ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, თუ ვინმე დაიჩაგრებოდა ომით, იქნებოდა უკრაინა - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ რუსეთის შემჩერებელი ჯერჯერობით ისევ არავინაა და ომისგან ერთადერთი დაჩაგრული უკრაინაა.

„ქალაქები არის მიწასთან გასწორებული და ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს, ამ უბედურებას და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის“, - ამბობს ღარიბაშვილი.

პრემიერმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველომ უკრაინაში 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.

„ჩვენი ოცნებაა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - თქვა მან.

ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რომ „ყველაზე დიდი უბედურება“ - ომი აარიდოს საკუთარ ქვეყანას.

„მე ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვმოქმედებ“, - თქვა მან.

საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ „სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“ და უკრაინაში რუსეთის „შემჩერებელი არავინ არ არის“, რასაც მოჰყვა კრიტიკა და უკმაყოფილება საზოგადოების დიდ ნაწილში.

CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო 32%-ის აზრით - მხარდაჭერა საკმარისია.