უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები დღეს საღამოს მოლაპარაკებების ახალ რაუნდს დაიწყებენ, იტყობინება Reuters-ი თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება უკრაინის დელეგაციის წყაროებზე დაყრდნობით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება და გასტანს ორ დღეს, მაგრამ შესაძლოა მეტ ხანსაც გაგრძელდეს. ორშაბათს დელეგაციების წევრები ჩადიან სტამბოლში, სადაც მოლაპარაკებები გაიმართება.
გუშინ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის კანცელარიამ განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეულია შეთანხმება მოლაპარაკებების სტამბოლში გამართვის თაობაზე.
წუხელ მორიგ სატელევიზიო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: „წინაა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, ჩვენ ვისწრაფვით მშვიდობისკენ, დაუყოვნებლივ... ჩვენი მიზნები ცხადია - მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური ცხოვრების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა.“
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ორშაბათს აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისგან გარღვევას არ უნდა ველოდეთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ ამჟამად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა „კონტრპროდუქტიული“ იქნებოდა. მისი სიტყვებით, მოსკოვი უკვე შეთანხმების მიღწევის შემდეგ იქნება მზად ასეთი შეხვედრისთვის.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ე.წ. "დენაციფიკაციისა" და "დემილიტარიზაციის" საკითხები კვლავაც პრინციპულია რუსეთისთვის.
გუშინ რუსეთის ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ განიხილავს ამ საკითხებს, ვინაიდან არ არის ცხადი, რას ნიშნავს ეს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, განიხილოს რუსული ენის სტატუსი, ნეიტრალიტეტი და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. ასევე ის რუსეთს სთავაზობს, გაიყვანოს ჯარები 24 თებერვლამდელ მდგომარეობაში და ამის შემდეგ აწარმოოს მოლაპარაკებები დონბასის შესახებ.