ბიბილოვი რუსეთთან შეერთებაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა

ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გადაიდგმება სამართლებრივი ნაბიჯები, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად. მისი თქმით, რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია. ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს. გარდა ამისა, ოსური მედიით ვრცელდება ანატოლი ბიბილოვის მიმართვა, რომელშიც დე ფაქტო პრეზიდენტი ე.წ. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია. ჩვენი გზაა“, - განაცხადა ბიბილოვმა (ციტატა „ერთიანი რუსეთის“ ვებგვერდიდან), რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთი ამ გზაზე იმოძრავებს.

„უახლოეს მომავალში ჩვენ გადავდგამთ შესაბამის იურიდიულ ნაბიჯებს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი“, - აღნიშნა მან. ბიბილოვმა გაიხსენა, რომ 2014 წელს, როცა ყირიმი „რუსეთის ნაწილი" გახდა, "სამხრეთ ოსეთს" რუსეთთან გაერთიანების შესაძლებლობა ჰქონდა.

„მაშინ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. მას სურვილი აქვს, რომ მეორე ვადით დაიკავოს ეს თანამდებობა. ამჟამინდელი კამპანია 5 წლის წინანდელი კამპანიისგან არაფრით განსხვავდება. მაშინაც ბიბილოვის მთავარი მესიჯი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ერთ რესპუბლიკად გაერთიანება იყო, თუმცა მისი ეს დანაპირები 5 წლის განმავლობაში ვერ შესრულდა და ახლაც იმავე მესიჯებით გამოდის.

ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცირეა იმ სამოქალაქო აქტივისტების რაოდენობა, რომლებიც რუსეთთან გაერთიანებას მხარს არ უჭერენ. მათი იდეაა ყველასგან დამოუკიდებელი ოსეთის რესპუბლიკის შექმნა.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, კრემლმა 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. აღიარების შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში განათავსა მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზა, სადაც რუსეთიდან ჩაყვანილი ჯარისკაცების გარდა, ადგილობრივი ჯარის პირადი შემადგენლობაც შეიყვანეს. ახლა ამ ბაზის შემადგენლობის ნაწილი, მათ შორის ცხინვალელი ახალგაზრდები, რუსეთის მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გადაწვეს და გაანადგურეს ლიახვის ხეობის ქართული სოფლები, საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე დევნილად იქცა. მას შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ კრემლს მიერთების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიისგან რუსეთი ჯერჯერობით თავს იკავებს.