ოკუპირებული ცხინვალიდან ჯარისკაცები ისევ გააგზავნეს უკრაინისკენ

ფოტო არქივიდან: რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროები ცხინვალის რეგიონში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან კიდევ 58 სამხედრო მოსამსახურე უკრაინაში, ომში გაგზავნეს. ამის შესახებ ცხინვალელი ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელებში ოპოზიციურ რესურსებზე, „ტელეგრამის" არხებსა და „ინსტაგრამზე" იუწყებიან. მანამდე სწორედ ამ რესურსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის ჯარისკაცების ნაწილი, დაახლოებით 300 ადამიანი, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან თვითნებურად დაბრუნდა. მოგვიანებით ინფორმაცია უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა.

ხმოვან შეტყობინებებში, რომლებიც საჯარო გახდა, სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი სასაკლაოზე დაყარეს სათანადო აღჭურვილობისა და იარაღის გარეშე და თანამემამულეებს მოუწოდეს, არ წასულიყვნენ უკრაინაში. ამ დრომდე სოციალურ ქსელებში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, უკრაინიდან დაბრუნებული ჯარისკაცები დეზერტირები არიან თუ არა? ფაქტია, რომ მათ უარი თქვეს ომში ჩართვაზე და შინ დაბრუნდნენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ჯარისკაცების ნათესავებს სთხოვა, თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისგან, რამაც შეიძლება გაართულოს უკვე დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარება.

„ეტაპირება სიკვდილისკენ“, ასე უწოდებდნენ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ცხინვალელი ჯარისკაცები ნათესავებისთვის მიწერილ მესიჯებსა და ხმოვან შეტყობინებებში, ხოლო საკუთარ თავს „საზარბაზნე ხორცად“ მოიხსენიებდნენ. ოსი მებრძოლები აცხადებენ, რომ სერიოზული კითხვები აქვთ მათთან, ვინც ისინი უკრაინაში გააგზავნა.

„ეხო კავკაზასთან“ ერთ-ერთი ჯარისკაცი ამბობს, რომ სამხედროებს არ მიეცათ საშუალება, ნაღმზე აფეთქებული თანამებრძოლის სხეულის ნაწილები გამოეტანათ ბრძოლის ველიდან. ამ მოთხოვნაზე უფროსმა უპასუხა: თუთიის ცარიელ კუბოს ახლობლებს გავუგზავნით, უკვე ყველამ იცის, რომ დაიღუპაო. აღშფოთებულმა ოსმა მებრძოლებმა ის კინაღამ ადგილზე მოკლეს, რის შემდეგაც სარდალმა რუს ჯარისკაცებს დახმარებისთვის უხმო. ერთ-ერთი მებრძოლი ასევე ამბობს, რომ ისინი ბრძოლაში რუკის გარეშე გაგზავნეს და საბოლოოდ ჯგუფი ე.წ. მეგობრული ცეცხლის ქვეშ მოყვა.

ხმოვანი შეტყობინებების დიდ ნაწილში ერთი და იგივე აზრი ისმის: სასაკლაოზე გაგვაგდეს, ვიბრძოდით, არ შეგვშინებიაო. ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელსაც ბევრი აკრიტიკებს და ადანაშაულებს არასწორი გადაწყვეტილებების გამო, გაიმეორა, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთისთვის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დახმარებას გააგრძელებს“. ამის შემდეგ იმიჯის რეაბილიტაციისთვის, ბიბილოვი თავად ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში და იქ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.

უკრაინელი დაზვერვის ცნობით, ცხინვალის მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზიდან უკრაინაში გაიგზავნა სამი ბატალიონისგან შექმნილი ტაქტიკური ჯგუფი, რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეების შემადგენლობით, 1200-მდე ადამიანით. ხოლო აფხაზეთის მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან ჩამოყალიბდა ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, დაახლოებით 800 მებრძოლი.