საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უმასპინძლა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, არარატ მირზოიანს, რომელიც თბილისს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. მინისტრებმა რეგიონში შექმნილი ვითარება და თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი განიხილეს.
„მათ დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის კონტაქტების დინამიკა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. ამ მხრივ მინისტრები მიესალმნენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კომისიების გამართვის რეგულარულ ხასიათს. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანმა სომეხ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზეც.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.
წელს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება.