„ქართული ოცნება“ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს პასუხობს - საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება გაუმართლებელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება" და თქვეს, რომ საქართველო არ გადაუხვევს სამშვიდობო პოლიტიკას მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის ხელისუფლებაში მოქმედ მხარდამჭერებთან ერთად ცდილობს ქვეყნის „ომში ჩათრევას.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ არსებობენ „სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად“. ირაკლი ბერაიას თქმით „სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი და შოკისმომგვრელი.“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კი განაცხადა, რომ ახლა საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდებას არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს. მისი თქმით, ამის უკან „ნაციონალურ მოძრაობა“ დგას, რომელსაც „სამწუხაროდ, ჰქონდა მოტივაცია, რომ საქართველოში გაჩაღდეს ომი. ამისთვის მუშაობდნენ, ამისთვის იღვწოდნენ და სამწუხაროდ, ამას მხარდამჭერები ჰყავდა სწორედ უკრაინის ხელისუფლებაში, როგორც ჩანს.“ მიხეილ სარჯველაძემ დასძინა, რომ „რეალურად, არავითარი შედეგების, არავითარი დახმარების, არავითარი შეღავათის მომტანი ეს უკრაინისთვის არ იქნება“.