მისი ცხედრის ადგილსამყოფელი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის.
54 წლის ბახვა ჩიქობავა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ალყაში მოქცეულ მარიუპოლში დაიღუპა, დონეცკის ოლქში. მისმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ცხედარი ქალაქშივე, რუსი სამხედროებისთვის "შეუმჩნეველ ადგილას არის დამალული".
ბახვა ჩიქობავა პროფესიონალი მეომარი იყო, დიდი გამოცდილებით ქალაქის ბრძოლებში. სწორედ ამის გამო, როგორც წესი, ის ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში მუშაობდა. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი ოპერაციისას - სახიფათო ადგილას ჩარჩენილი ჯარისკაცებისა და დაჭრილების გამოყვანისას ცეცხლის ქვეშ მოხვდა.
"ცხედრის გამოყვანა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან, როგორც იცით, ჩაკეტილია მარიუპოლი, მაგრამ ისე არის შენახული, რომ ვერ უნდა იპოვონ. ეს არის მნიშვნელოვანი. მეტი არაფერი ვიცით. ისიც არ ვიცით, რა დაზიანებებით არის დაღუპული", - ამბობს გივი თარგამაძე.
ჩიქობავა აზოვის ბატალიონში იბრძოდა. 24 თებერვალს, რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრამდე, ის სამხედრო ინსტრუქტორი იყო. ძირითადად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პერიოდში შექმნილი აზოვის ბატალიონის ახალბედა წევრებს წვრთნიდა.
"ომის დაწყებამდეც ველაპარაკებოდი, ინტენსიურ წვრთნაზე იყვნენ გადასულები, ბევრი მოხალისეა და ამიტომ სადღეღამისო რეჟიმში ვწვრთნითო. შემდეგ უკვე დისლოცირდა მარიუპოლში. უმაღლესი გამოცდილების მებრძოლი იყო. აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული წევრი, სულ წინა ხაზზე იყო. მაგრად ვიბრძვით და ვერ შემოვლენო, იძახდა, ვერ აიღებენ ქალაქსო. 2014 წლიდან ვაკეთებდით გამაგრებებს და ამიტომ ვერაფრით ვერ შემოვლენო. ჯერჯერობით, ეგრეც არის", - ჰყვება გივი თარგამაძე, რომელიც ამატებს: "ძალიან მზრუნველი [ადამიანი] იყო. ყველაზე ღელავდა".
მარიუპოლი რუსული თავდასხმების მუდმივი ობიექტია. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აზოვის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ეს ქალაქი სტრატეგიული ადგილია. რუსული ჯარის მიერ მარიუპოლის ალყის შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა უკრაინელ სამხედროებს ქალაქის დატოვება შესთავაზეს, რასაც უკრაინული მხარის უარი მოჰყვა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტრატეგიულ ნავსადგურებსა და სხვა ქალაქებს, მათ შორის, ხარკოვსა და კიევს არასდროს დათმობს.
"ვიცით, რომ დაბომბვის დროს დაიღუპა. ჩემი კიდევ ორი მეგობარია, რომლებიც ახლაც იქ არიან. ყველაზე ვნერვიულობდი, ჩვენგან წასულ მოხალისეებზეც ძალიან ვღელავდი, მაგრამ ბახვაზე არა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ყველაზე ცხელ წერტილში იყო, ისეთი გამოცდილება ჰქონდა", - გვეუბნება ნინო ორდენიძე, ბახვას მეგობარი.
ნინოს ბახვამ ბოლო ტექსტური შეტყობინება 17 მარტს გაუგზავნა - ცოცხალი ვარო.
"კარგად ვართ, ყველაფერი კარგად არის, დავადუღებთო ამათო, გვწერდა. დიდი შემართებით იყო. თუმცა, თავიდან უფრო… ბოლოს, ეტყობა, ძალიან საშინელი მდგომარეობა რომ იყო, მხოლოდ [ასე] გვწერდა: კარგად ვარ, ცოცხალი ვარ, კარგად ვარ, ცოცხალი ვარ".
უკრაინა აცხადებს,რომ მარიუპოლის 80-90% დანგრეულია, დაღუპულია 2 300-ზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებამდე ქალაქში 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
ქალაქის განადგურებასა და მის სრულ ბლოკადას ომის დანაშაულად აფასებენ. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს არის მოსახლეობის ტერორი. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა მარიუპოლზე განხორციელებული თავდასხმებისას, რუსეთს "ომის მასობრივ დანაშაულში" დასდო ბრალი.
ბახვა ჩიქობავა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს და 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსი იყო. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩიქობავა ქვეყნიდან წავიდა.
"ძალიან ავტორიტეტულიც იყო თავისი გამოცდილებისა და ადამიანური თვისებების გამოც. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ისეთ ადამიანებს დაესია 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "ქართული ოცნება", პირდაპირ გაანადგურეს ეს სპეცრაზმელები. ცოტა ხნით დააკავეს კიდეც, მაგრამ გამოშვება მოუწიათ. მაშინ გადაწყვიტა ბახვამ წასვლა. 2014 წელს წავიდა უკრაინაში", - ჰყვება გივი თარგამაძე, რომელიც წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო.
ბახვა ჩიქობავას სენაკში ცოლი და ორი შვილი დარჩა. ჩიქობავას თანაქალაქელი და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატი სენაკიდან, ბესიკ ნარმანია ამბობს, რომ ოჯახი ცხედრის საქართველოში ჩამოსვენებას ელოდება.