ალექსანდრ დუგინი: „სამყაროს აღსასრულისას მნიშვნელოვანია, იყოთ ჩვენს მხარეს“

ალექსანდრ დუგინი დონბასის ოკუპაციის მხარდამჭერთა აქციაზე მოსკოვში, 2014 წლის 11 ივნისი

სისხლისმღვრელი ომი, რომელიც შუაგულ ევროპაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, დიდწილად განპირობებულია რუსული სამყაროსა და რუსული ცივილიზაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აკვიატებული იდეებით, რომლებსაც, ხილული თუ უხილავი ძაფებით, ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინთან მივყავართ. „მოსკოვსკი კომსომოლეცისათვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 30 მარტს გამოქვეყნდა, დუგინი მოკრძალებულად ამბობს, რომ პუტინისა და მისი იდეების თანხვედრას ერთი და იმავე ისტორიული წყაროებით სარგებლობა განაპირობებს. მიუხედავად ამისა, რუსული გამოცემა ასე წარადგენს თავის რესპონდენტს:

„რუსულის სამყაროს იდეოლოგი, მისტიკოსი, ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი. სწორედ მისი პორტრეტებით იყო მორთული ხარკოვის ქუჩები 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმი დაიბრუნა; სწორედ მისი მიმდევრები თავკაცობდნენ უკრაინიდან გამოყოფილ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას და სწორედ მისი სტატიებიდან ამოკრეფილი ციტატებით მიემგზავრებოდნენ რუსი მოხალისეები დონბასში საომრად; სწორედ მისი თეორიები დაედო საფუძვლად ევრაზიული იმპერიის აღდგენისა და აღმოსავლელი სლავების - რუსების, უკრაინელებისა და ბელარუსების გაერთიანების იდეას, რომლის ხორცშესხმის მცდელობა დაიწყო 2022 წლის 24 თებერვლიდან“.

„მზის პუტინის“ გამარჯვება „მთვარის პუტინზე“

ვრცელი ინტერვიუს თავშივე ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საფუძველს აძლევს დაასკვნას, რომ ორი - „მზის“ და მთვარის“ - პუტინის ჭიდილში, გაიმარჯვა პირველმა ანუ „მზის“ პუტინმა.

ვლადიმირ პუტინის ფიტულის დაწვა, ანტისაომარი პერფორმანსი თბილისის მახლობლად, 27 მარტი, 2022 წელი

ალექსანდრ დუგინის წიგნის („პუტინი პუტინის წინააღმდეგ“) მიხედვით, არსებობს ორი პუტინი: I - „მზიური პუტინი“, რომელიც ამბობს „ყირიმი ჩვენია“, „უნდა აღვადგინოთ ევრაზიული იმპერია“, „მესიანიზმი“ და ა.შ. და II - „მთვარის პუტინი“ - რაციონალური პრაქტიკოსი, რეალისტი, კაპიტალისტური ეკონომიკის მომხრე და დასავლეთისკენ მაცქერალი. ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ პუტინი არ აკეთებდა მკაფიო არჩევანს და ცდილობდა ამ ორი საწყისის შეთავსებას, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ არჩევანი გაკეთებულია და, რომ გაიმარჯვა „მზის პუტინმა“.

„ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი მოქმედებს რაციონალურად, ინერციით - მე ამას "მთვარის" მხარეს ვუწოდებ. ის ეგუება გარემოებებს და აღიარებს თამაშის წესებს, იცავს მორალურ და ეთიკურ სტანდარტებს. „მზის“ საწყისი კი აიძულებს ადამიანს, შეასრულოს დიადი ქმედებები, რაც ნათლად გამოიხატა პრეზიდენტ პუტინის პიროვნებაში. „მზის“ საწყისი მოიცავს ბრძოლას დასავლეთის იდეებსა და ღირებულებებთან. რუსეთმა გადალახა რუბიკონი, რაც პირადად მე ძალიან მახარებს“.

რა გახდა პუტინის ასეთი რადიკალური ცვლილების მიზეზი?

ალექსანდრ დუგინის თქმით, აქამდე ვლადიმირ პუტინი ცდილობდა, რადაც უნდა დაჯდომოდა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა შეუთავსებელი, ასეთად კი ფილოსოფოსს მიაჩნია, რუსეთის სუვერენიტეტის გაძლიერება, ერთი მხრივ, და ლიბერალური ეკონომიკა, გაციფრულება, WTO-სა და WHO-ს წევრობა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა - მეორე მხრივ, თუმცა, დუგინისევე თქმით, ეს ურთიერთგამომრიცხავი ამოცანები („მზიური“ და „მთვარეული“), აქამდე ერთმანეთს ხისტად არ შეჯახებიან იმის გამო, რომ სხვადასხვა სიბრტყეში მდებარეობდნენ, მაგრამ „რაღაც მომენტში რუსეთის ხელისუფლებამ დაინახა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა უკრაინის რეჟიმის თავდასხმა დონბასსა და ყირიმზე დასავლეთის მხარდაჭერით, ხოლო საზღვარზე ჯარების კონცენტრაცია არასაკმარისი იქნებოდა ამ თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, ამიტომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გარეშე შეუძლებელი იყო რუსეთის სუვერენიტეტის შენარჩუნება“.

ვლადიმირ პუტინი

კიევის ალყა - რუსეთის ისტორიის მუდმივა

ინტერვიუში ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ უკრაინა ჯერ ყირიმს, შემდეგ კი რუსეთს შეუტევდა და ომში აუცილებლად ჩაერთვებოდა ნატო, თუმცა კითხვას, რატომ ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგაც კი არ ჩაერთო ნატო რუსეთ-უკრაინის ომში, ფილოსოფოსი ასე უპასუხებს:

„ვფიქრობ, ამის დრო ჯერ არ დამდგარა. ისინი ახლა თვალს ადევნებენ ჩვენს წარმატებას და იტოვებენ შესაძლებლობას, რომ კონფლიქტის ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანონ. ვფიქრობ, მათ მიაჩნიათ, რომ იმ ზომებმა, იმ სანქციებმა, რაც დაუწესეს რუსეთს სპეციალური ოპერაციის საპირწონედ, კარგად იმუშავა. დასავლეთს მიაჩნია, რომ აქვს შანსი დაამარცხოს რუსეთი არა პირდაპირი გაგებით, რადგან ეს შეუძლებელია, არამედ გაანადგუროს და აიძულოს დანებება თავისი გლობალური სისტემიდან გარიყვით. დასავლეთს სჯერა, რომ იზოლირებით, თავისი ცივილიზაციიდან მოკვეთით, აიძულებს რუსეთს შეწყვიტოს არსებობა. დიახ, არსებობს სიკეთე, რომელსაც რუსი ობივატელი მიჩვეულია, რასაც ის მიაჩვიეს და მიაჯაჭვეს. მას შემდეგ, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა რუბიკონი გადალახა, ყველა წინააღმდეგობა, რაც ამ ორმაგ მოდელში იყო ჩადებული, ხილული გახდა. ამ სისტემას ჰქონდა შინაგანი შხამი, რომელიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, კლავდა ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ მას ასევე ჰქონდა ჯანსაღი სამხედრო-სტრატეგიული კომპონენტი. გლობალიზაცია იყო უნიპოლარული სამყაროს ინსტრუმენტი, რომელიც ცდილობდა დასავლეთის ჰეგემონიის განმტკიცებას და პროცესში მონაწილე ყველა სხვა მხარის დასუსტებას. როგორც ჩანს, ბოლო დრომდე ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის ცხადი არ იყო, რომ გლობალისტები გვიყენებდნენ“.

უკრაინელი სამხედროების ნადავლი - რუსული ტანკი. კიევი. 2022 წლის 28 მარტი

ალექსანდრ დუგინი ერთგვარი შურით უყურებს ჩინეთს, რომელმაც წარმატებით დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, მათ შორის ინტერნეტშიც, ისე, რომ უარი არ უთქვამს გლობალიზაციის ღია შესაძლებლობებზე.

როგორ მოახერხა?

დუგინის პასუხი ტრივიალურია: „ჩვენ განსხვავებულები ვართ. იმათ გამოუვიდათ, ჩვენ - არა“.

ალექსანდრ დუგინი იმაზე ლაპარაკობს, რომ არსებობს არაერთი წინაპირობა იმისთვის, რომ რუსეთი დაემსგავსოს ჩინეთს.

„სხვათა შორის, დღეს ჩინეთი, ისევე როგორც რუსეთი, გლობალისტებთან კონფრონტაციაშია შესული. აშკარაა ეს ყველაფერი. აუცილებელია ჩინეთისა და რუსეთის გამოცდილების გაერთიანება მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობაში. ასე რომ, ჩინეთთან მეგობრობა გვმართებს“, - ამბობს ალექსანდრ დუგინი, თუმცა კითხვაზე, რაში სჭირდება ჩინეთს რუსეთი, ფილოსოფოსი არადამაჯერებლად უპასუხებს:

„ჩინეთი ღრმა პატივისცემით გვიყურებს, რადგან რაღაცებში ტოლს არ ვუდებთ მას. მაგალითად, ჩვენ გვყავს დიდი რუსი ხალხი, რომელმაც შეაკავშირა ყველა დანარჩენი ხალხი, ჩვენ გვაქვს ერთიანი ისტორია, გვაქვს ძლიერი იდენტობა. "მზიური" სამყარო, რომელშიც ჩვენ ყველანი შევდივართ და, რომელიც შეიძლება იყოს მრავალფეროვანი“.

ასევე ნახეთ როგორ შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა ურთიერთობა ჩინეთსა და რუსეთს შორის

„ყველას აქვს საშუალება გახდეს რუსი“

ალექსანდრ დუგინი „ისტორიის ტექტონიკური ფილების შეუქცევად ძვრას“ და ნამდვილ რუსეთთან დაბრუნებას უწოდებს იმას, რაც ერთი თვის წინ დაიწყო უკრაინაში შეჭრით. დუგინის თქმით, ყველა ადამიანს აქვს შანსი, გონზე მოვიდეს და, წარსულის მიუხედავად, ამ ახალი რუსეთის ნაწილად იქცეს.

„მნიშვნელოვანია საზოგადოებაში გარკვეული ამნისტია. თუ ვინმე, რომელიც გუშინ ლიბერალი იყო, დღეს კი აღარ არის ლიბერალი და მხურვალედ უჭერს მხარს პრეზიდენტ პუტინსა და სპეცოპერაციას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მხარეზეა გადმოსული... რუსი ადამიანისთვის ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - რომ არ იყოს ბოროტება. რუსი ხალხი ძალიან კეთილია, ხოლო თუ ზოგიერთი ჩინოვნიკი განაგრძობს საბოტაჟს, მაშინ მათ ისევე მოექცევიან, როგორც ნაცისტებს, მაგრამ დღეს ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა გახდეს რუსი და ეს შესაძლებლობა მათ არ უნდა მოვაკლოთ“.

ინტერვიუში ალექსანდრ დუგინი იმაზეც ლაპარაკობს, რომ ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგია და ევრაზიანიზმი - დოქტრინა ევრაზიის კონტინენტზე რუსეთის გამორჩეული მდებარეობის შესახებ, რომლის აპოლოგეტიც თვითონ არის, არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს:

„სწორედ ევრაზიანელები ამტკიცებენ, რომ რუსეთი დამოუკიდებელი ცივილიზაციაა, რომ რუსული იდენტობა არის არა ეროვნული, არა ეთნიკური, არამედ კულტურის ტიპი. ეს არის, გარკვეული გაგებით, იმპერია, რომელმაც ყველაფერი შეითვისა. მისი ცენტრი რუსი ხალხია და ის ღიაა იმ ხალხებისთვისაც, რომლებიც აკავშირებენ თავიანთ ბედს რუსი ხალხის ბედთან, რათა მათ მიეცეთ ღირსეული და სრულფასოვანი შესაძლებლობა ჩვენს ბედისწერაში თანამონაწილეობისათვის. ამ აზრამდე ჯერ კიდევ 80-იან წლებში მივედი, როცა რუსეთის ბედისწერას ვსწავლობდი და ვიკვლევდი. 1990-იანი წლების დასაწყისისთვის ჩემი მსოფლმხედველობა დაიხვეწა, ჭეშმარიტებად და ცხოვრებისეულ პროგრამად იქცა“.

ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ მისი იდეა „დიდი და თავისუფალი რუსეთის, რუსეთის როგორც ცივილიზაციისა“, რუსი ხალხის იდეაც არის, რუსეთის დამოუკიდებელი ცივილიზაცია კი ვერ იარსებებს სრულფასოვნად, ვიდრე რუსეთი ერთ სივრცეში არ გააერთიანებს „აღმოსავლელ სლავებსა და ყველა ევრაზიელ ძმას“.

ალექსანდრ დუგინი

„ყოველივე გამომდინარეობს ამ ლოგიკიდან, მათ შორის უკრაინის ბედისწერაც“, - ამბობს ალექსანდრ დუგინი და კითხვას, რა მოხდება, თუკი ვინმე უარს იტყვის, ნებაყოფლობით გახდეს რუსეთის ბედისწერის ნაწილი, ასე უპასუხებს:

„ზოგჯერ სწორ გზაზე დადგომა რთულია. ისტორიის ყოველ კრიტიკულ ეტაპზე ჩვენ ხან ვკარგავდით დასავლეთ რუსეთის ტერიტორიებს, ხან აღვადგენდით ხოლმე ჩვენს ერთიანობას. კიევის ალყა - რუსეთის ისტორიის ზოგადი მუდმივაა. ასეა ჩვენი რუსული შუა საუკუნეებიდან, როცა დასავლეთ რუსეთში ჩამოყალიბდა კათოლიკურსა და პოლონურთან ახლოს მყოფი იდენტობა და კულტურა, ხოლო აღმოსავლეთ რუსეთში, დიდი თავადის ანდრეი ბოგოლიუბსკის მმართველობის მომენტიდან, შეიძლება დავინახოთ პირველსახე დიდი ევრაზიული იმპერიისა, რომელიც დღეს ჩვენ ვართ. სწორედ ამიტომაც კიევი ჩვენი იქნება“.

ალექსანდრ დუგინის თქმით, მისთვის არანაირი მნივშნელობა არ აქვს, რა და როდის მოხდა ან როდის მოხდება და, რომ მას აქვს უნარი, დაინახოს ჯერ არმომხდარი მოვლენები.

„ასე რომ, კიევის ალყა - ეს არის ბრძოლა აღმოსავლეთ სლავების გაერთიანებისა და რუსული სამყაროს სუვერენული ცივილიზაციის შექმნისთვის, რომელიც მიმართულია დასავლეთის წინააღმდეგ, მაგრამ დასავლეთი ყოველთვის - მუდმივად - იყენებს დასავლელ რუს კოლაბორაციონისტებს, თუმცა კრიტიკულ მომენტში დასავლეთი ყველას ღალატობს. ყველას, რა თქმა უნდა, ახსოვს გოგოლის ცნობილი ფრაზა: "დაგეხმარენ კი, შვილო, შენი ლიახები (პოლონელები)?" - ეს ფრაზა მეორდება კვლავ და კვლავ საუკუნეების განმავლობაში. დღესაც ასეა. შეგიძლიათ ზელენსკის ჰკითხოთ“.

ჯერ გამარჯვება, თავის მართლება - შემდეგ

თუმცა, როგორც "მოსკოვსკი კომსომოლეცი" შენიშნავს, უკრაინაში ზელენსკის გარდა ასევე ცხოვრობს 40 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის - მილიონობით რუსი. გამოცემა ეკითხება ალექსანდრ დუგინს:

როგორ ავუხსნათ უკრაინაში მცხოვრებ რუს დედას, რომელმაც დაკარგა სახლი, შვილი, რომელიც ხედავს ნგრევისა და დაბომბვის ყველა საშინელებას, რომ ეს ყველაფერი მის სასიკეთოდ გაკეთდა? არა მეტაფიზიკურად, არამედ კონკრეტულად რომ უთხრათ - რისთვის იტანჯება იგი?

საფლავები საცხოვრებელი კორპუსის გვერდით, მარიუპოლში. 2022 წლის 31 მარტი

ალექსანდრ დუგინის თქმით, 2014 წელს, როცა მისი ციტატებით იყო მოფენილი ხარკოვის ქუჩები, ხოლო ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში მისი პორტრეტი ეკიდა, იოლი იყო იმის ახსნა, თუ რა და რატომ ხდებოდა:

„არის ძველი აღთქმის ასეთი წინასწარმეტყველი იერემია, რომელიც ცნობილია თავისი გოდებით. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სულის მდგომარეობა 2014 წლიდან 2022 წლამდე ეს არის იერემიას გოდება რუსული სამყაროსთვის. გული მისკდებოდა იმის გამო, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა რთულ ვითარებაში ვართ და რბილი გადაწყვეტილებების მრავალი შესაძლებლობა უკვე ხელიდან გაშვებულია. არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე. ისევე როგორც არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე ტროის დაცემაში...“

მაინც როგორ ავუხსნათ მარიუპოლელ რუს დედას, რომ ყველაფერი, რაც ხდება, მადლი და სიკეთეა?

„ახლობელი ადამიანების სიკვდილი საშინელი უბედურებაა. ბევრი რამის ახსნა ახლა თითქმის შეუძლებელია. ყველაფერს მოგვიანებით ავხსნით, როცა უკრაინას გავათავისუფლებთ. სწორედ მაშინ, როცა მარიუპოლი გახდება ჩვენი, თქვენი შეკითხვა შეიძენს აქტუალობას. ახლა ჩვენი გეგმა გამარჯვებაა. როგორც კი ხერსონსა და ნოვოროსიაზე რუსეთის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშა იფრიალებს, როგორც კი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები განთავისუფლდებიან, შეიქმნება ხერსონის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და სხვა რესპუბლიკები - ამის შემდეგ ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ახსნას“.

ასევე ნახეთ ტერორი, როგორც საშუალება: რატომ გაანადგურა პუტინმა მარიუპოლი?

აპოკალიფსი ყოველთვის ახლოსაა

ალექსანდრ დუგინი ვლადიმირ პუტინზე ლაპარაკობს, როგორც განსაკუთრებული ბედისწერის ადამიანზე, რომელმაც უნდა გააერთიანოს რუსული სამყარო. დუგინი იხსენებს თავის აწ უკვე გარდაცვლილ ფრანგ მეგობარს, მისტიკოს პოეტს ჟან პარვულესკოს (Jean Parvulesco - ავტორი წიგნისა „პუტინი და ევრაზიული იმპერია“), რომელმაც, დუგინის თქმით, თითქოსდა პუტინის პრეზიდენტობამდე განჭვრიტა, რომ სამხედროებისა და სპეცსამსახურების წრიდან გამოჩნდებოდა ლიდერი, რომელიც აღადგენდა ძველ რუსულ ცივილიზაციას.

ალექსანდრ დუგინი ასევე დარწმუნებულია, რომ რუსული სამყაროს გაერთიანების პროცესში რუსი ხალხი და ხელისუფლება ერთიანია, რომ ხალხის დასარაზმად საკმარისია პუტინის ერთი მოწოდება:

„წამოდექი, რუსო ხალხო, გაიღვიძე, შენ მოწოდებული ხარ დიადი საქმეების აღსრულებისთვის... ყველა შენი წინაპარი, ყველა თაობა ისწრაფვოდა ამ მომენტისაკენ, თავის ონტოლოგიურ მტერთან შეტაკებისკენ. ჭეშმარიტება და ღმერთი ჩვენს მხარეზეა. ჩვენ ვებრძვით აბსოლუტურ ბოროტებას, რომელიც განსხეულებულია დასავლურ ცივილიზაციაში, მის ლიბერალურ-ტოტალიტარულ ჰეგემონიაში, უკრაინულ ნაციზმში. ჩვენ ამ მისიისთვის გავჩნდით“, - ამბობს დუგინი, რომელსაც ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ გარდაუვალია იმგვარი კატასტროფა, რომელიც კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას გამოიწვევს. დღეს, როცა ასე ხშირად ახსენებენ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ ყველა იარაღი იქმნება იმისთვის, რათა გამოიყენონ და, რომ სამყაროს უწევს ბეწვის ხიდზე გავლა:

„ჩვენ გვითხრეს, რომ ბირთვული იარაღი საჭიროა იმისათვის, რათა სხვა იარაღიდან არ ისროდნენ, რომ ის არის შეკავების საშუალება, მაგრამ ბირთვული იარაღი გარკვეულ პირობებში, თუ ლაპარაკია ცივილიზაციების შეჯახებაზე, შეიძლება იქცეს თავდასხმის იარაღად. ბუნებრივია, რუსეთი არასოდეს იქნება პირველი იმიტომ, რომ ჩვენი ბირთვული იარაღი მშვიდობის მატარებელია, ხოლო მათი ბირთვული იარაღი სავსეა აგრესიით, თუმცა მე არ ვამბობ იმას, რომ ბირთვული კატასტროფა გარდაუვალია“.

ალექსანდრ დუგინი, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღისა და მისი გამოყენების შესახებ, ძირითადად, რუსული მედიისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, დარწმუნებულია, რომ კაცობრიობას საფრთხე სულ სხვა კონტინენტიდან ემუქრება:

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კაცობრიობის განადგურების გადაწყვეტილება მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მიიღოს. ძალიან კარგად მესმის „მზიური“ მმართველის ლოგიკისა, რომ, თუ რუსეთს დააყენებენ არჩევანის წინაშე - უპასუხოს თუ არა ბირთვულ თავდასხმას, მაშინ ის არ დაუშვებს ისეთი სამყაროს არსებობას, სადაც რუსეთი არ იქნება“.

ასევე ნახეთ ომის ყველა სცენარი, რუსეთი, როგორც ჩრდილოეთი კორეა და პუტინისტური ელიტის თამაშები - ვლადიმირ პასტუხოვის პროგნოზები

"მოსკოვსკი კომსომოლეცი" შეახსენებს ალექსანდრ დუგინს, რომ ის რელიგიური ფილოსოფოსი და მისტიკოსია და, რომ მის მიერ დახატული ბრძოლა სიკეთესა და აბსოლუტურ ბოროტებას შორის, შეიძლება სამყაროს დასასრულით დასრულდეს ისე, როგორც იოანეს გამოცხადებაშია: ჭირს მოსდევს ომი, რასაც მოჰყვება შიმშილი და სიკვდილი. ხომ არ გვიახლოვდებიან აპოკალიფსის მხედრები?

„ჩვენ ყველას დაგვავიწყდა, რომ ქრისტიანობა ბოლო ჟამის რელიგიაა. ქრისტე მოდის უკანასკნელ დღეებში და შეუძლებელია ქრისტიანმა, რომელიც მეორედ მოსვლას ელის, სხვაგვარად იფიქროს, - ამბობს ალექსანდრ დუგინი, - ანომალიაა გჯეროდეს პროგრესის, ტექნიკური განვითარებისა და სახეობების გაუთავებელი ევოლუციისა. ან ქრისტიანი ხარ, ან ეკუთვნი თანამედროვე მატერიალურ სამყაროს. ქრისტიანისთვის აპოკალიფსი არის ის, რაც ყოველთვის ახლოსაა. რუსულ იდენტობასთან დაბრუნება არის დაბრუნება ღრმა და ერთადერთ შესაძლო ქრისტიანობაში, რომელიც შეიცავს აპოკალიფსის წიგნს, როგორც ახალი აღთქმის ბოლო წიგნს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ იქ აღწერილი მოვლენები. ადრე თუ გვიან ისინი ზედმიწევნით ახდება. არ ვამბობ, რომ დღეს მოხდება ეს, მაგრამ ძალიან სწორი, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან რუსული იქნება, განვიხილოთ მიმდინარე მოვლენები აპოკალიფსურ განზომილებაში და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გარდაუვალი შედეგები არ დადგეს. და თუ შეუძლებელია იმის თავიდან აცილება, რაც ნაწინასწარმეტყველებია, სამყაროს აღსასრულისას მნიშვნელოვანია იყოთ სწორ მხარეს, ჩვენს მხარეს“.

ასევე ნახეთ რას უპირებს უკრაინა რუსეთის ეკლესიას?

სპეციალური ესქატოლოგიური სამხედრო ოპერაცია

ალექსანდრ დუგინს ასევე ჰკითხეს რუსეთის პატრიარქ კირილეს 9 მარტის ქადაგებაზე, სადაც ითქვა, რომ საფრთხის არსებობის შემთხვევაში ერთ სახელმწიფოს აქვს უფლება, ისე მოექცეს მეორეს, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, პატიება სამართლიანობის გარეშე, კაპიტულაცია და სისუსტეაო.

„ამ ახალ აპოკალიფსურ ციკლში ყველა პროპორცია შეიცვალა, ის, რაც მშვიდობიან პერიოდში შეიძლებოდა მიგვეჩნია "წესად", ახლა უკუგდებულია საჭიროების არარსებობის გამო. ამასთან, არანაირი "ერთიანი ქრისტიანობა" არ არსებობს. თავად კათოლიკეები მართლმადიდებელ ეკლესიას ერესად მიიჩნევენ და ჩვენც ასეთივე აზრის ვართ მათზე. ჩვენთვის ქრისტიანობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაა და სხვა არავინ. ჩვენ ვაწარმოებთ ესქატოლოგიურ სამხედრო ოპერაციას, სპეცოპერაციას ვერტიკალურ სიბრტყეში სინათლესა და სიბნელეს შორის ბოლო ჟამის პირობებში“, - ამბობს ალექსანდრ დუგინი, რომლის თქმითაც, სინათლის მხარეს ბრძოლაში, ის მზად არის იყოს როგორც რიგითი რეზერვისტი, ასევე ტყვია-წამლის უბრალო დამტარებელი და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი ფაქტობრივად მისი ციტატებით ლაპარაკობს.

„როგორ ფიქრობთ, პუტინი თქვენს წიგნებს კითხულობს?“ - რუსული გამოცემის ამ კითხვას დუგინი პირდაპირ არ უპასუხებს:

„ჩვენ რუსეთის ისტორიის ცაზე ოქროს ასოებით დაწერილ ერთსა და იმავე ფოლიანტებს ვკითხულობთ“.

კიდევ უფრო ბუნდოვანია დუგინის პასუხი კითხვაზე, თუ ურთიერთობს პუტინთან არამეტაფიზიკური, არამედ პირდაპირი ფიზიკური მნიშვნელობით?

„ეს ის კითხვაა, რომელსაც ყოველთვის უპასუხოდ ვტოვებ“, - ამბობს იგი.​

ასევე ნახეთ დარტყმული დიქტატორი თუ უგუნური პენსიონერი?