28-30 მარტს თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების ერთ-ერთი რაუნდი. ბელარუსი, 28 თებერვალი.

28-30 მარტს თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის ახალი მოლაპარაკებები გაიმართება პირისპირ ფორმატში. ამის შესახებ კიევის წარმომადგენელმა დავით არახამიამ განაცხადა.

მოსკოვის წარმომადგენელმა ვლადიმირ მედინსკიმ დაადასტურა დაგეგმილი შეხვედრა. მისი თქმით, მოლაპარაკებები 29-30 მარტისთვისაა დანიშნული. ადგილი მას არ დაუკონკრეტებია.

შეხვედრის შესახებ მხარეებმა დღეს მიიღეს გადაწყვეტილება.

კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების წინა რაუნდები პირისპირ ფორმატში ჩატარდა ბელარუსის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ შეხვედრები ვიდეოკავშირით იმართებოდა. ახალი რაუნდი მხარეებს შორის პირველი პირადი შეხვედრა იქნება მარტის შუა რიცხვების შემდეგ. მოსკოვი და კიევი შეხვედრების დეტალებს არ ასაჯაროებენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებაში. რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს იერიშს.

მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე მხარეები ვითარების დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, კონსულტაციების დროს საკვანძო საკითხები მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტას, რუსეთის ჯარების გაყვანას და „სადავო ტერიტორიების საკითხების პოლიტიკური გზით მოგვარებას“.

რუსეთის თქმით, უკრაინის ნეიტრალური სტატუსი და ნატოში მისი არშესვლა არის საკითხები, რომლებშიც მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებებზე მაქსიმალურად დააახლოვეს პოზიციები.