სამირა ბაირამოვამ "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის კედლებზე ანტისაოკუპაციო გამოფენა მოაწყო

სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ მარნეულში, "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის კედლებზე ანტისაოკუპაციო გამოფენა მოაწყო. პრორუსული პარტიის კარზე 2008 წელს, ცხინვალში მოკლული გიორგი ანწუხელიძის ფოტო მიაკრა წარწერით "რუსეთი ოკუპანტია". იქვე კედლებზე განათავსა ასევე 2008 წლის ომის მსხვერპლთა შესახებ სტატისტიკა და რუსეთის პრეზიდენტის გაშარჟებული გამოსახულებები.

"ალტ-ინფოს მარნეულის ოფისში ვიწყებ ცნობიერების ამაღლების უფასო სასწავლო კურსს!

კურსი: გვახსოვდეს 8 აგვისტო!

31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი, 8 აგვისტო!

ამ თარიღების ფონზე სირცხვილია რუსეთის სიყვარულზე საუბარი. უნდა გრცხვენოდეს იმ ადანიანების წინაშე ვინც თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის სიცოცხლე მუდმივად დაკარგა", - წერს აქტივისტი ფეისბუკის პირად გვერდზე.

ასევე ნახეთ სამირა ბაირამოვა: „ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა“

სამირა ბაირამოვა 14 მარტის შემდეგ სხვადასხვა ფორმით აპროტესტებს პრორუსული პარტიის ოფისის გახსნას მარნეულში. მან 14 მარტს მარნეულის ცენტრში გახსნილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფასადი უკრაინის დროშის ფერებად შეღება და დატოვა წარწერა „მოღალატეები“. „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ამ დროს დაკეტილი იყო.

სამირა ბაირამოვას პროტესს 16 მარტს გამოეხმაურა „კონსერვატული მოძრაობა“. მათ ბაირამოვას მიერ პარტიის სიმბოლიკის გადაღებვა, რელიგიური სიმბოლოს - ჯვრის შეურაცხყოფად წარმოაჩინეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, „პარტიული დროშა/პლაკატი, რომელიც შესაძლოა ჯვრის ფორმის მოხატულობას შეიცავდეს, მას რელიგიურ სიმბოლოდ არ აქცევს. მსგავსი ინტერპრეტაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია“.

სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა იმ შეტყობინებების სქრინები, რომლებშიც მას ღიად ემუქრებიან:

„შენ დედას *** რო გნახავ, ქათამივით უნდა მოგაჭრა ეგ თავი“, „მიწიდან ამოგთხრით, სად წახვალ“ -

მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. თუმცა, როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში ვკითხულობთ, ამ ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, რაც გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე აქვს დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება სამირა ბაირამოვას მიმართ.