ირპენი გათავისუფლებულია ოკუპანტებისგან - აცხადებს ქალაქის მერი

ქალაქ ირპენის შესასვლელი.

კიევის ოლქის ქალაქი ირპენი, რომელშიც ბოლო დღეების განმავლობაში მძიმე ბრძოლები წარმოებდა, გათავისუფლებულია რუსი ოკუპანტებისგან, - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის არხში გაავრცელა ქალაქის მერმა, ალექსანდრ მარკუშინამ. „ჩვენი ქალაქი გათავისუფლებულია მოსკოველი უწმინდურებისგან. დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაცემულ გმირებს“, - წერს ირპენის მერი.

მისივე სიტყვებით, ქალაქში მიმდინარეობს წმენდის ოპერაცია და ასევე მოელიან რუსული ჯარის იერიშს. ირპენის მცხოვრებლებს ჯერჯერობით მოვუწოდებთ არ დაბრუნდნენ ქალაქში, ეს საშიშია, - წერს მერი.
ირპენი, ერთ-ერთი სტრატეგიული უკრაინული ქალაქი, 5 კილომეტრშია კიევიდან. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ამ ქალაქისთვის უკრაინულ და რუსულ არმიებს შორის განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ორი კვირის წინ რუსმა სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო სწორედ ირპენში მოკლეს.

ქართველი მოხალისეების ინფორმაციით, 17 მარტს ირპენთან ბრძოლაში დაეცნენ უკრაინის დამცველი ქართველი მებრძოლები, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. ისინი ქალაქის გათავისუფლების სამხედრო ოპერაციიდან გამოსვლისას, ნაღმტყორცნების ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ.

33-ე დღეა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო.

სამხედრო აგრესიას ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის აღიარება" უძღოდა წინ.

პუტინმა უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად ქვეყნის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

რუსული ჯარი უკრაინაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს.