„ცენზორ.ნეტ“-ი: სამხრეთ ოსეთში ფორმირებული ტაქტიკური ჯგუფის დიდმა ნაწილმა უარი თქვა უკრაინაში ომზე

ფოტო არქივიდან: რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროები ცხინვალის რეგიონში.

საინტერნეტო გამოცემა „ცენზორ.ნეტის“ თანახმად, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ფორმირებულმა რუსეთის საბატალიონო-ტაქტიკურმა ჯგუფმა, რამდენიმე დღის წინ, თითქმის სრული შემადგენლობით თქვა უარი უკრაინაში ომზე, რის გამოც ისინი უკან დააბრუნეს. თავის მხრივ, საინტერნეტო გამოცემა ეყრდნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის ანგარიშს, რომლის თანახმად, საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი, რომელიც მოტომსროლელთა ასეულისა და ნაღმმტყორცნელთა ქვედანაყოფისგან შედგება, ქალაქ ცხინვალში განლაგებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა და ჩაბმული იყო საბრძოლო მოქმედებებში დონეცკის მიმართულებით.

საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის პირადი შემადგენლობა, რომელმაც უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობაზე, „ორგანიზებულად გადაიყვანეს სამხედრო პოლიგონ „კუზმინსკზე“ (როსტოვის ოლქი), სადაც მას ესაუბრა 58-ე არმიის სარდლის მოადგილე სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის დარგში. მაგრამ მის მოწოდებას, რომ [ჯარისკაცებს] გაეგრძელებინათ დასახული ამოცანის შესრულება, წარმატება არ მოჰყოლია“, - აღნიშნულია „ცენზორ.ნეტის“ მიერ მოპოვებულ ოფიციალურ ცნობაში.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტელეგრამის არხის ცნობით, ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული გვარდიული სამხედრო ბაზის სამხედრო კონტრაქტორთა ნაწილი 30 მარტს დაბრუნდა უკრაინის საბრძოლო მოქმედებათა ზონიდან.

ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებთან შესახვედრად გაემგზავრნენ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები. ეს საკითხი მათთვის პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ხდება. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, ბიბილოვის რეიტინგი ძალიან დაბალი იყო და კრემლმა მისი რეიტინგის ასაწევად ჯარი უკან დააბრუნა, რადგან ბიბილოვის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება სულ უფრო ხშირად ისმოდა და ამას საჯაროდ გამოთქვამდნენ.

თუ რა გახდა მათი უკან დაბრუნების მიზეზი უცნობია.

დონბასში მებრძოლი ქართველი მოხალისის, ირაკლი ქურასბედიანის, ცნობით, ცხინვალში ფორმირებული ოკუპანტების დანაყოფი 10 დღის წინ ხარკოვთან უკრაინის დამცველთა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და დიდი დანაკლისი განიცადა.

ასევე ნახეთ

„ეს არის 2000 პოტენციური გვამი“, - როგორ ეხმაურებიან უკრაინაში სოხუმიდან და ცხინვალიდან დამატებითი ძალის გადასროლას

თუმცა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ თავის ტელეგრამის არხში გარკვეულ პრობლემებზე მიანიშნა:

„არავის აქვს უფლება, გაკიცხოს ეს ბიჭები ან დაადანაშაულოს სიმხდალეში. საჭიროა გავერკვეთ იმ თავდაპირველ მიზეზში, თუ რა მოხდა და როგორ იყო ორგანიზებული მათი მონაწილეობა. ამას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით“, - დაწერა კოკოითიმ.

  • 16 მარტს „ეხო კავკაზა“ ცხინვალიდან იტყობინებოდა, რომ უკრაინაში საომრად გაემგზავრნენ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები, რუსეთის მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზის კონტრაქტიანი სამხედროები.
  • 26 მარტს ცნობილი გახდა უკრაინაში დამატებითი კონტინგენტის გადასროლის შესახებ. ტელეგრამის არხების ინფორმაციით, უკრაინაში „სამხრეთ ოსეთიდან კიდევ დაახლოებით 150 მებრძოლი გაგზავნეს“.
  • სამხედროებს შეხვდა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და განაცხადა, რომ „მათ მშვენივრად ესმით, რომ მიდიან, რათა დაიცვან რუსეთი და დაიცვან ოსეთი“.

თუმცა, ბიბილოვის ამ პათოსს ცხინვალელთა ნაწილი არ იზიარებს. ისინი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ოსური არმიის დაშლის და ჯარისკაცების რუსულ არმიაში გაშვების გამო აკრიტიკებენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ფეისბუკის ჯგუფ „ბონვარონში“, სადაც ერთი კომენტატორი, ალან ჯიოევი იმასაც წერს, რომ მცირე ერების წარმომადგენლებს ომში, წინა ხაზზე არ უნდა იწვევდნენ, სამხრეთი ოსეთი კი ახლა დემოგრაფიულ პრობლემებს განიცდის.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში გადაისროლეს სამი ბატალიონი, რომელთა შემადგენლობაში 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეა. აფხაზეთიდან უკრაინაში ჩაიყვანეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში მყოფი მე-7 ბაზის ორი ბატალიონი - დაახლოებით 800 სამხედრო.