"რათა სამყაროს დავვიწყებოდით" - რატომ და როგორ ასახლებდნენ პოლონელებს ციმბირში

პოლონელები და ციმბირი... აღორძინებული პოლონეთის სახელმწიფოს პირველი მეთაური და პოლონეთის არმიის დამაარსებელი, იოზეფ პილსუდსკი ამბობდა, რომ სწორედ ციმბირმა აქცია იგი პოლონელ პატრიოტად.

მე-19 საუკუნეში 100 000-ზე მეტი პოლონელი გადაასახლეს ციმბირში, XX საუკუნეში კიდევ უფრო მეტი, თუმცა ციმბირიდან დაბრუნებული მრავალი პოლონელი გახდა პოლიტიკოსი და ბევრმა მათგანმა, პილსუდსკის მსგავსად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავისი ქვეყნის ისტორიაში.

პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკში, ბელარუსის საზღვრის მახლობლად, მდებარეობს ციმბირის ხსოვნის მუზეუმი. აგურის შენობასთან, რომელიც გარშემორტყმულია ლითონის სვეტებით, რელსებია მიყვანილი. მე-20 საუკუნეში აქ რკინიგზის ჩიხი იყო, ხოლო უახლოესი სადგურიდან ათასობით ადამიანს აგზავნიდნენ ციმბირსა და ყაზახეთში, საიდანაც ბევრი ვერ ბრუნდებოდა.

ციმბირის ხსოვნის მუზეუმი

პოლონურში არის სიტყვები Syberia და Sybir. პირველი ნიშნავს გეოგრაფიულ ციმბირს, მეორე კი - ტერიტორიას, სადაც პოლონელებს ასახლებდნენ. სიტყვა Sybir პოლონეთში სიცივესთან, შიშთან, რეპრესიებთან ასოცირდება - სწორედ ეს სიტყვაა გამოყენებული მუზეუმის სახელწოდებაში და სწორედ ამ მნიშვნელობით იქნება „ციმბირი“ ნახსენები ტექსტში.

ციმბირის ხსოვნის მუზეუმი.

ციმბირის ხსოვნის მუზეუმი 2021 წელს გაიხსნა; მანამდე დეპორტაციის შესახებ ისტორიებს ინახავდნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ადამიანები, მათი ოჯახების წევრები და მეცნიერები, რომლებიც შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ თავიანთი თავგადასავლების მოყოლას. ისტორიკოსი მარცინ ზვოლსკი აზუსტებს: „თითქმის ყველა პოლონურ ოჯახში არიან ადამიანები, რომლებიც XIX–XX საუკუნეებში მოხვდნენ ციმბირში“. - ახლა კი მუზეუმი მათ საერთო ხმად იქცა.

"წაგვიყვანეს, რათა სამყაროს დავვიწყებოდით"

1939 წელს პოლონეთი ერთდროულად ორმაგი ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა: სსრკ-მა დაიპყრო ქვეყნის აღმოსავლეთი ტერიტორიები, გერმანიამ - დასავლეთი. "ორივე ოკუპანტის მხრიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი რეპრესიები პოლონეთის მეორე რესპუბლიკის მოქალაქეების წინააღმდეგ. თითქმის ყველა პოლონურ ოჯახს ჰყავს ვინმე, ვინც დაზარალდა გერმანული, საბჭოთა ან ორივე ოკუპაციის შედეგად", - ასე იწყება წიგნი "აღმოსავლეთის გოლგოთის მსხვერპლნი", რომლის შექმნაშიც მონაწილეობდა ცელინა რიდლი, რომელიც 1940 წელს 7 წლის იყო, როცა ის, მისი ბებია, დედა და შვიდი წლის და ყაზახეთში გადაასახლეს. ცელინას მამა კატინში დახვრიტეს საბჭოთა არმიის მიერ დატყვევებულ ათასობით სხვა პოლონელ ოფიცერთან ერთად.

კატინის მემორიალი ციმბირის ხსოვნის მუზეუმში. აქ სვეტებზე მიცვალებულთა სახელებია დაწერილი.

ციმბირის ხსოვნის მუზეუმი.

ციმბირის ხსოვნის მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილი ეძღვნება ნივთებს, რომლებიც ხალხმა თან გაიყოლა გადასახლებაში.

– ეს უბრალო ნივთები კი არა, ოჯახური რელიკვიებია, - აზუსტებს ისტორიკოსი ტომაშ დანილეცკი. - მათ საგულდაგულოდ ინახავდნენ და მაშინაც კი, როცა საჭმელი არაფერი ჰქონდათ, არავის უფიქრია საჭმელში გადაცვლაზე.

ციმბირის ხსოვნის მუზეუმის ექსპონატები

მუზეუმის ექსპონატებს შორის არის შროდეცკების ოჯახის ხატი, რომელმაც სამჯერ მოიარა ციმბირი. პირველად 1863 წლის იანვრის აჯანყების შემდეგ, მეორედ პირველი მსოფლიო ომის დროს და შემდეგ სტალინური დეპორტაციის დროს 1940-იან წლებში.

მაგრამ ამ კოლექციის ყველაზე შთამბეჭდავი ექსპონატია ნაჭრის დათვი, რომელიც ციმბირში შვიდი წლის რენი იაცკოვსკაიასთან, დასავლეთის ფრონტზე მებრძოლი სამხედრო მფრინავის ქალიშვილთან ერთად მოხვდა. 1941 წელს რენიმ და მისმა დედამ ციმბირი დატოვეს სტალინის მიერ მოკავშირეების თხოვნით გამოცხადებული ამნისტიის შემდეგ. დედა-შვილი ჯერ იერუსალიმში, რამდენიმე წლის შემდეგ კი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონამ საყვარელი სათამაშო დაუტოვა მეზობლების პატარა ქალიშვილს, რომელიც პალესტინაში იყო დაბადებული. წლების შემდეგ, ისიც ასევე გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, საიდანაც დათვი პოლონეთში დაბრუნდა, მოგვიანებით კი ციმბირის ხსოვნის მუზეუმში დაიდო ბინა.

სათამაშო დათუნა. ციმბირის ხსოვნის მუზეუმი

სტენდებზე უამრავი ფოტოა, რომლებიც „ციმბირელებს“ გადასახლებაში მიჰქონდათ.

ორი ბარათი ინახავს პეტშაკების ოჯახის ხსოვნას. იან პეტშაკი იყო ბელოსტოკელი პოლიციელი, რომელიც 1939 წელს ჩაეწერა პოლონეთის კრაიოვის იატაკქვეშა არმიის რიგებში და დაიღუპა 1944 წელს ვარშავის აჯანყების დროს, მისი ცოლი მარია და ვაჟები ევგენიუშა და იანუში კი ყაზახეთში გადაასახლეს.

პეტშაკების ოჯახი. მარცხენა ფოტოზე: ევგენიუში, მისი უმცროსი ძმა იანუში და მათი დედა მარია. მარჯვენა ფოტოზე: იან, მარია და მათი ვაჟი იანუშ პეტშაკები

1941 წელს სსრკ-ს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა პოლონეთის „ანდერსის არმია“. ევგენიუშმა (გენეკმა) გადაწყვიტა მფრინავი გამხდარიყო და გაემგზავრა სასწავლებლად ბრიტანულ სკოლაში. გემი, რომლითაც ევგენიუში მგზავრობდა, იტალიელების მიერ გაშვებულმა ტორპედომ ჩაძირა, თუმცა ევგენიუშ-გენეკი გადარჩა. მან შეძლო დანიშნულების ადგილამდე მიღწევა და სამსახურში შესვლა (ომის დასრულებამდე მსახურობდა სამხედრო საჰაერო ძალებში რადიოოპერატორად). მარია და იანუში პოლონეთში 1946 წელს დაბრუნდნენ, ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა ევგენიუშიც. ომის შემდეგ იქორწინა დანუსია სლონევსკაიაზე, რომლის ოჯახიც ასევე ყაზახეთში იყო გადასახლებული: ახალგაზრდებმა ერთმანეთი ჯერ კიდევ პოლონეთში გაიცნეს. მრავალი წლის შემდეგ, დანუსიამ ციმბირის მუზეუმის თანამშრომლებს უამბო თავისი ოჯახის ამბავი და მის მოგონებებზე დაყრდნობით შეიქმნა გულისამაჩუყებელი ორტომიანი კომიქსი.

ღამით დაკავების სცენა

XX საუკუნის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი პოლონელი იქნა დეპორტირებული ციმბირში. ესენი იყვნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, პოლონელი ოფიცრების ოჯახები, მამულების მფლობელები და ქვეყნის სამთავრობო ორგანოების თანამშრომლები.

„ხალხი უბრალოდ ჭკუიდან გადადიოდა“

გადასახლებულები ციმბირში სატვირთო ვაგონებით იგზავნებოდნენ. მატარებელს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ოთხი-შვიდი კვირა სჭირდებოდა. თითოეულ ვაგონში ასამდე „მგზავრი“ იყო. მგზავრობდნენ საშინელ სივიწროეში. ტუალეტად იატაკში გაკეთებულ ხვრელს იყენებდნენ. ბევრი ვერ უძლებდა მგზავრობას და გზაშივე კვდებოდა. ყოველთვის ვერ ხერხდებოდა მიცვალებულთა (უმეტეს შემთხვევაში მოხუცებისა და ბავშვების) მიწისთვის მიბარება. გვამებს პირდაპირ მიმავალი მატარებლიდან ყრიდნენ.

ციმბირის ხსოვნის მუზეუმი

– ჩვენს ვაგონში 50 ადამიანი შემოყარეს, - იხსენებს ცელინა რიდლი. - არასოდეს დამავიწყდება ერთი ქალი, რომელიც ჩვენთან ერთად მგზავრობდა. მას ჰყავდა პატარა ბავშვი, რომელიც გზაში ავად გახდა. ერთხელ, როცა ბავშვმა ქოთანზე მოისაქმა, დედამ ქოთნის მთელი შიგთავსი ჯარისკაცს გადაასხა ტანზე. ქალი უბრალოდ გაგიჟდა გაჭირვებისა და შიშის გამო. რა თქმა უნდა, მაშინვე დააკავეს, ბავშვი კი წაართვეს. ბევრი ვერ უძლებდა მგზავრობის პირობებს და ჭკუიდან გადადიოდა.

ექვსკვირიანი მოგზაურობის შემდეგ ცელინას ოჯახი და კიდევ რამდენიმე ოჯახი ჩამოსხეს პირდაპირ ტრიალ მინდორში, ყაზახეთის სტეპში და, რაც მთავარია, ღია ცის ქვეშ. ხალხს თავი გაჰქონდა ერთმანეთის გვერდში დგომითა და წაღებული ნივთების საკვებში გაცვლით. გადასახლებულთა ყოველი დასახლების მახლობლად ჩნდებოდა სპონტანური ბაზრობა, სადაც გამყიდველები ნებისმიერ ნივთს ელეოდნენ პურსა და რძეში გადასაცვლელად.

გარკვეული დროის შემდეგ, გადასახლებულებს, ბავშვებისა და მოხუცებისთვის, აძლევდნენ კარვებს, ზრდასრულებს კი კვლავინდებურად ღია ცის ქვეშ უწევდათ ძილი. სიცივეები რომ დაიწყო, მიწური ააშენეს, მაგრამ ერთხელ ზამთარში, ქარბუქის დროს, მიწური ნამქერმა დაფარა და რამდენიმე ადამიანი დაახრჩო. ამის შემდეგ პოლონელებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს, თან სტალინის სახელზე საჩივრის გაგზავნით დაიმუქრნენ. მუქარამ გაჭრა. ხალხი მიტოვებულ ფარეხში შეასახლეს.

სპეცდევნილების ბარაკის ინტერიერი. ციმბირის მეხსიერების მუზეუმი

– ამ ბარაკში უფრო მეტად ციოდა, ვიდრე მიწურში. შიდა კედლები მთლიანად ყინულით იყო დაფარული, რის გამოც ბებია მალევე გაცივდა და გარდაიცვალა. თავისი პატარა მოსასხამი მე და ჩემს დას დაგვითმო, თვითონ კი გაიყინა, - იხსენებს ცელინა.

გოგონები ტიფით დაავადდნენ. ადგილობრივმა ექიმმა, ქალმა, რომელიც რაიონულ საავადმყოფოში მუშაობდა, ბავშვები წაიყვანა და რვა თვე თავისთან, საავადმყოფოში დაიტოვა, შიმშილით სიკვდილისგან კი გადაარჩინა კოლმეურნეობის ბუღალტერმა, რომელსაც ცელინას დედა ანგარიშების შედგენაში ეხმარებოდა. სწორედ ამ ქალმა აჩუქა მათარა და ასწავლა, როგორ დაემაგრებინა ეს არცთუ ისე პატარა ნივთი ფეხებს შორის ისე, რომ კოლმეურნეობისთვის მოპარული რძე შეუმჩნევლად მიეტანა ბავშვებისთვის: "მხოლოდ ამან გადაგვარჩინა. სხვები უბრალოდ შიმშილით იხოცებოდნენ".

მალე ცელინას დედა ტუბერკულოზით დაავადდა.

– იქ ყველა ავადმყოფობდა, ჯანმრთელი არავინ იყო. ჯანმრთელობა ციმბირში დატოვეს, - ამბობს ზოფია კლოჩკო. 1940 წლის თებერვალში, პოლონური სოფელი, სადაც ზოფია ცხოვრობდა, ღამით ვაგონებში ჩასხეს და ციმბირში გაასახლეს. გოგონა მამასთან, დედასთან, უფროს ძმებსა და დებთან ერთად კრასნოიარსკის მხარის სპეცგადასახლებულთა ერთ-ერთ დასახლებაში აღმოჩნდა.

ციმბირის ხსოვნის მუზეუმი

- მშობლები სამუშაოდ გაგზავნეს ხე-ტყის დასამზადებლად. დედას კაცებთან ერთად უწევდა მუშაობა. ყველაფერი ნამდვილი საშინელება იყო: საჭმელი თითქმის არ გვქონდა, ცუდი პურის გარდა. ასევე არ იყო არც ტანსაცმელი. ორი წელი ბარაკიდან ვერ გამოვდიოდით. წარმოიდგინეთ: ხუთი პატარა ბავშვი და ავადმყოფი მამა. ყაზარმის კედლებზე სულ ბაღლინჯოები და ტილები დაფუთფუთებდნენ“, - ამბობს ზოფია.

1941 წლის ამნისტიის შემდეგ ოჯახმა ბანაკი დატოვა და გაემგზავრა აბაკანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, სადაც კოლმეურნეობაში დაიწყეს მუშაობა. ზოფიას ორი ძმა წავიდა ომში, საიდანაც ერთი ვერ დაბრუნდა, თვითონ გოგონა კი ცხოვრობდა ჩვეულებრივი ციმბირელი ბავშვის ცხოვრებით:

- ყველა ბავშვი ერთად თამაშობდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ რუსი იყო და ვინ - პოლონელი. რუს ბავშვებთან ერთად ხორბლის მოსაპარად ბაღებსა და ფარდულებში დავდიოდი. ციმბირში ცხოვრების ბოლო წელს სკოლაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ არ წავედი, რადგან ჩასაცმელი არ მქონდა. ჩემს ძმასთან მასწავლებელი მივიდა და ჩემთვის ჩექმების ყიდვა სთხოვა, მაგრამ ვის ჰქონდა ჩექმების დარდი. ხალხი მუშაობდა, რათა არ გაყინულიყო და შიმშილით არ მომკვდარიყო. სამუშაოს საფასურს არ გვიხდიდნენ: ვიღებდით ბარათებს, რომლითაც კანტორაში მივდიოდით და წვნიანსა და პურს ვიღებდით, - იხსენებს ზოფია.

მარცხნიდან მარჯვნივ: ცელინა რიდლი, ირენა ვიტორტი და ზოფია კლოჩკო

ირინა ვიტორტის ოჯახს მეტად გაუმართლა: ციმბირში შიმშილი მათ არ ენახათ. ლიტვაში მცხოვრები პოლონელების ოჯახი 1949 წლის მარტში გაასახლეს და სამი კვირის შემდეგ ჩაიყვანეს ირკუტსკის ოლქში, სადაც ირინას მშობლებმა დაიწყეს მუშაობა მანქანა-ტრაქტორების სადგურში.

- მშობლები ნამდვილ ხელფასს, ფულს იღებდნენ. შავ ბაზარზე ყოველთვის შეიძლებოდა გეყიდა რაიმე მოპარული, მაგალითად, ხორბალი. საჭმელი იყო, მაგრამ დღემდე ვერ დამივიწყებია საშინელი, მინუს 60 გრადუსზე დაბალი ყინვა, - იხსენებს ირინა.

ციმბირში შვიდი წლის ირინა სკოლაში, პირველ კლასში შეიყვანეს. მისი უფროსი ძმაც ამ სკოლაში სწავლობდა 1955 წლამდე ანუ პოლონეთში დაბრუნებამდე. ბავშვებმა რუსული არ იცოდნენ, ამიტომ მიდიოდნენ სკოლაში და მთელი გაკვეთილი ჩუმად ისხდნენ უკანა მერხებზე.

სკოლის დღიური პოლონურად

ცელინა რიდლმა საერთოდ ვერ შეძლო საბჭოთა სკოლაში სიარული: სოფლიდან ძალიან შორს ცხოვრობდა, მაგრამ მას ოჯახი მაინც ჰყავდა. ბევრი პოლონელი ბავშვი მშობლების გარეშე იყო ციმბირში გადასახლებული. ისტორიკოსი მარცინ ზვოლსკი ამბობს:

– როცა ჩვენი მუზეუმის შექმნა დავიწყეთ, ხელში ჩამივარდა ერთი გოგოს მოგონებები, რომელშიც წერდა, თუ როგორ დააკავეს დედამისი იმის გამო, რომ არ გათქვა ქმრის ადგილსამყოფელი, რომელიც იატაკქვეშეთში იმალებოდა. მათ ჰყავდათ ხუთი შვილი, რომლებიც ბაბუასთან ცხოვრობდნენ. როდესაც შინსახკომი მივიდა მათთან, ჩეკისტებმა თქვეს, რომ ბაბუა არაფერში სჭირდებოდათ და, რომ მხოლოდ ბავშვებს წაიყვანდნენ, მაგრამ მოხუცმა უარი თქვა შინ დარჩენაზე: ჩაალაგა პატარა ჩანთა და ბავშვებს გაჰყვა ციმბირში. ერთ წელიწადში გარდაიცვალა, ბავშვები კი ბავშვთა სახლში მოხვდნენ, - ამბობს მარცინი.

ბოგუსლავსკების ოჯახი. ციმბირის მეხსიერების მუზეუმი

ამ ამბავს, ბევრი სხვა ამბისგან განსხვავებით, ბედნიერი დასასრული აქვს. 1946 წელს ბოგუსლავსკების ხუთივე ბავშვი პოლონეთში დაბრუნდა. 1948 წელს, გათავისუფლების შემდეგ, დაბრუნდა მათი დედა, მოგვიანებით კი - მამაც.

ციმბირის ხსოვნის მუზეუმი

ზოგჯერ ბავშვები შემთხვევით ხვდებოდნენ ბავშვთა სახლებში. რიშარდ პოკროპოვიჩი იყო სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც 1940 წელს დედასთან, ძმებსა და დებთან ერთად გადაასახლეს ციმბირში. ბიჭი რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ჩამორჩა მატარებელს, მაგრამ სრულიად შემთხვევით გადაეყარა ბავშვთა სახლის ჯგუფს, რომლის ხელმძღვანელმა პატარა პოლონელი ერთ-ერთი დაკარული ბავშვის სახელითა და გვარით ჩაწერა თავის ჯგუფში, რათა შეძლებოდა საკვების ულუფის მიღება. ამგვარად იქცა რიშარდ პოკროპოვიჩი პაველ პატიშევად. რიშარდის დედამ, დამ და უფროსმა ძმამ კი სსრკ დატოვეს ანდერსის ჯართან ერთად.

მოგვიანებით ოჯახი ეძებდა ბავშვს მისი პოლონური გვარით, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში „პაველმა“ მოიარა ჯარი, მოიყვანა ცოლი და შვილებიც წამოზარდა. მრავალი წლის შემდეგ მან თავისი ამბავი ერთ-ერთი საბჭოთა გაზეთის ჟურნალისტს უამბო, პუბლიკაციის შემდეგ კი თავის ნამდვილ ოჯახთანაც აღადგინა ურთიერთობა. 1967 წელს „პაველმა“ სახელის დაბრუნება, პოლონეთში გამგზავრება და იქ დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა არ მისცეს ამის საშუალება. სსრკ-ში დაბრუნების შემდეგ პოკროპოვიჩს „ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის“ ათი წელი მიუსაჯეს. რიშარდ პოკროპოვიჩმა მხოლოდ 1989 წელს მოახერხა პოლონეთში დაბრუნება.

"ციმბირმა ის პოლონელ პატრიოტად აქცია"

– რუსეთს ყოველთვის სურდა დასავლეთისკენ გაფართოება, პოლონეთი კი გზად ეღობებოდა, - ამბობს ისტორიკოსი ტომაშ დანილეცკი. - ეს იყო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეროვნული ექსპანსია. ისტორიის ყველაზე დრამატული ნაწილი მე-18-მე-20 საუკუნეების პოლონეთის აღმოსავლეთ ტერიტორიებს ეხება. რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ამ ტერიტორიების ანექსია იმით ახსნა, რომ, თითქოს, ეს იყო რუსული მიწები, რომლებიც ოდესღაც პოლონელებმა დაიპყრეს.

ტომაშ დანილეცკი. ციმბირის მეხსიერების მუზეუმი

ამასთან, პოლონეთიდან ძირითადად ასახლებდნენ იმათ, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ვინც აჯანყების მონაწილე იყო. საუბარია, კარგად განათლებულ ახალგაზრდებზე, ათიათასობით ადამიანზე. ციმბირში ისინი ასწავლიდნენ და მკურნალობდნენ რუსებს, შეჰქონდათ სოფლის მეურნეობის გაძღოლის ახალი მეთოდები, ეწეოდნენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

ასე რომ, 1863-1864 წლების იანვრის აჯანყების შემდეგ, ბენედიქტ დიბოვსკის, რომელიც ექიმი იყო და სწავლობდა ბერლინში, ვარშავასა და ვროცლავში, მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მაგრამ შემდეგ სასიკვდილო განაჩენი შეცვალეს აღმოსავლეთ ციმბირში გადასახლებით. ციმბირში დიბოვსკი, სხვა დეპორტირებულ პოლონელთან, ვიქტორ გოდლევსკისთან ერთად, იკვლევდა და სწავლობდა ბაიკალის ტბას. მეცნიერებმა გაზომეს ტბის სიღრმე, წყლის ტემპერატურა სხვადასხვა სიღრმეზე, შეისწავლეს ტბის ცოცხალი სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნება და ბიოლოგიური მახასიათებლები. პოლონელი მიხაილ იანკოვსკის სახელი ეწოდა ნახევარკუნძულს პრიმორსკის მხარის სამხრეთში. პოლონელი გეოლოგის ალექსანდრ ჩეკანოვსკის სახელს ატარებს ერთ-ერთი ქედი იაკუტიაში.

თოვლით დაფარული ნავი ბაიკალზე

ბრონისლავ პილსუდსკი, იმპერატორ ალექსანდრე III-ის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებისთვის, კიდევ უფრო შორს, სახალინის კუნძულზე გადაასახლეს, სადაც მან იაპონიის კუნძულების მკვიდრი მოსახლეობის, აინუს ენა და კულტურა შეისწავლა. მეცნიერმა ჩაწერა მათი ხმები ედისონის აპარატზე და მოგვიანებით შეადგინა აინების ენის 10-ათასსიტყვიანი ლექსიკონი.

ბრონისლავის ძმა, იოზეფ პილსუდსკი იმავე შეთქმულებაში მონაწილეობისათვის ხუთი წლით გადაასახლეს აღმოსავლეთ ციმბირში. გზაში მან მონაწილეობა მიიღო აჯანყებაში, რომლის დროსაც ჯარისკაცმა თოფის კონდახით ჩაუმტვრია კბილები. ამ ინციდენტის შემდეგ პილსუდსკი მთელი ცხოვრება ატარებდა დიდ ულვაშებს. სწორედ ეს ულვაში იქცა აღორძინებული პოლონეთის სახელმწიფოს მომავალი პირველი მეთაურისა და ქვეყნის არმიის დამაარსებლის იმიჯის ნაწილად.

ბრონისლავ პილსუდსკი ტოკიოში. 1905 წ

ისტორიკოსი ტომაშ დანილეცკი ამბობს, რომ 1920-იან წლებში ციმბირიდან დაბრუნებული მრავალი პოლონელი გახდა პოლიტიკოსი და ბევრმა მათგანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის ისტორიაში: „იოზეფ პილსუდსკი ამბობდა, რომ სწორედ ციმბირმა აქცია იგი პოლონელ პატრიოტად“. საერთო ჯამში, მე-19 საუკუნეში 100 000-ზე მეტი პოლონელი გადაასახლეს ციმბირში, მათ შორის 1863 წელს - დაახლოებით 5000-კაციანი ჯგუფი. ყველა მათგანი ცხოვრობდა პირველი რეჩ პოსპოლიტის ტერიტორიაზე (40-მდე სოფელი ლიტვის ყოფილ დიდ საჰერცოგოსა და უკრაინის მიწებზე). ეს ხალხი პოლონელი შლიახტიჩები (აზნაურები) იყვნენ, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებდნენ თავიანთი სტატუსის დადასტურებას. აჯანყებულთა დახმარებისთვის ყველა მათგანი, გაუსამართლებლად, გადაასახლეს ციმბირში, მათი სოფლები კი გადაწვეს.

„იანვრის აჯანყება“ 1863 წ. პოლონეთი

– დედაჩემი ერთ-ერთი ასეთი ოჯახიდანაა, ბიალისტოკის მახლობლად მდებარე სოფელ იავოროვკიდან, თუმცა მისი წინაპრები ამ დროს სოფელში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, ისინი პოლონეთში დარჩნენ. გადასახლებულებმა კი წერა-კითხვა არ იცოდნენ, ამიტომ მათი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, ხელში ჩამივარდა ერთ-ერთი ოჯახის შვილიშვილის, ინჟინრის მოგონებები, სადაც ის წერს თავის ბაბუაზე, რომელიც მუშაობდა არყის მეფის ალფონს კოზელ-პოკლევსკის ერთ-ერთ ქარხანაში, - ამბობს ტომაშ დანილეკი.

ციმბირში გადასახლებულმა ზოგიერთმა პოლონელმა ბევრს მიაღწია. როგორც ისტორიკოსი პაველ კალიში ამბობს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ირკუტსკში კაფეების, სასტუმროებისა და აფთიაქების უმეტესობას პოლონელები მართავდნენ. ალფონს კოზელ-პოკლევსკი იყო ამიერურალის "არყის მეფე" და თავის ქარხანაში ასაქმებდა სხვა გადასახლებულ პოლონელებს. მისი ფულით ბევრი თანამემამულე იღებდა განათლებას ან ბრუნდებოდა სამშობლოში.

მიხაილ იანკოვსკი მართავდა ოქროს მაღაროს ვლადივოსტოკში. ბრონისლავ ბოროძიჩმა ტომსკში, მეუღლესთან ერთად, ააშენა კანფეტისა და შოკოლადის პირველი ქარხანა.

ტომსკის ოლქი დაკავშირებულია არა მხოლოდ პოლონელების დეპორტაციასთან. რეგიონში არის პატარა სოფელი ბელოსტოკი, რომელიც დააარსეს პოლონელმა მიგრანტებმა. ისტორიკოს მარცინ ზვოლსკის განმარტებით, როგორც ჩანს, ახალ ტერიტორიებზე ხალხს მოაგონდა პოლონური ბელოსტოკი და მისი განვითარებული საფეიქრო მრეწველობა: „ამ ხალხისთვის ეს სახელი ჟღერდა როგორც წარმატება“.

ღვთისმშობლის ქანდაკება. ბელოსტოკი. ტომსკის ოლქი. 2018 წელი

1937 წელს ციმბირის ბელოსტოკში პოლონური გვარის მქონე ყველა მამაკაცი დააპატიმრეს. არცერთი მათგანი შინ აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ წელს დაიწყო "პოლონური ოპერაცია" - შინსახკომის მასობრივი რეპრესიების აქცია. გადიოდა წლები, სოფელი განაგრძობდა ცხოვრებას, მაგრამ ადგილობრივებს უკვე ეშინოდათ პოლონურად ლაპარაკის. თუმცა, სოფელში ბევრმა დღემდე იცის თავიანთი პოლონური ფესვების შესახებ.

2017 წლის აპრილში ბელოსტოკში დაიწვა 1908 წელს აშენებული ეკლესია. პოლონელმა ასპირანტმა აგნეშკა კანევსკამ, რომელიც ტომსკში სწავლობდა, გადაწყვიტა ფულის შეგროვება და ეკლესიის აღდგენა, რისთვისაც 110 ათასი ევრო იყო საჭირო. პოლონეთში მან წამოიწყო ფულის შეგროვების კამპანია. შედეგად, პოლონეთის, რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით შეგროვდა 150 000 ევრო. ეკლესია 2020 წელს აღადგინეს. ასე რომ, პოლონელებმა კიდევ ერთხელ დატოვეს თავიანთი კვალი ციმბირის ისტორიაში.

- საბჭოთა ხელისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პოლონელი ხალხი, ყოველთვის იყო „ყელში გაჩხერილი ძვალი“. პოლონელები იოლად გადადიოდნენ იატაკქვეშეთში, ამიტომ ბევრად უფრო მარტივი იყო მათი გაგზავნა კატორღაში სამშობლოდან რაც შეიძლება შორს, - ამბობს "ციმბირელი" ირინა ვიტორტი. - „ეს იყო დაშინების პოლიტიკა, რომელიც მონებს აწარმოებდა, მაგრამ პოლონელებმა გაუძლეს გამოცდას, განსხვავებით რუსებისგან, რომლებიც დღემდე ისე არიან შეშინებულები, რომ ვერ ბედავენ გააპროტესტონ ის, რასაც ახლა პუტინი სჩადის.