ზელენსკი ვარაუდობს, რომ პუტინთან მისი პირადი შეხვედრა „შეიძლება არც შედგეს“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი პირადი შეხვედრა „შეიძლება არც შედგეს“, თუმცა, ბუჩის ტრაგედიის შემდეგაც აუცილებელია მოსკოვთან დიალოგის გაგრძელება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ინტერვიუში, რომელიც სამშაბათს გავიდა ეთერში სრულიად უკრაინის ტელემარათონის ფარგლებში. მანამდე ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს.

„ყველაზე რთულია იმაზე ლაპარაკი, რაც მათ გააკეთეს, მათი აღიარება მტრად და ამასთან შეხვედრის შესაძლებლობების გამონახვა და ამ შეხვედრაზე გამოსავლის მოძებნა, თანაც საკუთარი ტერიტორიის დაუკარგავად“, მოჰყავს ზელენსკის სიტყვები უკრაინის მედიას.

ზელენსკიმ ქალაქ ბუჩაში მომხდარს „დიდი ტრაგედია“ და „გენოციდი“ უწოდა და პირობა დაადო, რომ ყველა სამხედრო დამნაშავე პასუხს აგებს.

ზელენსკიმ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ უკრაინას არ სჯერა რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებისა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში: „ჩვენ გვესმის, რომ რომც მოვაწეროთ ხელი თქვენთან ყველაზე მძლავრ შეთანხმებას, გვესმის, რომ ორი წლის შემდეგ რუსეთი შეიძლება კვლავ დაბრუნდეს“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა შევიდოდა ნატოში, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური კავშირი არ არის ამისთვის მზად. ამასთან, უკრაინას ჯერჯერობით არ მოეპოვება იმ ქვეყნების სია, რომლებიც უსაფრთხოების გარანტთა როლში გამოვიდოდნენ. ამიტომ, მისი სიტყვებით, უკრაინა თავისთვის შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს, „რომლებსაც შეუძლია სიცოცხლის დაცვა“.

ადრე ზელენსკი ამბობდა, რომ უკრაინა არ აპირებს მოლაპარაკებებში რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, კიევი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან, მათ შორის აშშ-ისგან, მოელის უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთთან დეესკალაციის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად. ზელენსკიმ ასევე შეცდომა უწოდა იმას, რომ ნატოს არ სურს თავის რიგებში მიიღოს უკრაინა.

კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს რუსეთის ჯარებისგან, აღმოჩნდა ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის გვამები, მათ შორის ზოგს ზურგს უკან ჰქონდა ხელები შეკრული. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ქალაქში მასობრივი სამარხების შესახებ. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, მთლიანობაში იპოვეს 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის გვამი. როგორც აცხადებენ, ისინი რუსეთის ჯარების მსხვერპლი არიან. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს თავისი ჯარების კავშირს ბუჩაში და ჩრდილოეთ უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში სამხედრო დანაშაულებთან.