ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის შეფასება: საქართველოში ვითარება გაუარესდა

ევროკავშირის პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შეფასება, რომლის პრეამბულაში საანგარიშო პერიოდში „მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზების პირობებში“ საქართველოში სიტუაციის გაუარესებაზეა საუბარი.

დოკუმენტში, კერძოდ, ხაზგასმულია, „ოპოზიციის მაღალი დონის ლიდერების დაპატიმრება, ძალადობის გამოყენებით 2019 წლის ივნისსა და 2021 წლის ივლისში მომხდარი ინციდენტების ეფექტიანი გამოძიების არარსებობა, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება“. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ საქართველოში შენელებას განაგრძობს სხვა რეფორმები, „როგორებიცაა დეცენტრალიზაცია და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა." იმ დროს, როდესაც წინა რეფორმებმა შესაძლებელი გახადა შედარებით პლურალისტური მედიალანდშაფტის შექმნა, ბოლო ხანს, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "იგი ახლანდელი პოლარიზაციის მსხვერპლად იქცა და რომ დღესდღეობით ჟურნალისტები თავიანთ საქმიანობაში უფრო რთულ პირობებს აწყდებიან“, - აღნიშნულია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის შეფასებაში.

დადებით ძვრებს შორის დოკუმენტში დასახელებულია წინ გადადგმული ნაბიჯი „გენდერის საკითხებში, რომელიც მოიცავს ქალების მიმართ ძალადობის თავიდან აცილებისა და სამუშაო ადგილებზე გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ზომებს. ისევე როგორც ბავშვთა უფლებების კოდექსი არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“.

ანგარიშში ხაზგასმულია უსაფრთხოების სფეროსა და შიდა პოლიტიკის, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების უპირატესობათა გამოყენებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ნორმების დაახლოების მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

ევროპარლამენტმა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი შეაფასა 2020 წელსაც. წინა ანგარიშთან შედარებით, განახლებული შეფასების ავტორთა აზრით, ახალი კვლევა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების უფრო "დეტალურ სურათს" წარმოადგენს.

„საქართველო განაგრძობს მუშაობას ასოცირების ამბიციური შეთანხმების რეალიზებაზე, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის 70%-ს მოიცავს და ევროკავშირი მიესალმება „ევროპულ გზაზე“ ქვეყნის პროგრესს, მათ შორის Covid-19-ის პანდემიის რთულ კონტექსტში. მაგრამ მთელი რიგი საგანგაშო მოვლენები მოხდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სასამართლო სისტემის რეფორმა, დემოკრატია და პლურალიზმი, ასევე უმცირესობების დაცვა. აღნიშნული კვლევა ვარაუდობს, რომ ამ მოვლენებმა ევროკავშირი და საქართველო მათი ურთიერთობის კრიტიკულ მომენტამდე მიიყვანეს“, - ნათქვამია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ ანგარიშში, რომლის ავტორი საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი, ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიკსერია.

ასევე ნახეთ

“ტრაგედია იქნება, თუ საქართველოს ევროპული მისწრაფებები პარტიული პოლიტიკის გამო შეფერხდება“ - ინტერვიუ სვენ მიკსერთან


ცოტა ხნის წინ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სვენ მიკსერმა ხაზი გაუსვა პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზაციის დაძლევის აუცილებლობას და განაცხადა, რომ „ნამდვილი ტრაგედია იქნება, თუ საქართველოს ევროპული მისწრაფებები პარტიულ პოლიტიკას [Party Politics] შეეწირება“.