უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიღონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საჯარო მხარდაჭერის საშუალებად სიმბოლო Z-ის გამოყენებისთვის.
კულება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ Z ნიშნავს რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულს, დაბომბილ ქალაქებს და ათასობით მოკლულ უკრაინელს და ამ ბარბაროსობის საჯარო მხარდაჭერა უნდა შეწყდეს.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რომელსაც კრემლი უწოდებს უკრაინის "დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის" მიზნით დაწყებულ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", რუსულმა პროპაგანდამ Z აქცია ომის მთავარ სიმბოლოდ.
ასევე ნახეთ რუსული ზეტ-პროპაგანდა - პატრიოტული კვერცხები, 40 ათასი ჯარიმა და სხვაუკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.
მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.