ოკუპირებულ ცხინვალში ვითარება იძაბება, ოპოზიცია საგანგებო სესიის ჩატარებას მოითხოვს

ცხინვალი

ამ წუთებში ოპოზიციის მხარდამჭერები სტიქიურად იკრიბებიან ოკუპირებულ ცხინვალში, დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან. ოპოზიციონერი ე.წ დეპუტატები კი საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვენ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით სანაკოევი აცხადებს, რომ აუცილებელია სხდომის მოწვევა და დაგეგმილი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნილი კანდიდატების ხელმომწერთა სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაყალბდა.

ოპოზიციის მოთხვნამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა სათვალთვალო ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ასახულია დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, გვიან ღამით როგორ დადიან საბუთებით სხვადასხვა ოთახებში, როგორც კომისიის წევრები, მმართველი პარტიიდან, ისე გარეშე პირები. ყველაზე მეტ ეჭვს კი ის იწვევს, რომ ჩაბნელებულ შენობაში სინათლეს არ რთავენ და ტელეფონების განათებით გადაადგილდებიან ეს ყველაფერი კი მალულად კეთდება და კომისიის შენობაში ღამით უცხო პირების შესვლა კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლების დასწრების გარეშე ხდება.

სანაკოევი აცხადებს, რომ ამ დროს ხდებოდა იმ კანდიდატების საბუთების გაყალბება, როლებიც შემდეგ არჩევნებიდან მოხსნეს. ოპოზიციონერმა ე.წ დეპუტატებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს და დე ფაქტო სპიკერს საგანგებო სესიის მოწვევა მოსთხოვეს. დე ფაქტო პარლამენტის შენობა ახლა გარშემორტყმულია სპეცრაზმის და ე.წ. „კა-გე-ბე"-ს მიერ.

დეპუტატებს ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი შეუერთდა. ოსურ მედიასთან კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ტადტაევმა, რომელმაც განაცხადა, რომ არ აპირებს საგანგებო სხდომის ჩატარებას და დეპუტატების მოთხოვნა უკანონოა. შენობის წინ შეკრებილი ოპოზიციის მომხრეები კი მოითხოვენ ადგილზე მივიდნენ მმართველი პარტიის („ედინაია ოსეტიას") წევრები და მხარი დაუჭირონ სესიის ჩატარებას.

21 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ე.წ. პრეზიდენტობის 6 კანდიდატის საჩივარი, ცენტრალური კომისიის წინააღმდეგ, რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე. ე.წ. კანდიდატებმა საარჩევნო კომისია მათ მიმართ უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ე.წ. კანდიდატები, კომისიას დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლად მიიჩნევენ. დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ კანდიდატების მიერ წარდგენილ საბუთებში ხარვეზები აღმოჩნდა, კერძოდ, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დოკუმენტებსა და მხარდამჭერთა სიებში. მოხსნილ კანდიდატებს შორის არის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევი, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებას მიმართა და მომავალი ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.

გასეევის განცხადებით, ბიბილოვის ხელისუფლებამ არჩევნების ფალსიფიკაცია მისთვის არასასურველი კანდიდატების მოხსნით დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 10 აპრილს არის დაგეგმილი. ოპოზიციამ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის გარშემო გაერთიანება დაიწყო. ისინი დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვენ. მათი სლოგანია „არჩევნები ბიბილოვის გარეშე“.