ერდოანს და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ფოტო არქივიდან: რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები პუტინი და ერდოანი. სოჭი, 2018 წლის სექტემბერი.

სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებს, რეჯეპ ტაიპ ერდოანსა და ვლადიმირ პუტინს შორის. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება, რომ რუსეთის და უკრაინის დელეგაციების მომდევნო შეხვედრა სტამბოლში გაიმართება.

თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ერდოანის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებების უსწრაფესად შეწყვეტის, მშვიდობის დამყარების და რეგიონში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების აუცილებლობას და განაცხადა, რომ ამ პროცესს თურქეთისგან ისევ სრული მხარდაჭერა ექნება.

ოფიციალურ ინფორმაციაში, ერდოანსა და პუტინს შორის 27 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, არ არის მითითებული სტამბოლში რუსეთის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის კონკრეტული დრო. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, მოლაპარაკება 28-30 მარტს გაიმართება.

ასევე ნახეთ 28-30 მარტს თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა 28 თებერვლიდან მოლაპარაკების პროცესი დაიწყეს. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.