რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მტკიცე, თანმიმდევრულ ურთიერთობებს გააგრძელებენ

რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლობის განვითარების სურვილი კიდევ უფრო მტკიცე გახდა.

რუსეთი დაინტერესებულია ჩინეთთან მდგრადი და თანმიმდევრული ურთიერთობების გაგრძელებით - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან იუსთან შეხვედრისას. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ. მინისტრების დღევანდელი შეხვედრის ადგილი ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ანხოია.

როგორც ლავროვმა თქვა, „საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ძალიან სერიოზული ეტაპია“, რომლის შედეგად საერთაშორისო ვითარება არსებითად ცხადი გახდება და რუსეთი ჩინეთთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ივლის "მრავალპოლარული, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ".

რუსულ სააგენტოებს მოჰყავთ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც, რომლის თანახმად, ამ წლის დასაწყისიდან ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა გაუძლეს საერთაშორისო ვითარების შეცვლით გამოწვეულ ახალ გამოცდას, სწორი მიმართულება შეინარჩუნეს, განვითარების მყარი ტენდენცია აჩვენეს და სხვადასხვა სფეროში მათი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების სურვილი კიდევ უფრო მტკიცე გახდა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ჩინეთი რუსეთის პარტნიორად რჩება.

ასევე ნახეთ როგორ შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა ურთიერთობა ჩინეთსა და რუსეთს შორის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სერგეი ლავროვი ჩინეთში იმყოფება „ავღანეთის მეზობელი ქვეყნების მინისტრთა კონფერენციაში“ მონაწილეობის მიზნით.