვენი პრინციპებისა და ფასეულობების დასაცავად, ამისთვის ევროკავშირის და ჩვენი ერთობა არის ის დიდი აქტივი, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - თქვა ბორელმა.
ბორელის სიტყვებით, ევროკავშირის მიზნებს შორის მნიშვნელოვანი, რუსეთის იზოლაციასთან და საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანებასთან ერთად, არის უკრაინაში ომი არ გადაიზარდოს მორიგ "ცივ ომში", რომელშიც ერთ მხარეს იქნება დასავლეთი, ხოლო მეორე მხარეს - ავტოკრატი ლიდერები.
ბორელის თქმით, მიუხედავად უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისა, კოლოსალურია სხვაობა რუსეთის ენერგორესურსებში გადახდილ თანხებთან შედარებით. რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაა, ბორელის განცხადებით, ევროპის მთავარი ამოცანა.
„ჩვენ უკრაინას 1 მილიარდი ევრო მივეცით, შეიძლება ბევრად მოგვეჩვენოთ, მაგრამ 1 მილიარდი ევრო არის ის თანხა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუხდით პუტინს, ენერგიისთვის, რომლითაც ის ჩვენ გვამარაგებს. ომის დაწყებიდან დღემდე ჩვენ მათ 35 მილიარდი ევრო გადავუხადეთ. შეადარეთ 1 მილიარდი, რომელიც უკრაინას მივეცით შეიარაღებაში და ეს გიგანტური სხვაობა“, - განაცხადა ბორელმა, მისი სიტყვებით, თანხებს შორის ეს სხვაობა ხაზს უსვამს გადაწყვეტილებებში ცვლილებების აუცილებლობას.
ასევე ნახეთ შარლ მიშელი: ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგმანამდე ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. მიშელის თქმით,"დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან კოორდინაციით, დამატებით სანქციებს შორის განიხილება რუსეთის გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შეცლის აკრძალვა და ასევე "ადრე თუ გვიან საჭირო იქნება ზომების მიღება რუსეთის ნავთობსა და თუნდაც გაზზეც".