უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის პროგნოზით, რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ „უკრაინის ტოტალური პარტიზანული“ კამპანია დაიწყება. ასევე, მისი სიტყვებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინა ორად გაყოს ისე, როგორც გაიყო კორეის ნახევარკუნძული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მაგრამ, გენერალ კირილო ბუდანოვის თქმით, უკრაინა მოიგერიებს რუსეთის ჯარებს, რომლებიც მის ქვეყანაში 24 თებერვალს შეიჭრნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით.
ბუდანოვის ამ კომენტარამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის ძალებმა განაცხადეს, რომ კონტრიერიშების შედეგად კვლავ დაიბრუნეს ტერიტორიები და რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში რუსეთის ჯარების წინსვლა შეჩერებულია.
ბუდანოვმა დასძინა, რომ „მალე დაიწყება უკრაინის ტოტალური პარტიზანული საფარის სეზონი... ამის შემდეგ რუსებისთვის დარჩება ერთადერთი აქტუალური სცენარი: როგორ გადარჩნენ.“
2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინის კუთვნილ ყირიმში და მისი ანექსია მოახდინა. რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ასევე დააწესეს კონტროლი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დიდ ტერიტორიებზე.
27 მარტს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა განაცხადა, რომ რეგიონში მალე შეიძლება გაიმართოს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების თაობაზე. ასეთივე რეფერენდუმი გაიმართა ყირიმში 2014 წლის მარტში, რის საფუძველზეც მოხდა მისი ანექსია რუსეთის მიერ.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართული ყველა ყალბი რეფერენდუმი ბათილია და არ ექნება იურიდიული ძალა.“