დამოუკიდებელი რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა" მუშაობას აჩერებს. რედაქცია აცხადებს, რომ "როსკომნადზორისგან" [რუსეთის სახელმწიფო მედია-მონიტორინგის სააგენტო] კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღეს, რომლის შემდეგ გაზეთის ონლაინ და ბეჭდვითი ვერსიის გამოცემის შეჩერება გადაწყვიტეს.
"კიდევ ერთი გაფრთხილება მივიღეთ "როსკომნადზორისგან", რომლის შემდეგ ჩვენ ვწყვეტთ როგორც გაზეთის ონლაინ, ისე ბეჭდვითი ვერსიის გამოშვებას, "უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის" დასრულებამდე.
პატივისცემით, "ნოვაია გაზეტას" რედაქტორები", - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.
"სამხედრო ფეიკების" შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რედაქცია განაგრძობდა მუშაობას, თუმცა მოუწია რამდენიმე სტატის წაშლა, შემდეგ კი რეპორტაჟებში უკრაინის შესახებ შეწყვიტა სიტყვა "ომის" გამოყენება. რუსეთის ხელისუფლება კრძალავს, სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში ეწოდოს "ომი" და ითხოვს, რომ მას "სპეცოპერაცია" დაუძახონ.
უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქების გამო რუსეთში მუშაობა შეაჩერეს ისეთმა დამოუკიდებელმა მედიებმა, როგორებიცაა: "Дождь", მედუზა, BBC-სა და რადიო თავისუფლების რუსული სამსახურები და სხვა.
"ნოვაია გაზეტა"-ს მთავარ რედაქტორ დმიტრი მურატოვს 2021 წელს ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ "ნოვაია გაზეტამ" დაწერა, რომ მურატოვი პრესტიჟულ მედალს უკრაინელების დასახმარებლად ყიდის.