"ჩაცმულებს გვძინავს ღამე" - ჭიათურის სოფელ ითხვისში სახლები ინგრევა

დანგრეული სახლები ითხვისში

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საცხოვრებელი სახლები ინგრევა. ადგილობრივების გადმოცემით, პროცესებმა, რომლებიც დაახლოებით 2 კვირის წინ გამწვავდა, 20-მდე სახლი დაბზარა, რამდენიმე კი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ საცხოვრებლად უვარგისი გახადა. 

"რამდენიმე სახლი სულ დაინგრა… რამდენიმე კი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ყოველ წუთს ინგრევა… ჩაცმულებს გვძინავს ღამე და ასე ველოდებით, მომდევნო სახლი როდის დაიწყებს ნგრევას", - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფელ ითხვისის მცხოვრები მაყვალა გოგატიშვილი და დასძენს, რომ დიდი ბზარები გაუჩნდა მის სახლსაც, სადაც 7 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის - ბავშვები.

დანგრეული სახლი სოფელ ითხვისში

"მეზობლების დახმარებით რასაც ვასწრებთ, ვცდილობთ, ნივთები გამოვიტანოთ. ქუჩაში დარჩენილ ბავშვებს ტანსაცმელი მაინც რომ ეცვათ. ჩვენი სახლიც დაზიანებულია, თუმცა, როგორც სხვების, ისეთი უცხოვრებელი, ჯერჯერობით, არ არის, მაგრამ ყოველდღე შიშით გვიწევს იქაც გაჩერება, უკვე ძალიან დიდი რისკია ჩვენს სახლშიც", - გვეუბნება მაყვალა.

სახლების გარდა სოფელში დაზიანებულია გზა, პირუტყვის სადგომები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მიწაში ღრმა ნაპრალები გაჩნდა, სახლის სარდაფებში წყალი ჩადგა, ორ - გოგატიშვილებისა და მახათაძეების უბანში გადაწოლილია ღობეებიც.

სოფელი ითხვისი

ადგილობრივები სოფელში განვითარებულ პროცესებს "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობას უკავშირებენ, რომელიც ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას ფლობს. "ჯორჯიან მანგანეზში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სოფელ ითხვისში კომპანია მადანს არ მოიპოვებს და, შესაბამისად, არც მიმდინერე პროცესებთან აქვს კავშირი.

"არეალში, სადაც დაზიანებებია, 18-მდე მოსახლე მაინც არის, ბევრს ჯერ კიდევ დაზიანებულ სახლებში უწევს ცხოვრება, იმის გამო, რომ ვერსად ვერ გადადიან. ბევრსაც ისეთი მოხუცი ჰყავს, სიარული არ შეუძლია და ფიზიკურად ვერსად წავლენ. ყოველდღე ვუყურებთ, ახალი ბზარები როგორ უჩნდება მიწას, ნაკვეთებს, სამანქანო გზას. [სამანქანო გზა] თითქმის ჩაწყვეტილია უკვე. მეზობელი სახლის დაცლას აპირებდა და მანქანა ფიზიკურად ვერ შემოვიდა უბანში, რომ ნათესავებთან გადაეტანათ ნივთები", - ჰყვება მაყვალა.

ითხვისი

2014 წლის აღწერით, სოფელ ითხვისში 1800-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ადგილობრივები შიშობენ, რომ მიუხედავად თხოვნისა, მერიამ შესაძლოა ზარალი არ აუნაზღაუროს. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ითხვისელებს გუშინ კი შეხვდნენ, მაგრამ დახმარების შესახებ არანაირი კონკრეტული პირობა არ მიუციათ.

სოფელში შექმნილი ვითარების თაობაზე რადიო თავისუფლება ჭიათურის მერიას დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ხვალ დაგვიკავშირდებიან.

განახლება:

ჭიათურის მერიაში მეორე დღეს გვითხრეს, რომ დაზარალებულ მოსახლეობას ქირით უზრუნველყოფენ. როგორც მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, სულ 11 ოჯახი დაზარალდა, საცხოვრებლით უზრუნველყოფას კი 7 ოჯახი საჭიროებს.