სტამბოლში მიმდინარეობს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაიწყო უკრაინის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა. მოლაპარაკების ადგილია თურქეთის პრეზიდენტის სტამბოლის რეზიდენცია „დოლმაბაჰჩე“.

მოლაპარაკების წინ, დელეგაციებს მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია. ერდოანის თქმით, მსოფლიო თანამეგობრობა სტამბოლის შეხვედრის მონაწილეებისგან ელოდება დადებით გადაწყვეტილებებს.

თურქული სააგენტოს, „ანადოლუ“-ს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოანმა თქვა, რომ ანკარა ყველა საერთაშორისო არენაზე სამართლიან პოზიციას იკავებს და ცდილობს ორივე მხარის ინტერესები, უფლებები და პოზიციები გაითვალისწინოს. თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების პროცესი უკვე არის იმ დონეზე, როცა შესაძლებელია კონკრეტული შედეგების მიღწევა.

დელეგაციებისადმი მიმართვის შემდეგ, ერდოანმა მოლაპარაკების ადგილი დატოვა. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების სტამბოლის რაუნდი ორ დღეს გაგრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ დელეგაციების მუშაობის პარალელურად, ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან დელეგაციების ხელმძღვანელები დავით არახამია და ვლადიმირ მედინსკი.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ კი, მოლაპარაკება ვიდეოფორმატით გრძელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.

ასევე ნახეთ "არ გულისხმობს ნატოზე უარის თქმას" - რა პირობებით ელაპარაკება უკრაინა რუსეთს

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

სტამბოლის მოლაპარაკების წინ, გამოცემა Financial Times-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი აღარ მოითხოვს უკრაინის "დენაციფიკაციას" და ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის შემთხვევაში, მზად არის დათანხმდეს ევროკავშირში უკრაინის შესვლას.